საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 29/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.002.043
  • Word
2357
20/12/2005
სსმ, 57, 29/12/2005
060.000.000.05.001.002.043
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. XLIV1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XLIV1.

წარმოება რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით“.

2. 3561 მუხლის:

ა) „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოჯახის წევრი – რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის მეუღლე, მისი არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან მუდმივად მცხოვრები პირი;

ე) ახლო ნათესავი – რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი;

ვ) რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის შედეგად ან სხვა არაკანონიერი გზით და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრი.“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ქურდული სამყაროს წევრის ქონება – ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.“.

3. 3562 – 3565 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3562. სარჩელის აღძვრა რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე

1. რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

2. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის მიმართ.

3. ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდულ სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის მიმართ.

    მუხლი 3563. ქონების ცნობა რეკეტულად ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა

1. მოსამართლე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის ქონებას ცნობს რეკეტულად, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვევა, რომ ქონება მიღებულია რეკეტიდან, იგი წარმოადგენს შემოსავალს რეკეტით მიღებული ქონებიდან, შეძენილია რეკეტით მიღებული შემოსავლით ან არ არსებობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.

2. მოსარჩელე ვალდებულია წარუდგინოს სასამართლოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების რეკეტულობის თაობაზე.

3. მოსამართლე ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ქონებას ცნობს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, თუ არ არსებობს ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.

4. მოპასუხე ვალდებულია წარუდგინოს სასამართლოს მტკიცებულებები თავისი ქონების დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ.

    მუხლი 3564. ქონების დაყადაღება

თუ არსებობს მონაცემები, რომ რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტთან ან ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ანდა სხვაგვარად გაასხვისებენ, პროკურორი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.

    მუხლი 3565. ქონების რეკეტულად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები

1. თუ სასამართლომ ამ თავის 3563 მუხლის შესაბამისად რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან ან ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირის ქონება ცნო რეკეტულად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, ასეთი ქონება მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

2. თუ ქონების რეკეტულობა, უკანონობა ან დაუსაბუთებლობა ნაწილობრივ დასტურდება, კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს გადაეცემა მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის არარეკეტულობას, კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.

3. თუ შეუძლებელია რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით კანონიერი მესაკუთრის ან სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების კანონიერი მესაკუთრის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

4. 3566 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევის თაობაზე წარმოებული საქმეების განხილვისას, როდესაც რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის მიმართ გამოცხადდა ძებნა, არ გამოიყენება ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2357–რს