საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ 1907 წლის კონვენცია

საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ 1907 წლის კონვენცია
დოკუმენტის ნომერი 011/2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/1907
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 22/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016319
011/2
18/10/1907
ვებგვერდი, 03/04/2015
480610000.03.030.016319
საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ 1907 წლის კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

1907 წლის კონვენცია

საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ


მისი უდიდებულესობა, გერმანიის იმპერატორი, პრუსიის მეფე; ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი; არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი უდიდებულესობა, ავსტრიის იმპერატორი, ბოჰემიის მეფე, და სხვ., და უნგრეთის მეფე-მოციქული; მისი უდიდებულესობა, ბელგიელთა მეფე; ბოლივიის რესპუბლიკის პრეზიდენტი; ბრაზილიის შეერთებული შტატების რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი სამეფო უმაღლესობა, ბულგარეთის პრინცი; ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი უდიდებულესობა, ჩინეთის იმპერატორი; კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტი; კუბის რესპუბლიკის დროებითი მმართველი; მისი უდიდებულესობა, დანიის მეფე; დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი; ეკვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი უდიდებულესობა, ესპანეთის მეფე; საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი უდიდებულესობა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ზღვის გაღმა მდებარე ბრიტანული დომინიონების მეფე, ინდოეთის იმპერატორი; მისი უდიდებულესობა, ელინიის მეფე; გვატემალას რესპუბლიკის პრეზიდენტი; ჰაიტის რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი უდიდებულესობა, იტალიის მეფე; მისი უდიდებულესობა, იაპონიის იმპერატორი; მისი სამეფო უმაღლესობა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი, ნასაუს ჰერცოგი; მექსიკის შეეთებული შტატების პრეზიდენტი; მისი სამეფო უმაღლესობა, მონტენეგროს პრინცი; ნიკარაგუას რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი უდიდებულესობა, ნორვეგიის მეფე; პანამას რესპუბლიკის პრეზიდენტი; პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი უდიდებულესობა, ნიდერლანდების დედოფალი; პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი საიმპერატორო უდიდებულესობა, სპარსეთის შაჰი; მისი უდიდებულესობა, რუმინეთის მეფე; მისი უდიდებულესობა, სრულიად რუსეთის იმპერატორი; სალვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტი; მისი უდიდებულესობა, სერბეთის მეფე; მისი უდიდებულესობა, სიამის მეფე; მისი უდიდებულესობა, შვედეთის მეფე; შვეიცარიის ფედერალური საბჭო; მისი უდიდებულესობა, ოტომანების იმპერატორი; ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტი; ვენესუელას შეერთებული შტატების პრეზიდენტი;

ამოძრავებთ რა გულწრფელი სურვილი, იმუშაონ საყოველთაო მშვიდობის შესანარჩუნებლად;

გადაწყვიტეს რა, რომ მათ ძალებში არსებული ყველა საშუალებით შეუწყონ ხელი საერთაშორისო დავების მეგობრულ გადაწყვეტას;

აღიარებენ რა სოლიდარობას, რომელიც აერთიანებს ცივილიზებული ერების საზოგადოების წევრებს;

გააჩნიათ რა სურვილი, განავრცონ კანონის უზენაესობა და განამტკიცონ საერთაშორისო სამართლიანობისადმი პატივისცემა;

დარწმუნებულნი არიან რა, რომ დამოუკიდებელ ძალებს შორის, ყველასთვის ხელმისაწვდომი საარბიტრაჟო ტრიბუნალის მუდმივმოქმედი ინსტიტუტი ამ შედეგის მიღწევაში ეფექტურ როლს შეასრულებს;

ითვალისწინებენ რა საარბიტრაჟო პროცესის ზოგადი და სისტემური ორგანიზების თანამდევ უპირატესობებს;

იზიარებენ რა საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის კეთილშობილი ინიციატორის მოსაზრებას, რომ მიზანშეწონილია, თანასწორობის პრინციპები და უფლებები, რომლებზეცაა დამყარებული სახელმწიფოების უსაფრთხოება და ხალხთა კეთილდღეობა, ასახულ იქნეს საერთაშორისო ხელშეკრულებაში;

სურთ რა, ამ მიზნით, უზრუნველყონ საგამოძიებო კომისიათა და საარბიტრაჟო ტრიბუნალთა პრაქტიკაში უკეთესი მუშაობა, და ხელი შეუწყონ არბიტრაჟისთვის მიმართვას იმ შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია საქმის გამარტივებული პროცედურით წარმართვა;

საჭიროდ ჩათვალეს, გარკვეულ ნაწილებში შეესწორებინათ და დაესრულებინათ საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის პირველი სამშვიდობო კონფერენციის მუშაობა;

მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა გადაწყვიტეს, ამ მიზნით, ახალი კონვენცია გააფორმონ და დანიშნეს შემდეგი სრულუფლებიანი წარმომადგენლები:

 

(აქ ჩამოთვლილია სრულუფლებიან წარმომადგენელთა სახელები)

 

რომლებიც, თავისი სრული უფლების მართებული და ჯეროვანი ფორმით დადასტურების შემდგომ შეთანხმდნენ შემდეგზე:

____________________________

* კონვენციის აქ მოყვანილი ტექსტი არის 1997 წლის სამშვიდობო კონფერენციაზე მიღებული ფრანგული ტექსტის თარგმანი. ფრანგულენოვანი ვერსია წარმოადგენს ავთენტურ ვერსიას.


ნაწილი I. საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნება

 

მუხლი 1

იმ მიზნით, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში თავიდან იქნეს აცილებული ძალისთვის მიმართვა რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, მაქსიმალურად შეეცადონ, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო უთანხმოებების მშვიდობიანი გადაწყვეტა.

 

ნაწილი II. კეთილი სამსახური და მედიაცია

 

მუხლი 2

სერიოზული უთანხმოებისა ან დავის შემთხვევაში, შეიარაღებისთვის მიმართვამდე, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, მიმართონ ერთი ან რამდენიმე მეგობრული მხარის კეთილ სამსახურს ან მედიაციას, რამდენადაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა.

 

მუხლი 3

ამ მიმართვისგან დამოუკიდებლად, ხელშემკვრელი მხარეები მიზანშეწონილად და სასურველად თვლიან, რომ ერთმა ან რამდენიმე მხარემ, რომელიც არ არის დავის მონაწილე, თავისი ინიციატივით შესთავაზოს დაპირისპირებულ მხარეებს თავისი კეთილი სამსახური ან მედიაცია, რამდენადაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა.

მხარეებს, რომლებიც არ არიან დავის მონაწილეები, აქვთ უფლება კეთილი სამსახურის ან მედიაციის შეთავაზება საომარი მოქმედებების მიმდინარეობისასაც გააკეთონ.

ამ უფლების გამოყენება არასდროს უნდა ჩაითვალოს დავის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ, როგორც არამეგობრული ქმედება.

 

მუხლი 4

მედიატორის როლი მდგომარეობს დაპირისპირებული მოთხოვნების შეთანხმებაში და იმ აღშფოთების დაშოშმინებაში, რაც შესაძლოა დაპირისპირებულ მხარეებს შორის იყოს წარმოშობილი.

