ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3342-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 110070000.05.001.017673
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3342-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
110070000.05.001.017673
ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობისთვის სავალდებულო ექსპერტიზის (შემდგომ – ექსპერტიზა) ჩატარების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

მუხლი 2

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისაგან, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 3

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფსიქიატრი – შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი;

ბ) ფსიქოლოგი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია;

გ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი;

დ) ოკუპაციური თერაპევტი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ოკუპაციური თერაპევტის კვალიფიკაცია;

ე) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი – პირი, რომლის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობის საკითხი განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ვ) ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;

ზ) დადებითი დასკვნა – დასკვნა, რომლითაც დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;

თ) უარყოფითი დასკვნა – დასკვნა, რომლითაც არ დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

მუხლი 4

1. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებას.  

2. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და, აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა.

მუხლი 5

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების საფუძველია პირის შესახებ ფსიქიატრიული, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება.         

მუხლი 6

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასკვნა გამოაქვს ბიუროს.

მუხლი 7

ბიუროში ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად იქმნება მულტიდისციპლინური ჯგუფი 4 წევრის შემადგენლობით. ამ ჯგუფში შედიან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ოკუპაციური თერაპევტი (ან პირი, რომელიც ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური თვალსაზრისით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს შერჩეული სპეციფიკური აქტივობების საშუალებით მკურნალობს).

მუხლი 8  

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2018 წლის  5   ივლისის   კანონი №3087  – ვებგვერდი,  11 .07.2018წ.

მუხლი 9

1. ბიუროს უფლება აქვს, აუცილებლობის შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოიწვიოს სხვა შესაბამისი სპეციალისტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალისტის დასკვნას მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

მუხლი 10

1. მულტიდისციპლინური ჯგუფის თითოეული წევრი ცალკე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროში პირის მიერ გადაწყვეტილების მხარდაჭერის გარეშე მიღების შესაძლებლობას.

2. მულტიდისციპლინური ჯგუფი ვალდებულია:

ა) დაადგინოს პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი;

ბ) დაადგინოს პირის მოქმედებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვის ხარისხი;

გ) შეაფასოს პირის გარემოსთან ურთიერთქმედება;

დ) დაადგინოს პირის სოციალური ადაპტაციის ხარისხი;

ე) შეაფასოს პირის მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა;

ვ) უპასუხოს სასამართლოს მიმართვაში დასმულ კითხვებს;

ზ) დაადგინოს პირის იმ სფეროში მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელიც აღნიშნულია განცხადებაში;

თ) თუ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია პირის მხარდაჭერა სხვა სფეროში, გარდა განცხადებაში აღნიშნულისა, მიუთითოს შესაბამისი სფერო;

ი) გამოიკვლიოს და დაადგინოს სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად.

მუხლი 11

1. ბიუროს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად მოითხოვოს სათანადო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებიდან, საწარმოდან და ორგანიზაციიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, გასცენ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

მუხლი 12

თუ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ბიუროში გამოცხადება, იგი სტაციონარში ან თავის საცხოვრებელ ადგილზე შემოწმდება.

მუხლი 13

1. მულტიდისციპლინური ჯგუფი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას.

2. აკრძალულია დადებითი დასკვნის გაცემა მხოლოდ იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს პირის გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევას.

3. დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ განხორციელებული საექსპერტო მოქმედებები.

4. დადებით დასკვნაში უნდა მიეთითოს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ რეკომენდებული ვადა.

5. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ტარდება სასამართლოს მიერ მიმართვიდან 1 თვის ვადაში.

6. მულტიდისციპლინური ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

7. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს.

8. მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში დასკვნას აფასებს სასამართლო.

9. განსხვავებული აზრის მქონე მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი ვალდებულია საკუთარი მოსაზრება წერილობით დაურთოს დასკვნას.

მუხლი 14

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესი და სტანდარტები.

მუხლი 15

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-13 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–მე-13 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3342-IIს