საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 41/26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 23/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016326
41/26
23/04/2015
ვებგვერდი, 29/04/2015
480610000.03.030.016326
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო შემდგომში მოხსენიებული როგორც - „მხარეები“;

სურთ რა გააღრმავონ ერთმანეთის სამართლის სისტემების, ინსტიტუციებისა და კანონმდებლობის ცოდნა;

მხედველობაში იღებენ რა სამართლის სისტემების სირთულესა და განვითარების დინამიურობას და ასევე ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბების აუცილებლობას;

აღიარებენ რა სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გამყარების საშუალებას;

თავის სახელმწიფოებში მოქმედი შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;

მიაღწიეს შემდგომ ურთიერთგაგებას:


მუხლი 1.

მიზანი

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის ისეთ საკითხებზე თანამშრომლობისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, როგორიცაა სამართლებრივი სისტემების, ინსტიტუციებისა და კანონმდებლობის განვითარება, იმგვარად რომ ის აღმოჩნდეს ორმხრივად მომგებიანი ორივე სახელმწიფოსთვის, მათი კომპეტენციების ფარგლებში და შესაბამისობაში იყოს აღნიშნული სახელმწიფოების კანონებთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან.

 

მუხლი 2.

თანამშრომლობის პრინციპები

მხარეები, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, მხარეთა სახელმწიფოებისათვის სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ითანამშრომლებენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით დადგენილ ფარგლებში, ორივე მხარის ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით.

 

მუხლი 3.

თანამშრომლობის სფეროები

მხარეებს შორის, მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში, თანამშრომლობის მთავარი სფეროებია:

1. მხარეებს შორის ოფიციალური წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შემდგარი დელეგაციების გაცვლა სამართლებრივი კვლევების, სფეროების შესწავლის, სამართლის პროფესიონალების მომზადების, მოსაზრებების გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, იმ სფეროებში, რომელიც წარმოადგენს ორივე მხარის ინტერესს და რომელიც ეხება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ნახსენებ სამართლებრივ საკითხებს.

2. ინფორმაციის გაცვლა მხარეთა სახელმწიფოების სამართლის სისტემებისა და კანონმდებლობის შესახებ.

3. ინფორმაციის გაცვლა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გაუმჯობესების მექანიზმების თაობაზე.

4. საზოგადოებისთვის ღია ინფორმაციის გაცვლა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მასალებს სამართლის სისტემებზე, კანონებსა და რეგულაციებზე და ა.შ.

 

მუხლი 4.

თანამშრომლობის საშუალებები

1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში და ორმხრივად შეთანხმებული ვადების შესაბამისად, მხარეები ორმხრივ თანამშრომლობასთან და ორივე მხარის ინტერესის სფეროში არსებულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჩაატარებენ კონსულტაციებს, შეხვედრებს, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს. 

მხარეები წარმოადგენენ წერილობით მოთხოვნას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაცვლილი დოკუმენტაციის ან მასალების მიწოდების თაობაზე. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად გაგზავნილ მოთხოვნას თან უნდა ახლდეს დამოწმებული თარგმანი, ადრესატი მხარის სახელმწიფო ენაზე ან ინგლისურად. 

2. ყოველი მხარე პასუხისმგებელია საკუთარი ხარჯების დაფარვაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

მუხლი 5.

კოორდინატორი

1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების კოორდინატორი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან იქნება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი; ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან იქნება - ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი.

2. ყოველი მხარე დროულად აცნობებს მეორე მხარეს თავისი კოორდინატორის ცვლილების თაობაზე.

 

 

მუხლი 6

ცვლილებები

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შედის ისეთივე წესით, რა წესითაც აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.  

 

მუხლი 7

დავათა გადაწყვეტა

 

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

 

მუხლი 8

ძალაში შესვლა, ვადა და შეწყვეტა

 

1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა ხელმოწერის დღეს.

2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შეწყდება ერთი მხარის მიერ მეორე მხარისგან შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის შემდეგ. 

3. წინამდებარე ურთიერთგაგების  მემორანდუმის შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად მიმდინარე პროექტების ან აქტივობების დასრულებაზე.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 23 აპრილს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბელარუსულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის შეუსაბამობის შეთხვევაში უპირატესობა ენიჭება  ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს

სახელით

(ხელმოწერილია)

ბელარუსის რესპუბლიკის

იუსტიციის სამინისტროს

სახელით

(ხელმოწერილია)