საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 27/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.031
  • Word
2264
16/12/2005
სსმ, 55, 27/12/2005
080.000.000.05.001.001.031
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 34-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.“.

2. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის (არანაკლებ ერთი წლისა) მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.“.

3. 104-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. პირის მოთავსება საექსპერტო დაწესებულებაში სტაციონარული ექსპერტიზისათვის შეიძლება 1 თვემდე ვადით. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი თვით, ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. თუ მეთვალყურეობის შედეგად დადასტურდა, რომ პირს ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, სასამართლო, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, განიხილავს ამ მუხლის მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს.“;

ბ) მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩვეულებრივი მეთვალყურეობით შეიძლება დაენიშნოს იმას, ვისაც ფსიქიკური მდგომარეობის გამო ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა და მეთვალყურეობა, მაგრამ არა გაძლიერებული მეთვალყურეობით. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩვეულებრივი მეთვალყურეობით ინიშნება არანაკლებ 6 თვისა (გარდა ფსიქიკის დროებითი აშლილობის შემთხვევებისა).

3. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაძლიერებული მეთვალყურეობით შეიძლება დაენიშნოს იმას, ვისაც ფსიქიკური მდგომარეობის გამო ესაჭიროება მუდმივი მეთვალყურეობა. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაძლიერებული მეთვალყურეობით ინიშნება არანაკლებ 12 თვისა (გარდა ფსიქიკის დროებითი აშლილობის შემთხვევებისა).

4. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკაცრი მეთვალყურეობით შეიძლება დაენიშნოს იმას, ვისი ფსიქიკური მდგომარეობაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის თვითონ მას ან სხვას და ვისაც ესაჭიროება მუდმივი და ინტენსიური მეთვალყურეობა. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკაცრი მეთვალყურეობით ინიშნება არანაკლებ 18 თვისა (გარდა ფსიქიკის დროებითი აშლილობის შემთხვევებისა).“.

4. 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას აგრძელებს, ცვლის ან წყვეტს სასამართლო იძულებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინებით, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიაში მონაწილეობს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტ-ფსიქიატრი (ექსპერტ-ფსიქიატრები).

2. იმას, ვისაც დაენიშნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, ამოწმებს ექიმ-ფსიქიატრთა კომისია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტ-ფსიქიატრის (ექსპერტ-ფსიქიატრების) მონაწილეობით იმ საკითხის გადასაწყვეტად, არსებობს თუ არა ასეთი ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან გაგრძელების შესახებ სასამართლოში წარდგინების შეტანის საფუძველი. თუ ასეთი საფუძველი არ არსებობს, მაშინ იძულებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია სასამართლოს წარუდგენს სათანადო დასკვნას.“.

5. 107-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას წყვეტს სასამართლო ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტ-ფსიქიატრი (ექსპერტ-ფსიქიატრები).“.

6. მე-200 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) პირთა ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.“.

7. 332-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ამ თავის 332-ე, 333-ე, 334-ე, 335-ე, 336-ე, 338-ე, 339-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით დადგენილი სამოხელეო დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის გამომცემი თანამდებობის პირის (მათ შორის, შესაბამისი კოლეგიალური ორგანოს წევრების) მიერ ჩადენილ დანაშაულსაც.“.

8. 342-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 342. სამსახურებრივი გულგრილობა

1. სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 16 დეკემბერი.

№2264–რს