დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 598 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/11/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 16/12/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.598 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
257-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 257. ექსპერტი
1. ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, ექსპერტს მოიწვევს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სპეციალური ცოდნა. თუ ექსპერტი მოიწვევა შესაბამისი დაწესებულებიდან, მაშინ დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს ექსპერტად, რასაც აცნობებს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
2. ექსპერტი ვალდებულია გამოცხადდეს გამოძახებით და მისცეს ობიექტური დასკვნა განსახილველ საკითხებზე.
3. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს საქმის მასალებს, რომლებიც შეეხება ექსპერტიზის საგანს;
ბ) განაცხადოს შუამდგომლობები მისთვის დასკვნის მისაცემად საჭირო დამატებითი მასალების გადაცემის შესახებ;
გ) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნებართვით, რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, პასუხისგებაში მიცემულ პირს, დაზარალებულს, მოწმეებს მისცეს შეკითხვები, რომლებიც შეეხება ექსპერტიზის საგანს;
დ) დაესწროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას.“.
2. 259-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 259. თანხა, რომელიც აუნაზღაურდება დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტსა და თარჯიმანს
1. დაზარალებულს, თარჯიმანს ან/და მოწმეს იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, გამოცხადებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას (ექსპერტს) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (თარჯიმნის) ხარჯებს უნაზღაურებს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გაწეული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) საექსპერტო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.
3. დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და თარჯიმნის სახით გამოცხადებულ პირს დადგენილი წესით ენახება ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ ვადით, რაც მან დაჰყო ორგანოში (თანამდებობის პირთან) გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.“.
3. 266-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 266. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.
2. დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ამ კოდექსის მე-200 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ჩამოთვლილი ორგანოები (თანამდებობის პირები) ერთდროულად წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების წესი და ვადა.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებით უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი, აგრეთვე სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისა (ექსპერტისა) და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებული მომსახურების ხარჯების კომპენსაციის საკითხი.
5. კოლეგიური ორგანო დადგენილებას მიიღებს სხდომის მონაწილე კოლეგიური ორგანოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო კოლეგიური ორგანოს დადგენილებას – კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე და მდივანი.
7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახდელის ზომის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ან დადგენილება ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 25 ნოემბერი.
№598_IIს
დოკუმენტის კომენტარები