 

მუხლი 5

მედიატორის ფუნქციები მთავრდება, როდესაც დავის მონაწილე რომელიმე მხარის ან თვით მედიატორის მიერ დადგინდება, რომ შეთანხმების მიღწევის მის მიერ შეთავაზებული საშუალებები არაა მისაღები.

 

მუხლი 6

კეთილ სამსახურს და მედიაციას, რომელიც იწყება დავის მონაწილე მხარეების ან დავის არამონაწილე მხარის ინიციატივით, აქვს ექსკლუზიურად რჩევითი ხასიათი და არასდროს აქვს მბოჭავი ძალა.

 

მუხლი 7

თუ არ არსებობს შეთანხმება საწინააღმდეგოზე, მედიაცაზე დათანხმება ხელს არ უშლის, არ გადაავადებს და არ აბრკოლებს მობილიზაციას ან ომისთვის მოსამზადებელ სხვა ღონისძიებებს.

თუ მედიაციას ადგილი აქვს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საწინააღმდეგო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მიმდინარე სამხედრო ოპერაციები არ წყდება.

 

მუხლი 8

ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რეკომენდაცია გაუწიონ სპეციალური მედიაციის შემდეგი სახით გამოყენებას, როდესაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა:

იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სერიოზული უთანხმოება, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, მშვიდობიანი ურთიერთობების გაწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, თითოეული დაპირისპირებული მხარე ირჩევს სახელმწიფოს, რომელსაც ისინი აკისრებენ მისიას, პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდეს მეორე მხარის მიერ არჩეულ სახელმწიფოსთან.

ამ მანდატის განმავლობაში, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც არსებობს სხვაგვარი შეთანხმება, დავის მონაწილე მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი პირდაპირი კომუნიკაციისგან დავის არსის თაობაზე, რაც ექსკლუზიურად მედიატორი მხარეებისთვისაა გადაცემული. ამ უკანასკნელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ დავის მოსაგვარებლად.

მშვიდობიანი ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, მედიატორ მხარეებს ეკისრებათ ერთობლივი ამოცანა, ისარგებლონ ნებისმიერი შემთხვევით, რათა აღდგეს მშვიდობა.

 

ნაწილი III. საერთაშორისო საგამოძიებო კომისიები

 

მუხლი 9

საერთაშორისო ხასიათის დავებში, რომლებიც არც ღირსებას და არც სასიცოცხლო ინტერესებს არ ეხება, და რომლებიც წარმოშობილია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული უთანხმოების საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები მიზანშეწონილად და სასურველად თვლიან, რამდენადაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა, მხარეებმა, რომელთაც ვერ შეძლეს დიპლომატიური გზებით შეთანხმების მიღწევა, ჩამოაყალიბონ საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ამ დავების გადაწყვეტას ფაქტებისთვის ნათელის მოფენით, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი გამოძიების მეშვეობით.

 

მუხლი 10

საერთაშორისო საგამოძიებო კომისიები იქმნება დავის მონაწილე მხარეთა შორის სპეციალური შეთანხმებით.

საგამოძიებო შეთანხმება განსაზღვრავს შესამოწმებელ ფაქტებს; ის განსაზღვრავს კომისიის ჩამოყალიბების წესსა და დროს და კომისიონერების უფლებამოსილების საზღვრებს.

თუ ამის საჭიროება არსებობს, ის ასევე განსაზღვრავს იმას, თუ სად უნდა იყოს კომისიის ადგილსამყოფელი, და შესაძლოა თუ არა მისი სხვა ადგილას გადატანა, თუ რომელი ენა უნდა გამოიყენოს კომისიამ და რომელი ენების გამოყენებაა მის წინაშე ნებადართული; ის ამასთანავე განსაზღვრავს თარიღს, როდესაც თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს განცხადება ფაქტების შესახებ, და, ზოგადად, ყველა იმ პირობას, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ.

თუ მხარეები საჭიროდ ჩათვლიან დანიშნონ შემფასებლები, საგამოძიებო შეთანხმებამ უნდა განსაზღვროს მათი შერჩევის წესი და მათი უფლებამოსილების საზღვრები.

 

მუხლი 11

თუ საგამოძიებო შეთანხმება არ განსაზღვრავს კომისიის ადგილსამყოფელს, მაშინ ის განთავსდება ჰააგაში.

შეხვედრის ადგილის დადგენის შემდეგ, კომისიას არ შეუძლია მისი შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება მხარეთა თანხმობით.

თუ საგამოძიებო შეთანხმება არ განსაზღვრავს, რომელი ენები უნდა იქნეს გამოყენებული, ამ საკითხს გადაწყვეტს კომისია.

 

მუხლი 12

თუ არ არსებობს შეთანხმება საწინააღმდეგოზე, საგამოძიებო კომისიები უნდა ჩამოყალიბდეს ამ კონვენციის 45-57 მუხლებით განსაზღვრული წესით.

 

მუხლი 13

თუ ერთ-ერთი კომისიონერი ან შემფასებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გარდაიცვლება, გადადგება ან რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს თავისი ფუნქციების შესრულებას, ვაკანსიის შესავსებად გამოიყენება იგივე პროცედურა, რომლითაც ამ პირის დანიშნვა მოხდა.

 

მუხლი 14

მხარეებს შეუძლიათ დანიშნონ სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც თვალყურს მიადევნებენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას, და რომელთა მოვალეობაა, წარმოადგინონ მხარეები და იმოქმედონ, როგორც შუამავლებმა მხარეებსა და კომისიას შორის.

მათ ასევე აქვთ უფლება, დანიშნონ მათივე შერჩეული მრჩევლები ან ადვოკატები, რომლებიც წარმოაჩენენ მათ საქმეს და დაიცავენ მათ ინტერესებს კომისიის წინაშე.

 

მუხლი 15

მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს საერთაშორისო ბიურო მოქმედებს, როგორც ჰააგაში ადგილსამყოფელის მქონე კომისიების სამდივნო და მისი ოფისი და თანამშრომლები ხელშემკვრელი მხარეების განკარგულებაშია საგამოძიებო კომისიისთვის გამოსაყენებლად.

 

მუხლი 16

თუ კომისიის შეხვედრა არ არის ჰააგაში, კომისია ნიშნავს გენერალურ მდივანს, ვისი ოფისიც გამოიყენება როგორც სამდივნო.

სამდივნოს ფუნქციაა, პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ, მიიღოს საჭირო ზომები კომისიის სხდომების ჩასატარებლად, ოქმების მოსამზადებლად და გამოძიების მანძილზე არქივის საწარმოებლად, რომელიც შემდგომში ჰააგის საერთაშორისო ბიუროს უნდა გადაეცეს.

 

მუხლი 17

საგამოძიებო კომისიების ჩამოყალიბებისა და მუშაობის ხელშესაწყობად, ხელშემკვრელი მხარეები რეკომენდაციას უწევენ შემდგომ წესებს, რომლებიც გამოიყენება საგამოძიებო პროცედურისთვის, თუ მხარეები სხვა წესებს არ შეიმუშავებენ.

