დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189/4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016321 |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში „მხარეები“),
გამოთქვამენ რა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხელშეწყობის სურვილს, იმისათვის რომ ორივე ქვეყანას დაეხმარონ გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და გააუმჯობესონ ეკოლოგიური მდგომარეობა ორივე ქვეყანაში, მოქმედებენ რა ორივე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, ხაზგასმით აღნიშნავენ რა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობას ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის მდგრადი განვითარების მისაღწევად, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას გარემოს დაცვის სფეროში, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.
მუხლი 2 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში „მემორანდუმი“) მიზანია მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება გარემოს დაცვის სფეროში, შემდეგი მიმართულებებით: a) გარემოს დაბინძურებისა და მდგომარეობის მონიტორინგი; გარემოსდაცვითი ღონისძიებები და რეგულაციები; b) ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების მართვა, ეკოტურიზმის განვითარება; c) კლიმატის ცვლილება; d) გარემოზე ზემოქმედების შეფასება; e) განათლება და ცნობიერების დონის ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე; და f) ნებისმიერი სხვა სფერო მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებისამებრ.
მუხლი 3 მხარეთა შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ფორმებით: a) ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება; b) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა; c) ექსპერტთა ერთობლივი შეხვედრების, კონფერენციების და კონსულტაციების ორგანიზება; სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება; d) სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა; e) ექსპერტთა მონაწილეობა თითოეულ ქვეყანაში გარემოს დაცვის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; f) თანამშრომლობის სხვა ფორმები, მხარეთა შეთანხმებისამებრ.
მუხლი 4
1. წინამდებარე მემორანდუმის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, მხარეები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს თანამშრომლობის განხორციელების მიზნით დანიშნული კოორდინატორების შესახებ. 2. კოორდინატორები ერთმანეთთან დაამყარებენ და შეინარჩუნებენ რეგულარულ კონტაქტებს ერთობლივი შეხვედრების ორგანიზების და/ან სხვა ფორმით.
მუხლი 5 თუ მხარეები სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, თითოეული მხარე თავად დაფარავს წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის პროცესში გაწეულ ხარჯებს. მუხლი 6 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე მემორანდუმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა იმავე წესით, როგორი წესითაც ეს მემურანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 7 წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 8
1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმს ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამ შემთხვევაში მემორანდუმი მოქმედებას შეწყვეტს შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. 2. შესრულებულია ქ. გიონგჯუში, კორეის რესპუბლიკა, 2015 წლის 13 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები