საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 27/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.032
  • Word
2265
16/12/2005
სსმ, 55, 27/12/2005
090.000.000.05.001.002.032
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისხლის სამართლის საქმის განხილვის სტენოგრაფირების, ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის წესს და შეზღუდვის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს სასამართლო (მოსამართლე) მოტივირებული გადაწყვეტილებით. ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის შეჩერება ან აკრძალვა სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესის დარღვევის შემთხვევაში, რის თაობაზედაც სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული გადაწყვეტილება.“.

2. 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია, ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“.

3. 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბრალდებული მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით და მის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახით გამოყენებულია იძულებითი მკურნალობა – ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე;“.

4. 44-ე მუხლის:

ა) მე-16 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. განსასჯელი – ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.“;

გ) 55-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე ნაწილი:

„56. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების თანამშრომელი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, პროცესში მონაწილეობს ფსევდონიმით და რომელიც უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოდ შეცვლილი გარეგნობით ან ხმით.“.

5. მე-60 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 332-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.“.

7. 69-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს;“.

8. 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი; გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას; განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და საკუთარი ხარჯით გადაიღოს საქმის მასალის ასლები (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან); მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს.“.

9. 81-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განიხილება საკითხი პირის მიმართ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) თუ პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებისა).“.

10. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს;“.

11. 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას, გაეცნოს საქმის მასალას, გადაიღოს ასლები და საქმიდან ამოიწეროს ცნობები სამოქალაქო სარჩელის ნაწილში;“.

12. 95-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირი, რომელიც არ შეიძლება მოწმე იყოს“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ:

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;

ზ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა;

ი) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას;

კ) ჟურნალისტი – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

2. მოწმედ არ შეიძლება დაიკითხოს პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.“.

13. XIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი. აცილება“.

14. 109-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი:

„თავი XIV1

სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებანი

    მუხლი 1091. დაცვის სპეციალური ღონისძიებანი

1. საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელია სასამართლოში პროცესის მონაწილის დაკითხვა მისი ვინაობის გასაიდუმლოებით ან იდენტიფიცირების შეცვლით.

2. სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილე იკითხება უშუალოდ და ზეპირად.

3. მოსამართლე (სასამართლო), პროკურორის შუამდგომლობით უფლებამოსილია გამოიყენოს პროცესის მონაწილეთა დაცვის ერთი ან რამდენიმე შემდეგი სპეციალური ღონისძიება:

ა) საჯარო რეესტრიდან ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერიდან დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობის მქონე მონაცემთა, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება;

ბ) დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის გასაიდუმლოება;

გ) ფსევდონიმის მინიჭება;

დ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება.

4. პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პროცესის მონაწილეთა დაცვის შემდეგი სახის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე:

ა) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება;

ბ) საცხოვრებელი ადგილის დროებითი ან მუდმივი შეცვლა;

გ) გარეგნობის შეცვლა.

5. სასამართლოში არსებითი განხილვისას მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში ჩამოთვლილი ნებისმიერი დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

6. პროკურორი უფლებამოსილია პროცესის მონაწილესთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის ნებისმიერი სპეციალური ღონისძიება.

7. ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება. აღნიშნული შუამდგომლობა წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით.

8. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების განხორციელების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

9. თუ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულს ან მის დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამართლე (სასამართლო) აძლევს გონივრულ ვადას დაცვის მომზადებისათვის, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა.

    მუხლი 1092. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა

1. პროკურორი უფლებამოსილია წინასწარი გამოძიების დროს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს (სასამართლოს) გამოძიების ადგილის მიხედვით.

2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლით:

ა) საქმე განიხილება ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვა თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;

ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის საჯაროობით მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;

გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;

დ) პროცესის მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე.

    მუხლი 1093. შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება

1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან: პროკურორი, შუამდგომლობის ავტორი და პროცესის მონაწილე, რომლის მიმართაც მოითხოვება დაცვის ზომების გამოყენება (გარდა ამ კოდექსის 1091 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

2. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის (სასამართლოს) გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დაცვის რომელი სპეციალური ღონისძიება იქნეს გამოყენებული;

ბ) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ ღონისძიების გამოყენების ვადა;

გ) სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ევალება დაცვის სპეციალური ღონისძიების აღსრულება.

3. დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.

4. დაცვის სპეციალური ღონისძიების გადაწყვეტილება საჯაროდ არ ცხადდება.

5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილების თაობაზე დასაცავი პირის ამოცნობისა და იდენტიფიცირების მონაცემების გარეშე წერილობით ეცნობებათ მხარეებს, შუამდგომლობის ავტორსა და იმ პირს, რომელსაც შეეხო ეს ზომა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

7. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დაცვის ღონისძიების დამნიშვნელი მოსამართლე (სასამართლო), ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლე დადგენილებით (განჩინებით) აუქმებს დაცვის სპეციალურ ღონისძიებას, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.