 

მუხლი 18

კომისიამ უნდა მოაგვაროს ის პროცედურული დეტალები, რომლებსაც სპეციალური საგამოძიებო შეთანხმება ან ეს კონვენცია არ შეიცავს, და უნდა მოაწესრიგოს ყველა ფორმალური მხარე, რაც მტკიცებულებებთან მოპყრობისთვისაა საჭირო.

 

მუხლი 19

გამოძიებისას მოსმენილ უნდა იქნეს ორივე მხარის პოზიციები.

დადგენილ თარიღებზე, თითოეული მხარე კომისიას და მეორე მხარეს მიაწვდის განცხადებას ფაქტების თაობაზე, თუ ასეთი არსებობს, და ყველა შემთხვევაში იმ ინსტრუმენტებს, საბუთებსა და დოკუმენტებს, რასაც ის თვლის სიმართლის დადგენისთვის გამოსადეგად, ისევე, როგორც იმ მოწმეთა და ექსპერტთა სიას, რომელთა ჩვენებების მოსმენაც მას სურს.

 

მუხლი 20

კომისიას აქვს უფლება, მხარეების თანხმობით, დროებით გადაინაცვლოს ნებისმიერ ადგილას, როდესაც ის თვლის, რომ ხელსაყრელი იქნება გამოძიების ამ საშუალებისთვის მიმართვა, ან გაგზავნოს თავისი ერთი ან რამდენიმე წევრი. აუცილებელია ნებართვის აღება იმ სახელმწიფოსგან, რომლის ტერიტორიაზეც არის დაგეგმილი გამოძიების ჩატარება.

 

მუხლი 21

ყველა ძიება და ყველა ადგილის დათვალიერება უნდა მოხდეს მხარეთა წარმომადგენლებისა და მრჩევლების თანდასწრებით, ან მას შემდეგ, რაც ისინი სათანადო წესით იქნენ დაბარებულნი.

 

მუხლი 22

კომისიას აქვს უფლება ნებისმიერი მხარისგან მოითხოვოს ისეთი განმარტებები და ინფორმაცია, რასაც ის საჭიროდ თვლის.

 

მუხლი 23

მხარეები იღებენ ვალდებულებას, რაც შეიძლება სრულად უზრუნველყონ საგამოძიებო კომისია ყველა იმ საშუალებითა და პირობებით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ კომისია სრულად გაეცნოს განსახილველ ფაქტებს და სწორად გაიგოს ისინი.

ისინი იღებენ ვალდებულებას, გამოიყენონ საკუთარი შიდა კანონმდებლობით გათვალიწინებული, მათ განკარგულებაში არსებული საშუალებები იმ მოწმეთა ან ექსპერტთა გამოცხადების უზრუნველსაყოფად, რომლებიც იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე და დაბარებულნი არიან კომისიის წინაშე.

თუ მოწმეებს ან ექსპერტებს არ შეუძლიათ კომისიის წინაშე გამოცხადება, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მათ ჩვენება მისცენ თავისი ქვეყნის სათანადო თანამდებობის პირების წინაშე.

 

მუხლი 24

ყველა იმ შეტყობინებისთვის, რომელიც კომისიის მიერ უნდა ჩაბარდეს მესამე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, კომისიამ პირდაპირ ამ მხარის მთავრობას უნდა მიმართოს. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე იდგმება ნაბიჯები მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

ამ მიზნით მიღებული მოთხოვნები უნდა შესრულდეს იმდენად, რამდენადაც მხარეს ამის შიდა კანონმდებლობით ნებადართული საშუალება აქვს. მოთხოვნაზე უარი არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე თვლის, რომ მოთხოვნები დაარღვევს მის სუვერენულ უფლებებს ან მის უსაფრთხოებას.

ამავენაირად, კომისიას ყოველთვის ექნება უფლება იმოქმედოს იმ სახელმწიფოს მეშვეობით, რომლის ტერიტორიაზეც არის მისი ადგილსამყოფელი.

 

მუხლი 25

მოწმეების და ექსპერტების დაბარება ხდება მხარეთა მოთხოვნით ან თავად კომისიის ინიციატივით, და ყველა შემთხვევაში იმ სახელმწიფოს მთავრობის მეშვეობით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან.

მოწმეთა მოსმენა ხდება თანმიმდევრულად და ცალ-ცალკე, წარმომადგენლებისა და მრჩევლების თანდასწრებით, და კომისიის მიერ დაწესებული თანმიმდევრობით.

 

მუხლი 26

მოწმეთა დაკითხვა წარიმართება პრეზიდენტის მიერ.

თუმცა, კომისიის წევრებს შეუძლიათ თითოეულ მოწმეს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც, მათი აზრით, ნათელს მოჰფენს და სრულყოფს მათ ჩვენებას, ან მოიპოვონ მოწმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია იმ ფარგლებში, რაც საჭიროა სიმართლის დასადგენად.

მხარეთა წარმომადგენლებმა და მრჩევლებმა არ უნდა შეაჩერონ მოწმე, როდესაც ის თავის ჩვენებას იძლევა, მათ არც პირდაპირი შეკითხვის დასმის უფლება აქვთ; თუმცა, მათ შეუძლიათ სთხოვონ პრეზიდენტს, მოწმეს ისეთი დამატებითი შეკითხვა დაუსვას, რასაც ისინი მიზანშეწონილად თვლიან.

 

მუხლი 27

მოწმემ ჩვენება უნდა მისცეს ყოველგვარი წერილობითი მონახაზის წაკითხვის გარეშე. თუმცა, შეიძლება პრეზიდენტმა მას დართოს ნება, მიმართოს ჩანაწერებს ან დოკუმენტებს, თუ ეს საჭიროა მითითებული ფაქტების ბუნებიდან გამომდინარე.

 

მუხლი 28

მოწმის ჩვენების ოქმი დგება დაუყოვნებლივ და წაეკითხება მოწმეს. ამ უკანასკნელს შეუძლია გააკეთოს ისეთი ცვლილებები და დამატებები, რასაც ის საჭიროდ თვლის, რაც მისი ჩვენების ბოლოში ჩაიწერება.

როდესაც მოწმეს თავისი ჩვენება მთლიანად წაეკითხება, მას სთხოვენ ხელმოწერას.

 

მუხლი 29

გამოძიების მიმდინარეობისას ან დასრულებისას, წარმომადგენლებს აქვთ უფლება, კომისიას და მეორე მხარეს წერილობით წარუდგინონ ის განცხადებები, მოთხოვნები ან ფაქტების შემაჯამებელი დასკვნები, რასაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ სიმართლის დასადგენად.

 

მუხლი 30

კომისია თავის გადაწყვეტილებებს იღებს ფარულად და პროცესი საიდუმლოა.

ყველა საკითხი წყდება კომისიის წევრთა უმრავლესობით.

თუ წევრი უარს აცხადებს ხმის მიცემაზე, ეს ფაქტი უნდა აისახოს ოქმში.

 

მუხლი 31

კომისიის სხდომები არ არის საჯარო და არც ოქმები და დოკუმენტები გამოქვეყნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია მხარეთა თანხმობით გადაწყვეტს ამგვარად.

 

მუხლი 32

მას შემდეგ, რაც მხარეები წარმოადგენენ ყველა განმარტებას და მტკიცებულებებს და ყველა მოწმე მოისმინება, პრეზიდენტი გამოძიებას დასრულებულად გამოაცხადებს და კომისია დახურავს სხდომას, რათა მოითათბიროს და შეადგინოს თავისი ანგარიში.

