„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 269
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.001.524
  • Word
269
30/06/2004
სსმ, 20, 16/07/2004
110.050.000.04.001.001.524
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“.

2. მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

3. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;“.

4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“.

5. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო სასამართლოს კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. საოლქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.“.

6. 22-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;“.

7. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. თითოეულ კოლეგიასა და პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიისა და პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

8. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარეების პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 33-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო განზოგადების მასალებს წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;“.

10. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

მოსამართლე. მისი დანიშვნის წესი“.

11. 47-ე მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენა ხდება კონკურსის წესით.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს 7 დღისა ან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 30 დღისა აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით, ხოლო გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში – აწარმოებს მოსამართლეობის კანდიდატის რეგისტრაციას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსამართლეობის კანდიდატთა სია უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან არა უადრეს შვიდი და არა უგვიანეს ოცდაათი დღისა ატარებს კონკურსს.“;

ბ) მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

6. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, ან იგი არ დაინიშნა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან ან პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის უარყოფიდან სამი დღის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამ შემთხვევაში განისაზღვრება ათი დღით.

7. თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა მისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ახალი კონკურსის შემდეგ იგივე კანდიდატურა არ შეიძლება წარდგენილ იქნეს ექვსი თვის განმავლობაში შესაბამისი ან უფრო მაღალი რგოლის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

8. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ.“;

გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. მოსამართლის დანიშვნის წესი

რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს ბრძანებულებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

13. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. მოსამართლის ფიცი

თანამდებობის დაკავებამდე მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დებს ფიცს, რომლის ტექსტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

14. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

15. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) 65 წლის ასაკის მიღწევა (საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით საერთო სასამართლოს მოსამართლეს გაუგრძელოს უფლებამოსილება ამ კანონით განსაზღვრული სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე);“.

16. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

17. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IX

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.

18. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 60. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1. სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, წარდგენის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება ცხრა წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ორ წევრს, რომელთაგან მხოლოდ ერთია საქართველოს პარლამენტის წევრი, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გამწესებისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) არა უადრეს ოცდაათი და არა უგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ამ კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებით საქმიანობას. გამონაკლისს წარმოადგენს სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა. მისი ხელფასი არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასზე ნაკლები.

8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტის ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

10. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“.

 19. 61-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 62. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლება თავისი უფლებამოსილების  განხორციელებისაგან

1. ამ კანონის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება;

ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ი) ამ კანონის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

კ) გარდაცვალება.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტი.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, საქართველოს პარლამენტის წევრის და თანამდებობის მიხედვით შემავალი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ან თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება (გადაყენება).“.

21. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 63. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებანი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებს;

ბ) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

გ) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

დ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარდგინებით ადგენს საერთო სასამართლოების, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი, აპარატის სტრუქტურას და საშტატო რაოდენობას და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ე) შეიმუშავებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ვ) განიხილავს სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ზ) კანონით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;

ი) შედის საქართველოს პრეზიდენტთან წარდგინებით მოსამართლეების კანონით დადგენილი წესით წახალისების შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ლ) კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე და შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც მისივე წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.“.

22. 64-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. 65-ე მუხლის:

ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 65. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ     საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრით.“.

24. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 66. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

1. საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ პირთაგან ოთხი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს და აპარატის სხვა მოსამსახურეებს. მოსამართლეთა კონფერენციასთან ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;

გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

25. 67-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლეთა კანდიდატების საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და მის შემადგენლობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

26. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

27. 69-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნული მოსამართლე და პირი, რომელსაც ამ კანონის 852 მუხლის შესაბამისად დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება, თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ სამოსამართლო სწავლების ცენტრში სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობას ვადით არა უმეტეს 3 თვისა განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასკვნას კანდიდატის მიერ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შედეგების შესახებ იძლევა სამოსამართლო სწავლების ცენტრი.“.

28. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 70. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასთან ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით.

3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.

4. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

29. 73-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოებში მოსამართლეთა თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

30. 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიით და რეგლამენტით. ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს ამ საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

31. 78-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში, დაამტკიცოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრები და თავმჯდომარე;

ბ) მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში თანხმობა მისცეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე;

) მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე. აქტებს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, თუ ის არ არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“.

32. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 79. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებანი

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობასა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს;

ბ) კონფერენციის სხდომაზე ამტკიცებს სადისციპლინო საბჭოს წევრებსა და თავმჯდომარეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით;

) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;

) ისმენს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელის, საკოორდინაციო საბჭოს, სადისციპლინო საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეების ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

ე) თანხმობას აძლევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე;

ვ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის კოდექსს.“.

33. 801 მუხლი ამოღებულ იქნეს.

34. 81-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.

35. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 83. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი  დამტკიცების წესი

1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია – მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სასამართლოში საქმის განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

36. 852 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა 1999 წლის 15 მაისის შემდეგ, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს ახალი მოსამართლის უფლებამოსილების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე გაუგრძელებს უფლებამოსილებას შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელმაც ვერ გაიარა ამ კანონის 47-ე მუხლში მითითებული კონკურსი ან 861 მუხლით გათვალისწინებული ატესტაცია.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს სხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება იმავდროულად დაეკისროთ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. მოსამართლის მიმაგრების წესი და პირობები განისაზღვრება კანონით.“.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტა

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის საბჭოს დანიშნულ (არჩეულ) წევრებს შეუწყდეთ უფლებამოსილება.

მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს   შემადგენლობის დაკომპლექტება

საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დანიშნონ (აირჩიონ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.

მუხლი 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების ლიკვიდაცია

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში განხორციელდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების ლიკვიდაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1. ამ კანონის შესაბამისად საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნამდე უფლებამოსილება გაუგრძელდეთ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მოქმედ თავმჯდომარესა და მოადგილეებს.

2. ამ კანონის შესაბამისად საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების ამოქმედებამდე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1999 წლის 23 ივლისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს უზენაესი სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების“ საფუძველზე.

მუხლი 6. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სტრუქტურები

ამ კანონის შესაბამისად საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სტრუქტურული დანაყოფების შემადგენლობების დაკომპლექტებამდე უფლებამოსილება გაუგრძელდეთ შესაბამისი დანაყოფების მოქმედ შემადგენლობებსა და წევრებს.

მუხლი 7. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობის მიზნით უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.

მუხლი 8. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№269რს