    მუხლი 1094. შეტყობინება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ

ამ თავით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ 3 დღის ვადაში უნდა ეცნობოს მოცემული ღონისძიების გამოყენების ავტორსა და მოსამართლეს (სასამართლოს).

    მუხლი 1095. ინფორმაციის დაცვა

მოსამართლის (სასამართლოს) გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების თაობაზე არ არის საჯარო. იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის, შუამდგომლობის განხილვაში მონაწილე პირებისა და იმ უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის, რომელმაც უნდა აღასრულოს ეს სასამართლოს გადაწყვეტილება.“.

16. 140-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შუამდგომლობა მისი განხილვისათვის საჭირო მასალების ასლებთან ერთად წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილიდან ბრალდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო, მოსამართლეს შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.“.

17. 145-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს ამ კოდექსით დადგენილი წესით უფლება აქვს ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში, ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.“;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს, როგორც ბრალდებული, ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა.“.

18. 152-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, გირაო, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.“.

19. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები

1. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას და ასევე საკითხს დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში, მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის LXIV1 თავის დებულებათა შესაბამისად.“.

20. 161-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

21. 162-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის წარდგინების საფუძველზე პროკურორის მიერ შედგენილი მოტივირებული შუამდგომლობით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულის პატიმრობის ვადა შეიძლება გააგრძელოს 1 თვემდე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე კიდევ 1 თვემდე აგრძელებს პატიმრობის ვადას.“;

ბ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

22. 166-ე და 167-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

23. 168-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 168. გირაო

1. გირაო არის ფულადი თანხა, მოძრავი ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს თანხის ნაცვლად შეტანილი მოძრავი ქონება შესანახად გადაეცემა საქმის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. პროკურორი სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის დროს განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს გირაოს თანხის ნაცვლად შეუძლია შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ან მოძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე ნაკლები.

3. გირაო, როგორც წესი, არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.

4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი ან გამომძიებელი პროკურორის თანხმობით მიმართავს შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეტანა ან მისი ეკვივალენტური მოძრავი ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. სასამართლო უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით ბრალდებულს შეუფარდოს წინასწარი პატიმრობა მის მიერ პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის გირაოს სრული ან ნაწილობრივი (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) მოცულობით შეტანამდე.

7. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სასამართლოს მიერ პირის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, მოძრავი ან უძრავი ქონება კი გადაეცემა სახელმწიფოს.

8. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდებათ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით), მოძრავი ან უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

9. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სახელით გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით), მოძრავი ან უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება.“.

24. 169-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

25. 170-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.“.

26. 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების უზრუნველსაყოფად.“.

27. 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 181. ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა

1. ბრალდებული, განსასჯელი ან პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს ერთი თვის ვადისა.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს იმ მოსამართლის ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.“.

28. XXII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად“.

29. 212-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და დაპატიმრებისა, რომელთა ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.“.

30. 243-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი“;

ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა მხარეებმა 24 საათში შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ სასამართლოში. ეს ბრძანება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცემისთანავე. ამ ნაწილით გათვალისწინებული წესით სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. სასამართლო მხარეთა საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 48 საათში.“.

31. 245-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 245. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება

სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება ხდება პროკურორის მოტივირებული დადგენილებით ან პროკურორის შუამდგომლობით მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით).“.

32. 248-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დავალება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იგზავნება საქართველოს გენერალური პროკურორის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მეშვეობით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეშვეობით.“.

33. 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დავალება სრულდება საქართველოს გენერალური პროკურორის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.“.

34. 252-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა

თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან, გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილ პროკურორს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნულ მასალებს უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისხლისსამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელსუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.“.

35. 263-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანონიმური ცნობების საფუძველზე გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია დაიწყოს წინასწარი გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური ცნობის საფუძველზე.“.

36. 283-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მას წაეყენოს ბრალდება და პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვე-ვაზე, როდესაც ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას ან სხვა მიზეზით შეუძლებელია მისთვის ბრალდების პირადად წარდგენა, გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გაუგზავნოს ბრალდებულს ფოსტით ან გადასცეს მის დამცველს. განსაკუთრებულ შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის მოყვანის შესახებ. თუ ბრალდებული დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.“.

37. 284-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდების წაყენების შემდეგ ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, მის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

3. დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი უფლებამოსილია დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული ბრალდების წარდგენის წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ბრალდებულს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ გაეგზავნა ფოსტით ან გადაეცა მის დამცველს.“.

38. 285-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ, წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში.

3. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს.“.

39. XXXVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაკითხვა“.

40. 311-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდების წაყენების შემდეგ პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია დაკითხოს ბრალდებული დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ბრალდებული თავს არიდებს გამოცხადებას, – მისი მიყვანისთანავე.“;

ბ) 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

41. 314-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

42. 357-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსპერტიზის ჩატარების წინაპირობა არ შეიძლება იყოს რევიზია.“.

43. 358-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

44. 364-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 364. ალტერნატიული ექსპერტიზა

1. მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

2. თუ ბრალდებული ან განსასჯელი არასმქონეა, მას უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე, სისხლის სამართლის საქმესთან უშუალოდ დაკავშირებული ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართოს სასამართლოს ან სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.“.

45. 401-ე – 408-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

46. 410-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ პატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა და შესაძლო საპროცესო კონფისკაციისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.“.

47. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4161 და 4162 მუხლები:

    „მუხლი 4161. შეტყობინება საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ

1. გამოძიების დამთავრების და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსთვის გადაგზავნის შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს (მათ შორის პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს), დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. შეტყობინებასთან ერთად გამომძიებელი ბრალდებულს და მის დამცველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ხარჯით გადაიღონ სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალის ასლი (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან), ასევე განუმარტავს უფლებას სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გაცნობის შესახებ. თუ ბრალდებული არასმქონეა, საქმის მთელი მასალის ასლი მას გადაეცემა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ბრალდებული თანამდებობის პირი ან რეკეტირია, ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.

2. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გასაცნობად ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს მეშვეობით.

    მუხლი 4162. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე საქმის სასამართლოში გაგზავნა

1. თუ გამოძიების დამთავრებამდე რომელიმე მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის მიღება ჭიანურდება და ამასთანავე, არსებობს საბრალდებო დასკვნის შესადგენად საკმარისი მტკიცებულებები, პროკურორი უფლებამოსილია საქმე საბრალდებო დასკვნით გაგზავნოს სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნის დართვის გარეშე. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა შესაძლებელია საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს.

2. მხარეები ვალდებული არიან საბრალდებო დასკვნის შედგენამდე ერთმანეთს აცნობონ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თუ მხარეს არ ეცნობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას.“.

48. 417-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო გამწესრიგებელი სხდომის ჩატარება სავალდებულოა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე.“.

49. 420-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულის ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადების შემთხვევაში, რაც დადასტურებული იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის (ექსპერტების) მიერ, მოსამართლე (სასამართლო) გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.“.

50. 429-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

51. 499-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხად მდგომარეობაში იყო ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაავადდა ფსიქიკურად, სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახით იძულებითი მკურნალობის გამოყენების შესახებ.“.

52. 503-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.“.

53. 509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;“.

54. 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

55. 607-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით (დადგენილებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადდა ფსიქიკურად ან დაავადებულია სხვა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა, – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;

გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;

დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.“.

56. 608-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან, თუ იგი ფსიქიკურად დაავადებულია მისი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან/და სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სამედიცინო ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებული პირის მიმართ სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.“.

57. 616-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა, ფსიქიკური ავადმყოფის მიმართ გამოყენებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება, გაგრძელება ან შეწყვეტა.

2. თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ხდება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტან სასამართლოს.“.

58. 662-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეეძლო თუ არა პირს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან/და ეხელმძღვანელა მისთვის;“.

59. 667-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა ან შეურაცხმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, სასამართლო (მოსამართლე) გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით აუქმებს ადრე არჩეულ აღკვეთის ღონისძიებას. თუ პირს დანაშაულის ჩადენის შემდეგ განუვითარდა ფსიქიკის დროებითი აშლილობა და იგი საჭიროებს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახით იძულებითი მკურნალობის გამოყენებას, სასამართლოს შეუძლია ამ პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გააუქმოს მისი ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში.“.

60. 677-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 677. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება

პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლო ცვლის ან აუქმებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას. პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გაუქმებისას პირის მიმართ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ამ კოდექსის 678-ე მუხლის შესაბამისად.“.

61. 678-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ სამედიცინო დაწესებულების საექიმო კომისიის დასკვნა, სადაც პირი იძულებითი მკურნალობისათვის იმყოფება. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტი (ექსპერტები);“;

ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საექიმო კომისიის დასკვნას დასაბუთებულობის შემოწმების დამთავრებისთანავე სასამართლო ისმენს მხარეთა კამათს, რომელიც შედგება პროკურორისა და დამცველის სიტყვებისაგან. თუ სასამართლო საექიმო დასკვნას სარწმუნოდ მიიჩნევს, იგი აუქმებს სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას და აგრძელებს სისხლის სამართლის პროცესს განაჩენის გამოსატანად.“.

62. 6791 მუხლს მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.“.

63. 6793 მუხლს მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია უშუალოდ ბრალდებულისაგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.“.

64. 6804 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პატიმრობის დროებითი ვადები“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილების ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2–მე-9 ნაწილები.“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.“;

დ) მე-10 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

65. 6805 მუხლი ამოღებულ იქნეს.

66. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6808 მუხლი:

     „მუხლი 6808. აღკვეთის ღონისძიებების სახეების: შინაპატიმრობის, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემისა და ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ მოქმედების ვადები

ამ კოდექსის 166-ე (შინაპატიმრობა), 167-ე (პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა) და 169-ე (ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ) მუხლებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების სახეები მოქმედებს მათი გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადით.“.

67. 681-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 16 დეკემბერი.

№2265–რს