 

მუხლი 33

ანგარიშს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

თუ რომელიმე წევრი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ეს ფაქტი აღინიშნება; მაგრამ ეს ანგარიშის ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს.

 

მუხლი 34

კომისიის ანგარიში წაიკითხება საჯარო სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან, ან რომლისთვისაც სათანადო წესით არიან დაბარებულნი, მხარეთა წარმომადგენლები და მრჩევლები.

თითოეულ მხარეს გადაეცემა ანგარიშის ასლი.

 

მუხლი 35

კომისიის ანგარიში შემოიფარგლება ფაქტების ჩამოყალიბებით და არცერთ შემთხვევაში არ აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხასიათი. ის მხარეებს უტოვებს სრულ თავისუფლებას, თუ რა ძალა მიანიჭონ ანგარიშს.

 

მუხლი 36

თითოეული მხარე ანაზღაურებს თავის ხარჯებს და კომისიის ხარჯების თანაბარ წილს.

 

ნაწილი IV. საერთაშორისო არბიტრაჟი

 

თავი I. არბიტრაჟის სისტემა

მუხლი 37

საერთაშორისო არბიტრაჟი მიზნად ისახავს სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტას საკუთარი არჩევანის მიხედვით დანიშნული მოსამართლეების მიერ და სამართლის პატივისცემის საფუძველზე.

არბიტრაჟისთვის მიმართვა გულისხმობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულების აღებას.

 

მუხლი 38

სამართლებრივი ხასიათის საკითხებში, და განსაკუთრებით საერთაშორისო კონვენციების ინტერპრეტაციასა ან გამოყენებაში, ხელშემკვრელი მხარეების მიერ არბიტრაჟი მიჩნეულია, როგორც ყველაზე ეფექტური და ამასთანავე ყველაზე სამართლიანი საშუალება იმ დავების მოსაგვარებლად, რომლებიც დიპლომატიური გზებით ვერ მოგვარდა.

შესაბამისად, სასურველი იქნებოდა, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ დავებში, ხელშემკვრელმა მხარეებმა მიმართონ არბიტრაჟს იმდენად, რამდენადაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა.

 

მუხლი 39

საარბიტრაჟო შეთანხმება იდება უკვე არსებულ საკითხებზე ან იმ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა შემდგომში წარმოიშვას.

ის შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი სახის დავას ან მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დავებს.

 

მუხლი 40

ზოგადი და კერძო ხელშეკრულებებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც კონკრეტულად ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეების მიერ არბიტრაჟისთვის სავალდებულო მიმართვას, აღნიშნული მხარეები იტოვებენ უფლებას დადონ ახალი შეთანხმებები, იქნება ეს ზოგადი თუ კონკრეტული, იმ მიზნით, რომ სავალდებულო არბიტრაჟი ყველა იმ საქმეზე გაავრცელონ, რომელთა განხილვაც, მათი აზრით, არბიტრაჟითაა შესაძლებელი.

 

თავი II. არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო

მუხლი 41

იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს იმ საერთაშორისო უთანხმოებების არბიტრაჟში დაუყოვნებლივ მიმართვას, რომელთა მოგვარება დიპლომატიური გზებით ვერ მოხერხდა, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ შეინარჩუნონ არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც დაარსდა პირველ სამშვიდობო კონფერენციაზე და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს და იმუშავებს ამ კონვენციაში ჩადებული პროცედურული წესების მიხედვით, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

მუხლი 42

მუდმივმოქმედ სასამართლოს აქვს კომპეტენცია განიხილოს ყველა საარბიტრაჟო საქმე, თუ მხარეები სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე არ შეთანხმდებიან.

 

მუხლი 43

მუდმივმოქმედი სასამართლოს ადგილსამყოფელია ჰააგა.

საერთაშორისო ბიურო სასამართლოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. ის არის სასამართლოს შეხვედრებთან დაკავშირებული კომუნიკაციების არხი; მას ეკისრება არქივის წარმოება და ახორციელებს ყოველგვარ ადმინისტრაციულ საქმიანობას.

ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ ბიუროს მათ შორის მიღწეული საარბიტრაჟო პირობების დამოწმებული ასლი და სპეციალური ტრიბუნალის მიერ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები, რომელიც მათ ეხებათ.

ისინი ასევე იღებენ ვალდებულებას ბიუროს მიაწოდონ კანონები, რეგულაციები და დოკუმენტები, რომელიც საბოლოოდ ადასტურებს სასამართლოს მიერ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებას.

 

მუხლი 44

თითოეული ხელშემკვრელი მხარე ირჩევს არა უმეტეს 4 პირს, რომელსაც აქვს აღიარებული კომპეტენცია საერთაშორისო სამართლის საკითხებში, არის უმაღლესი მორალური რეპუტაციის მქონე და შეუძლია არბიტრის მოვალეობების შესრულება.

ამგვარად არჩეული პირები სასამართლოს წევრებად შეიტანებიან სიაში, რომელიც ბიუროს მიერ გადაეგზავნება ყველა ხელშემკვრელ მხარეს.

ბიურო ხელშემკვრელ მხარეებს აცნობებს არბიტრთა სიაში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას.

ორი ან მეტი მხარე შესაძლოა შეთანხმდეს ერთი ან რამდენიმე საერთო წევრის არჩევაზე.

ერთი და იგივე პირი შესაძლოა არჩეულ იქნეს სხვადასხვა მხარის მიერ. სასამართლოს წევრები ინიშნებიან 6 წლის ვადით. ეს დანიშვნები განახლებადია.

თუ სასამართლოს წევრი გარდაიცვლება ან გადადგება, ვაკანსიის შესავსებად გამოიყენება იგივე პროცედურა, რომლითაც ამ პირის დანიშნვა მოხდა. ამ შემთხვევაში, დანიშვნა ხდება ახალი 6-წლიანი პერიოდით.

 

მუხლი 45

როდესაც ხელშემკვრელ მხარეებს სურთ მიმართონ მუდმივმოქმედ სასამართლოს მათ შორის წარმოშობილი უთანხმოების გადასაწყვეტად, არბიტრები, რომლებიც აყალიბებენ ამ უთანხმოების გადაწყვეტაზე იურისდიქციის მქონე ტრიბუნალს, უნდა შეირჩნენ სასამართლოს წევრების ზოგადი სიიდან.

თუ მხარეები ვერ მიაღწევენ პირდაპირ შეთანხმებას საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემადგენლობის თაობაზე, გამოიყენება შემდეგი მსვლელობა:

თითოეული მხარე ნიშნავს ორ არბიტრს, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ამ ქვეყნის ეროვნების მქონე ან შერჩეული იყოს იმ პირებიდან, რომელიც მის მიერ არიან არჩეული მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებად. ეს არბიტრები ერთად ირჩევენ სუპერარბიტრს.

თუ ხმები გაიყოფა, სუპერარბიტრის არჩევა მიენდობა მესამე სახელმწიფოს, რომელიც შეირჩევა მხარეთა შეთანხმებით.

თუ ამ საკითხზე შეთანხმება არ მიიღწევა, თითოეული მხარე ირჩევს სხვადასხვა სახელმწიფოს, და სუპერარბიტრის არჩევა ხდება ამ შერჩეულ სახელმწიფოთა შეთანხმებით.

თუ ორი თვის ვადაში ეს ორი შერჩეული სახელმწიფო ვერ მიაღწევს შეთანხმებას, თითოეული მათგანი წარმოადგენს მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრთა სიიდან არჩეულ ორ კანდიდატს, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც მხარეთა მიერ იქნენ არჩეული ან არიან რომელიმე მხარის ეროვნების მქონე. ამგვარად წარდგენილი კანდიდატებიდან სუპერარბიტრი წილისყრით განისაზღვრება.

 

მუხლი 46

ტრიბუნალის ამრიგად შექმნის შემდეგ, მხარეები ბიუროს ატყობინენ თავის განზრახვას მიმართონ სასამართლოს, აწვდიან თავისი კომპრომისების ტექსტებსა და არბიტრთა სახელებს.

ბიურო, თითოეულ არბიტრს, დაყოვნების გარეშე აწვდის კომპრომისსა და ტრიბუნალის სხვა წევრების სახელებს.

ტრიბუნალი იკრიბება მხარეთა მიერ განსაზღვრულ დღეს. ბიურო ატარებს შეხვედრისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.

ტრიბუნალის წევრები, თავისი მოვალეობების განხორციელებისას და თავისი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ ყოფნისას, სარგებლობენ დიპლომატიური პრივილიეგიებითა და იმუნიტეტით.

 

მუხლი 47

ბიურო უფლებამოსილია გადასცეს თავისი ოფისები და მომსახურე პერსონალი ხელშემკვრელ მხარეებს, ნებისმიერი სპეციალური საარბიტრაჟო კოლეგიის მიერ გამოყენებისთვის.

მუდმივმოქმედი სასამართლოს იურისდიქცია, რეგულაციებით მოცემული პირობების დაცვით, შეიძლება გავრცელდეს არახელშემკვრელ მხარეებს ან ხელშემკვრელ და არახელშემკვრელ მხარეებს შორის არსებულ დავებზე, თუ მხარეები თანახმანი არიან მიმართონ ამ ტრიბუნალს.

 

მუხლი 48

ხელშემკვრელი მხარეები თავის მოვალეობად მიიჩნევენ, იმ შემთხვევაში, თუ იქმნება ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის სერიოზული დავის წარმოშობის საფრთხე, ამ უკანასკნელთ შეახსენონ, რომ მუდმივმოქმედი სასამართლო ღიაა მათთვის.

შესაბამისად, ისინი აცხადებენ, რომ უთანხმოებაში მყოფი მხარეებისათვის ამ კონვენციის დებულებების შეხსენების ფაქტი და მათთვის მიცემული რჩევა, მშვიდობის უმაღლესი ინტერესებისთვის მიმართონ მუდმივმოქმედ სასამართლოს, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მხოლოდ მეგობრული ქმედებები.

ორ მხარეს შორის დავის შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანს ყოველთვის შეუძლია მიმართოს საერთაშორისო ბიუროს ნოტით, რომელიც შეიცავს განცხადებას იმაზე, რომ ის იქნებოდა მზად დავა არბიტრაჟში წარედგინა.

ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს განცხადების შესახებ.

 

მუხლი 49

მუდმივმოქმედი ადმინისტრაციული საბჭო, რომელიც შედგება ხელშემკვრელი მხარეების ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლებისგან და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელიც იმოქმედებს, როგორც პრეზიდენტი, პასუხისმგებელია საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელობასა და კონტროლზე.

საბჭო ადგენს თავის პროცედურულ წესებსა და სხვა აუცილებელ რეგულაციებს.

ის წყვეტს ყველა ადმინისტრაციულ საკითხს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

ის მთლიანად აკონტროლებს ოფიციალური პირებისა და ბიუროს პერსონალის დანიშვნის, შეჩერების ან გათავისუფლების საკითხებს.

ის განსაზღვრავს გადასახდელებსა და ხელფასებს და აკონტროლებს ზოგად ხარჯებს.

სათანადო წესით მოწვეულ სხდომებზე, კანონიერი ძალის მქონე საბჭოს დისკუსიების ჩასატარებლად საკმარისია 9 წევრის  დასწრება. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

საბჭო დაუყოვნებლივ ატყობინებს ხელშემკვრელ მხარეებს მის მიერ მიღებული რეგულაციების შესახებ. ის მათ წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სასამართლოს თანამშრომლების, ადმინისტრაციის მუშაობის და დანახარჯის შესახებ. ანგარიში ასევე შეიცავს რეზუმეს იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი მხარეების მიერ 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფების შესაბამისად ბიუროსთვის მიწოდებულ დოკუმენტებში.

 

მუხლი 50

ხელშემკვრელი მხარეები საკუთარ თავზე იღებენ ბიუროს ხარჯებს, უნივერსალური საფოსტო კავშირის საერთაშორისო ბიუროსთვის დაწესებული პროპორციით.

იმ სახელმწიფოებზე დაკისრებული ხარჯები, რომლებიც უერთდებიან კონვენციას, გამოითვლება მათი მიერთების ძალაში შესვლის დღიდან.

 

თავი III. საარბიტრაჟო პროცესი

მუხლი 51

არბიტრაჟის განვითარების წახალისების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ წესებზე, რომლებიც გამოიყენება საარბიტრაჟო პროცესში, თუ მხარეთა მიერ სხვა წესები არ არის შეთანხმებული.

 

მუხლი 52

მხარეები, რომლებმაც მიმართეს არბიტრაჟს, ხელს აწერენ კომპრომისს, რომელშიც  ცხადად არის განსაზღვრული დავის საგანი, არბიტრთა დანიშვნისთვის ნებადართული დრო, ფორმა, წესრიგი და დრო, რის შესაბამისადაც უნდა გაკეთდეს 63-ე მუხლში მოცემული შეტყობინება და თანხის ოდენობა, რომელიც თითოეულმა მხარემ ხარჯების დასაფარად წინასწარ უნდა განათავსოს დეპოზიტზე.

კომპრომისი ასევე განსაზღვრავს, თუ ეს შესაძლებელია, არბიტრთა დანიშვნის წესს, ნებისმიერ სპეციალურ უფლებამოსილებას, რომელიც საბოლოოდ ტრიბუნალს შეიძლება ეკუთვნოდეს, როდესაც ის შეიკრიბება, ენას, რომელსაც ის გამოიყენებს, და ასევე ენებს, რომელთა გამოყენებაც ნებადართული იქნება მის წინაშე და, ზოგადად, ყველა პირობას, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ.

 

მუხლი 53

მუდმივმოქმედი სასამართლო უფლებამოსილია შეადგინოს კომპრომისი, თუ მხარეები შეთანხმდნენ მისთვის ამ მიზნით მიემართათ.

მსგავსად ამისა, ის უფლებამოსილია მაშინაც კი, თუ მოთხოვნა მხოლოდ ერთი მხარის მიერ გაკეთდა, როცა ყველა მცდელობა დიპლომატიური არხებით მიღწეულიყო შეთანხმება დასრულდა უშედეგოდ, იმ შემთხვევაში, როცა:

1)   დავა გათვალისწინებულია ზოგადი საარბიტრაჟო ხელშეკრულებით, რომელიც დადებული ან განახლებულია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც კომპრომისს ყველა დავის შემთხვევაში ითვალისწინებს და რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას შეადგინოს კომპრომისი. თუმცა, სასამართლოსთვის მიმართვა არ შეიძლება, თუ მეორე მხარე აცხადებს, რომ მისი აზრით დავა არ განეკუთვნება იმ კატეგორიის დავებს, რომლებიც განსახილველად შეიძლება გადაეცეს სავალდებულო არბიტრაჟს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადი საარბიტრაჟო ხელშეკრულება საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ აძლევს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს ეს წინასწარი საკითხი.

2)   დავა წარმოშობილია სახელშეკრულებო ვალიდან, რომელსაც ერთი მხარე ითხოვს მეორე მხარისგან, როგორც თავისი მოქალაქეების კუთვნილებას, და რომლის გადასაწყვეტად, არბიტრაჟის დაწყებასთან დაკავშირებული ოფერტი აქცეპტირებულია. მსგავსი რამ არ მოქმედებს, თუ აქცეპტი ეფუძნება იმ პირობას, რომ კომპრომისი უნდა შედგეს სხვა რომელიმე გზით.

 

მუხლი 54

წინა მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომპრომისი უნდა შედგეს 5 წევრისგან შემდგარი კომისიის მიერ, რომლებიც არჩეულია 45-ე მუხლის მე-3, მე-4 მე-5 და მე-6 პარაგრაფებში გაწერილი წესის შესაბამისად.

მე-5 წევრი არის კომისიის პრეზიდენტი ex officio.

 

მუხლი 55

არბიტრის მოვალეობები შეიძლება დაკისრებულ იქნეს ერთ არბიტრზე ან რამოდენიმე არბიტრზე, რომლებიც არჩეულია მხარეთა მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ, ან წინამდებარე კონვენციით დაარსებული მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრებიდან.

თუ ტრიბუნალის შექმნა ვერ ხერხდება მხარეთა შორის პირდაპირი შეთანხმებით, გამოყენებულ უნდა იქნეს წესი, რომელიც გათვალისწინებულია 45-ე მუხლის მე-3-დან მე-6 პარაგრაფამდე.

 

მუხლი 56

როდესაც არბიტრად არჩეულია მონარქი ან სახელმწიფოს მეთაური, საარბიტრაჟო პროცესი განისაზღვრება მის მიერ.

 

მუხლი 57

სუპერარბიტრი არის ტრიბუნალის ex officio პრეზიდენტი.

როდესაც ტრიბუნალის შემადგენლობაში არ არის სუპერარბიტრი, ტრიბუნალი თავად ნიშნავს თავის პრეზიდენტს.

 

მუხლი 58

როდესაც კომპრომისი კომისიის მიერ არის შედგენილი, როგორც ეს გათვალისწინებულია 54-ე მუხლით, სხვაგვარი შეთანხმების არარსებობისას, კომისია თავად ჩამოაყალიბებს  საარბიტრაჟო ტრიბუნალს.

 

მუხლი 59

თუ რომელიმე არბიტრი გარდაიცვლება, გადადგება ან რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს თავისი ფუნქციების შესრულებას, ვაკანსიის შესავსებად გამოიყენება იგივე პროცედურა, რომლითაც ამ პირის დანიშვნა მოხდა.

 

მუხლი 60

ტრიბუნალი სხდომებს მართავს ჰააგაში, თუ სხვა ადგილი არ არის არჩეული მხარეთა მიერ.

მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხდომის გამართვა ტრიბუნალს შეუძლია მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში.

შეხვედრის ადგილის დადგენის შემდეგ, ტრიბუნალს არ შეუძლია მისი შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება მხარეთა თანხმობით.

 

მუხლი 61

თუ კომპრომისი არ წყვეტს, თუ რომელი ენები უნდა იქნეს გამოყენებული, ეს საკითხი გადაწყდება ტრიბუნალის მიერ.

 

მუხლი 62

მხარეები უფლებამოსილნი არიან დანიშნონ სპეციალური წარმომადგენლები, რომელებიც დაესწრებიან ტრიბუნალის სხდომებს და იმოქმედებენ მხარეთა და ტრიბუნალს შორის შუამავალად.

გარდა ამისა, ტრიბუნალის წინაშე თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, მხარეები უფლებამოსილნი არიან ჰყავდეთ მრჩევლები ან ადვოკატები, რომლებიც მათ მიერ ამ მიზნით არიან დანიშნულნი.

მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებს არ შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც წარმომადგენლებმა, მრჩევლებმა ან ადვოკატებმა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მოქმედებენ იმ ხელშემკვრელი მხარის სახელით, რომელმაც ისინი დანიშნა სასამართლოს წევრებად.

 

მუხლი 63

როგორც ზოგადი წესი, საარბიტრაჟო პროცესი მოიცავს 2 განსხვავებულ ფაზას: წინასწარ წერილობით წარმოებასა და ზეპირ განხილვას.

წინასწარი წერილობითი წარმოება შედგება შესაბამისი წარმომადგენლების მიერ ტრიბუნალის წევრებისთვის და მოწინააღმდეგე მხარისთვის მემორიალების და საპასუხო მემორიალების, და თუ საჭირო გახდა შეპასუხებების, მიწოდებისგან. მხარეები აღნიშნულს თან ურთავენ ყველა საბუთსა და დოკუმენტს, რომლებიც მოთხოვნილია საქმეში. ეს მიწოდება უნდა განხორციელდეს პირდაპირ ან საერთაშორისო ბიუროს შუამავლობით, კომრომისით დადგენილი წესით და ვადაში.

კომპრომისით დადგენელი ვადა შეიძლება გაიზარდოს მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით, ან ტრიბუნალის მიერ, როდესაც ეს უკანასკნელი ამას აუცილებლად თვლის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ზეპირი განხილვა შედგება ტრიბუნალის წინაშე მხარეთა არგუმენტების ზეპირი ფორმით განვითარებისგან.

 

მუხლი 64

ერთი მხარის მიერ წარდგენილი თითოეული დოკუმენტის დამოწმებული ასლი უნდა გადაეცეს მეორე მხარეს.

 

მუხლი 65

გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა, ტრიბუნალი არ იკრიბება მანამ, სანამ წინასწარი წერილობითი წარმოება არ დამთავრდება.

 

მუხლი 66

ზეპირ განხილვებს აკონტროლებს პრეზიდენტი. ისინი საჯაროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალმა მხარეთა თანხმობით ასე გადაწყვიტა.

ისინი შეიტანება ოქმში, რომელიც შედგენილია პრეზიდენტის მიერ დანიშნული მდივნების მიერ. ეს ოქმები ხელმოწერილია პრეზიდენტის და ერთ-ერთი მდივნის მიერ და მხოლოდ მათ აქვთ ავთენტური ხასიათი.

 

მუხლი 67

წინასწარი წერილობითი წარმოების დასრულების შემდეგ, ტრიბუნალი უფლებამოსილია უარი თქვას ყველა იმ ახალი საბუთისა და დოკუმენტების განხილვაზე, რომელთა წარდგენა სურს ერთ-ერთ მხარეს მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

 

მუხლი 68

ტრიბუნალი თავისუფალია განსახილველად მიიღოს ახალი საბუთები და დოკუმენტები, რომლებზეც ტრიბუნალს ყურადღება შეიძლება გაამახვილებინონ მხარეთა წარმომადგენლებმა ან მრჩევლებმა.

ასეთ შემთხვევაში, ტრიბუნალს აქვს უფლება მოითხოვოს ამ საბუთების და დოკუმენტების წარდგენა, მაგრამ ვალდებულია გააცნოს ისინი მოწინააღმდეგე მხარეს.

 

მუხლი 69

გარდა ამისა, ტრიბუნალს შეუძლია მხარეთა წარმომადგენლებისგან მოითხოვოს  ყველა საბუთის წარდგენა და ყველა საჭირო ახსნა-განმარტება. უარის შემთხვევაში, ტრიბუნალი ამის შესახებ აკეთებს ჩანაწერს.

 

მუხლი 70

მხარეთა წარმომადგენლები და მრჩევლები უფლებამოსილნი არიან ტრიბუნალის წინაშე ზეპირად წარმოადგინონ ყველა ის არგუმენტი, რომელსაც ისინი მიიჩნევენ მიზანშეწონილად თავისი საქმის დასაცავად.

 

მუხლი 71

მათ უფლება აქვთ წარადგინონ შეცილებები და მოსაზრებები. ამ საკითხებზე ტრიბუნალის გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი შემდგომი განხილვის საგანს.

 

მუხლი 72

ტრიბუნალის წევრები უფლებამოსილნი არიან მხარეთა წარმომადგენლებს და მრჩევლებს დაუსვან შეკითხვები და სთხოვონ საეჭვო საკითხებზე ახსნა-განმარტება.

ზეპირი განხილვის დროს ტრიბუნალის წევრის არც დასმული კითხვა და არც გაკეთებული შენიშვნა არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ტრიბუნალის საერთო მოსაზრება ან როგორც მისი ცალკეული წევრის მოსაზრება.

 

მუხლი 73

ტრიბუნალი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მას აქვს კომპეტენცია განმარტოს კომპრომისი, ისევე, როგორც სხვა ის ხელშეკრულებები, რომლებიც შეიძლება მოხმობილ იქნეს, და კომპეტენცია სამართლის პრინციპების გამოყენებისას.

 

მუხლი 74

ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოსცეს საქმის წარმართვის პროცედურული წესები, მიიღოს გადაწვეტილება ფორმასთან, წესრიგთან და იმ დროსთან დაკავშირებით, რომელშიც  მხარემ უნდა დაამთავროს მისი არგუმენტები და მოაგვაროს ყველა ის ფორმალური მხარე, რაც მტკიცებულებებთან მოპყრობისთვისაა საჭირო.

 

მუხლი 75

მხარეები ვალდებულებას იღებენ, ტრიბუნალს წარუდგინონ საქმის გადაწყვეტისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია იმდენად სრულად, რამდენადაც შესაძლებლადაც ისინი ამას თვლიან.

 

მუხლი 76

ყველა იმ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განხორციელდეს მესამე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ტრიბუნალმა უნდა მიმართოს პირდაპირ ამ სახელმწიფოს მთავრობას. იმავე წესი გამოიყენება, როდესაც ნაბიჯები გადადგმულია მტკიცებულებების შესაგროვებლად.

ამ მიზნით განხორციელებული მოთხოვნები უნდა შესრულდეს იმდენად, რამდენადაც მხარის ხელთ არსებული საშუალებები ამის შესაძლებლობას იძლევა და მათი გამოყენება შეესაბამება მის შიდა კანონმდებლობას. მოთხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ისინი გათვლილია მისი სუვერენული უფლებების ან უსაფრთხოების ზიანსაყოფად.

ამავენაირად, სასამართლო ყოველთვის იქნება უფლებამოსილი იმოქმედოს იმ სახელმწიფოს მეშვეობით, რომლის ტერიტორიაზეც ის  მართავს სხდომებს.

 

მუხლი 77

როდესაც მხარეთა წარმომადგენლები და მრჩევლები წარმოადგენენ ყველა ახსნა-განმარტებასა და მტკიცებულებას თავისი საქმის მხარდასაჭერად, პრეზიდენტი ზეპირ განხილვას დახურულად აცხადებს.

 

მუხლი 78

ტრიბუნალი თავის გადაწყვეტილებას განიხილავს ფარულად და წარმოებები რჩება საიდუმლოდ. ყველა საკითხი წყდება ტრიბუნალის წევრთა უმრავლესობით.

 

მუხლი 79

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა იძლეოდეს იმ საფუძვლებს, რომლებსაც ის ეყრდნობა. ის შეიცავს არბიტრთა სახელებს. მას ხელს აწერს პრეზიდენტი და რეგისტრატორი, ან მდივანი, რომელიც მოქმედებს, როგორც რეგისტრატორი.

 

მუხლი 80

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ცხადდება საჯარო სხდომაზე, მხარეთა წარმომადგენლების და მრჩევლების თანდასწრებით, ან როცა ისინი სათანადო წესით იყვნენ სხდომაზე დასასწრებად დაბარებული.

 

მუხლი 81

სათანადო წესით გამოტანილი და მხარეთა წარმომადგენლებისთვის შეტყობინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უპირობოდ და აპელაციის შესაძლებლობის გარეშე წყვეტს დავას.

 

მუხლი 82

ნებისმიერი დავა, რომელიც მხარეთა შორის წარმოიშობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით, საწინააღმდეგოზე შეთანხმების არარსებობისას, უნდა წარედგინოს მის გამომტან ტრიბუნალს.

 

მუხლი 83

მხარეებს შეუძლიათ კომპრომისში შეინარჩუნონ უფლება მოითხოვონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადახედვა.

ასეთ შემთხვევაში და თუ არ არსებობს საწინააღმდეგო შეთანხმება, ეს მოთხოვნა უნდა წარედგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამომტან ტრიბუნალს. ეს შეიძლება განხორციელდეს იმ საფუძვლით, რომ აღმოჩენილია ახალი ფაქტი, რომელიც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მას გადამწყვეტი გავლენა ექნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე, და რომელიც უცნობი იყო ტრიბუნალისთვის და მხარისთვის, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადახედვას ზეპირი განხილვის დამთავრების შემდეგ.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებული წარმოება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რომელიც ცხადად ასახავს ახალი ფაქტის არსებობას და აცხადებს, რომ ახალ ფაქტს აქვს წინა პარაგრაფში აღწერილი მახასიათებლები და ამ საფუძვლით მოთხოვნას ცნობს დასაშვებად.

კომპრომისი ადგენს დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც  უნდა გაკეთდეს გადახედვის მოთხოვნა.

 

მუხლი 84

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა მხოლოდ დავის მონაწილე მხარეებისთვის.

როცა საკითხი ეხება კონვენციის განმარტებას, რომლის წევრებიც, გარდა დავის მონაწილე მხარეებისა,  არიან სხვა სახელმწიფოები, მათ გონივრულ ვადაში უნდა შეატყობინონ ყველა ხელმომწერ მხარეს ამის შესახებ. თითოეული ეს მხარე უფლებამოსილია ჩაერთოს საქმეში. თუ ერთი ან მეტი მხარე იყენებს ამ უფლებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არსებული განმარტება თანაბრად სავალდებულოა მათთვის.

 

მუხლი 85

თითოეული მხარე იხდის თავის ხარჯებს და ტრიბუნალის ხარჯების თანაბარ წილს.

 

თავი IV. გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება

მუხლი 86

საარბიტრაჟო სისტემის მუშაობის დახმარების მიზნით, იმ დავებზე, რომლებიც მიმდინარეობს გამარტივებული წარმოებით, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ შემდეგ წესებს, რომლებიც დაცულ უნდა იქნეს, სხვა შეთანხმებების არარსებობისას და იმ დათქმით, რომ მესამე თავის დებულებები გამოყენებულ იქნება იმდენად ვრცლად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

 

მუხლი 87

დავის თითოეული მხარე ნიშნავს არბიტრს. ამრიგად არჩეული ეს 2 არბიტრი ირჩევს სუპერარბიტრს. თუ ისინი ამაზე ვერ თანხმდებიან,  თითოეული მათგანი წამოაყენებს ორ კანდიტატს მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრთა საერთო სიიდან, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც დანიშნულნი არიან მხარეების მიერ და რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები. თუ რომელი ამგვარი გზით წამოყენებული არბიტრი იქნება სუპერარბიტრი, გადაწყდება წილისყრით.

სუპერარბიტრი თავმჯდომარეობს ტრიბუნალს, რომელსაც თავისი გადაწყვეტილება გამოაქვს ხმათა უმრავლესობით.

 

მუხლი 88

რაიმე წინა შეთანხმების არარსებობისას, ტრიბუნალი შექმნისთანავე განსაზღვრავს დროს, რომლის განმავლობაშიც მას ორივე მხარემ უნდა წარუდგინოს თავისი მემორიალები საქმესთან დაკავშირებით.

 

მუხლი 89

თითოეული მხარე ტრიბუნალის წინაშე წარმოდგენილია წარმომადგენლის მიერ, რომელიც მოქმედებს, როგორც შუამავალი ტრიბუნალსა და მის დამნიშვნელ მთავრობას შორის.

 

მუხლი 90

წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ წერილობით. თუმცა, თითოეული მხარე უფლებამოსილია ითხოვოს მოწმეთა და ექსპერტთა დაბარება. ტრიბუნალს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს ზეპირი ახსნა-განმარტება ორივე მხარის წარმომადგენლებისგან, ისევე როგორც ექსპერტებისგან და მოწმეებისგან, რომელთა ყოფნაც საქმის განხილვის დროს ტრიბუნალმა სასარგებლოდ შეიძლება ჩათვალოს.

 

ნაწილი V. დასკვნითი დებულებები

მუხლი 91

წინამდებარე კონვენცია, სათანადოდ რატიფიცირების შემდეგ, ხელშეკმკვრელ მხარეებს შორის ჩაანაცვლებს 1899 წლის 29 ივლისის კონვენციას საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ.

 

მუხლი 92

წინამდებარე კონვენცია რატიფიცირებულ უნდა იქნეს რაც შეიძლება მალე.

რატიფიკაციები დეპონირებულ უნდა იქნეს ჰააგაში.

რატიფიკაციების პირველი დეპონირება ჩანიშნულ უნდა იქნეს მონაწილე მხარეთა წარმომადგენლებისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილ ოქმში.

რატიფიკაციების მომდევნო დეპონირებები უნდა განხორციელდეს ნიდერლანდების მთავრობისთვის წერილობითი შეტყობინებით, რომელსაც თან ახლავს სარატიფიკაციო სიგელი.

პირველ რატიფიკაციასთან დაკავშირებული ოქმის სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელიც შეეხება წინა პარაგრაფში აღნიშნულ შეტყობინებებს, და სარატიფიკაციო სიგელი, ნიდერლანდების მთავრობის მიერ, დიპლომატიური არხებით, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს იმ მხარეებს, რომლებიც მოწვეულნი არიან მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე, ისევე როგორც იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მიუერთდნენ კონვენციას. წინა პარაგრაფით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღნიშნულმა მთავრობამ მხარეებს იმავდროულად უნდა აცნობოს შეტყობინების მიღების თარიღი.

 

მუხლი 93

არახელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც მოწვეულნი არიან მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე, შეუძლიათ მიუერთდნენ წინამდებარე კონვენციას.

სახელმწიფოს, რომელსაც სურს მიერთება, წერილობით ატყობინებს თავის განზრახვას ნიდერლანდების მთავრობას, და უგზავნის მიერთების აქტს, რომელიც დეპონირდება აღნიშნული მთავრობის არქივებში.

ამ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე მოწვეულ ყველა სხვა სახელმწიფოს ამ შეტყობინების სათანადოდ დამოწმებული ასლი, ისევე როგორც მიერთების აქტი, შეტყობინების მიღების თარიღის მითითებით.

 

მუხლი 94

ის პირობები, რომლითაც სახელმწიფოებს, რომლებიც არ მოუწვევიათ მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე, შეუძლიათ მიუერთდნენ წინამდებარე კონვენციას, განსაზღვრავს ხელშემკვრელ მხარეებს შორის მომდევნო შეთანხმების საგანს.

 

მუხლი 95

იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ მონაწილეობდნენ პირველი რატიფიკაციების დეპონირებაში, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ამ დეპონირების ოქმის შედგენის თარიღიდან 60 დღის შემდეგ, და იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც რატიფიკაცია მოახდინეს ან მიუერთდნენ, - ნიდერლანდების მთავრობის მიერ მათი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 60 დღის შემდეგ.

 

მუხლი 96

იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს სურს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია, დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნიდერლანდების მთავრობას, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის შეტყობინების სათანადოდ დამოწმებულ ასლს ყველა სხვა მხარეს, მისი მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.

დენონსაციას ძალა ექნება მხოლოდ შეტყობინების გამგზავნი მხარის მიმართ, ნიდერლანდების მთავრობის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

 

მუხლი 97

რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო, უნდა შეიცავდეს სარატიფიკაციო სიგელების დეპონირების თარიღს, განხორციელებულს 92-ე მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფების შესაბამისად, ისევე როგორც მიერთების (93-ე მუხლის მე-2 პარაგრაფი) ან დენონსაციის (96-ე მუხლის პირველი პარაგრაფი) შესახებ შეტყობინებების მიღების თარიღს.

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ამ რეესტრზე და მიიღოს სათანადოდ დამოწმებული ამონარიდები.

 

ყოველივე ამის რწმენით, მხარეთა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა თავისი ხელმოწერები დაიტანეს წინამდებარე კონვენციაზე.

 

შესრულებულია ჰააგაში, 1907 წლის 18 ოქტომბერს, ერთ ეგზემპლარად, რომელიც დარჩება დეპონირებული ნიდერლანდების მთავრობის არქივებში და სათანადოდ დამოწმებული ასლები დიპლომატიური არხებით დაეგზავნება ხელშემკვრელ მხარეებს.