„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 30/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.002.288
  • Word
3172
25/05/2006
სსმ, 17, 30/05/2006
300.380.000.05.001.002.288
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის რესურსების მოცულობისათვის (რაოდენობისათვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისა და 1000 კუბური მეტრი გაზისათვის ლარებში შეიტანება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში და ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებაში;“;

ა.ბ) „წ“, „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) სამთო მინაკუთვნი – ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;

ჭ) გეოლოგიური მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული წიაღის ნაწილი, რომელიც გამოიყენება შესაბამისად გეოლოგიური შესწავლის მიზნით. გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;

ხ) მიწის მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია. მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;“;

ა.გ) „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) არსებული ხელშეკრულება – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს ან/და სახელმწიფოს სახელით ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და ინვესტორს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია;

ა.გ) ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – საქართველოს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას;“;

ა.დ) „ა.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.მ) რეგულირების საფასური – განსაზღვრულია „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია, განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით);

პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;“;

ბ.ბ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც ნავთობისა და გაზის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია;

ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგენს განაცხადს ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიის ან ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მიღების მიზნით;“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციები და ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან ტრანსპორტირების საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. “.

3. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა, შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბება;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობაში სახელმწიფო მარეგულირებელი უფლებამოსილების ერთ მარეგულირებელ ორგანოში გაერთიანება და მისი ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა.“.

4. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების სახელმწიფო რეგულირება“.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია არის ამ კანონის და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას.

3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

4. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო განრიგს.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკებების წარმოებისას კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო დაწესებულებისაგან სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან;

ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. კომისიის განაცხადის მიღებისთანავე საქართველოს ყველა სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;

ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით წარმოშობილი მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

თ) საბაზრო პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;

კ) რეგულირების საფასურის დადგენა არა უმეტეს „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და დადგენილი წესით მისი განკარგვა;

ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება;

მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;

ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანობის მიზნით;

რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა.

6. ამ მუხლის მე5 პუნქტით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისას კომისია იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ.“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. კომისიის თავმჯდომარე კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

5. კომისიის სამართლებრივი აქტები (კომისიის დადგენილება და კომისიის გადაწყვეტილება) მიიღება კომისიის სხდომაზე.

6. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება 3 წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3. პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

4. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

5. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილია ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

6. კომისიის თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე, მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

7. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

     „მუხლი 82. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:

ა) ნებაყოფლობით გადადგა;

ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ან ამ კანონის 84 მუხლის მოთხოვნები;

ვ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ზ) გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრის განთავისუფლება ხდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:

     „მუხლი 83. კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი:

     „მუხლი 84. კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. კომისიის აპარატის თანამშრომელი, გარდა დამხმარე მოსამსახურისა, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

6. კომისიის წევრი, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 მუხლი:

     „მუხლი 85. კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 86 მუხლი:

     „მუხლი 86. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1. კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები.

4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 87 მუხლი:

     „მუხლი 87. კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, კომისიის თავმჯდომარის ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ორჯერ. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის არანაკლებ 2 წევრი.

5. კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

6. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 88 მუხლი:

     „მუხლი 88. კომისიის ბიუჯეტი

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისთვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური, ამ კანონით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. რეგულირების ყოველწლიური საფასური დგინდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 89 მუხლი:

     „მუხლი 89. კომისიის ანგარიში

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისისთვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში.

2. კომისია საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს.

3. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.

4. კომისიის ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) ნავთობისა და გაზის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) ნავთობისა და გაზის სფეროში მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;

გ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;

დ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ე) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ვ) ნავთობისა და გაზის სფეროში საინფორმაციო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ;

ზ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

თ) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ: კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები და კომისიის მიერ ამ თანხების წლის განმავლობაში გამოყენება, კომისიის მიერ წლის განმავლობაში აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები;

ი) აუდიტის დასკვნას.

5. კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას. ანგარიშის ძირითადი დასკვნები და საჯარო განხილვის შედეგები უნდა აისახოს ნავთობისა და გაზის სფეროს პრიორიტეტებში.“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 810 მუხლი:

     „მუხლი 810. ანგარიშვალდებულება და სანქციები

1. ნავთობისა და გაზის სფეროში საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

2. ლიცენზიის მფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის სრულ ანგარიშს და აუდიტის დასკვნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს.

4. კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

5. ლიცენზიის მფლობელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

6. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

7. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების უფლება. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.“.

17. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ამ ხელშეკრულების პარაფირება კომისიის მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე;“.

18. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა

1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ კომისიის მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს ხელშეკრულებაში და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში.

2. კომისია განსაზღვრავს ტენდერის და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას და ატარებს მათ რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაბამისად ტენდერის ან აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე.

3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოს არსებობაც, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან (საჭიროების შემთხვევაში – სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან) შეთანხმებით.

4. ინვესტორმა, რომელსაც სურს კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობა, კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნავთობისა და გაზის ძებნაძიების ან/და ექსპ-ლუატაციის ფორმები და პარამეტრები;

ბ) განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან;

გ) მონაცემები განმცხადებლის მფლობელების და მმართველი პერსონალის შესახებ;

დ) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და საექსპლუატაციო ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ვ) განმცხადებლის გამოცდილება (კვალიფიკაცია) და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ზ) განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ;

თ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი კომისიას მიაწვდის სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები.

5. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და წარადგენს ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს. ინვესტორის ტენდერში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება კომისიასა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, კომისიას უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი;

გ) თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის ჩატარდება აუქციონი;

დ) თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში კომისიასა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდება, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება;

ე) თუ ტენდერის მოთხოვნებს ვერც ერთი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს, კომისია ტენდერს გაუქმებულად აცხადებს.

6. აუქციონის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება კომისიასა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ არ არის ფასიანი შეთავაზებები, კომისია აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.

7. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის კომისიის მიერ დადგენილ შენატანს, რომელიც მას აღარ უბრუნდება.“.

19. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიას შეუძლია მოამზადოს და გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოდელური ფორმები.“.

20. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიასა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად;

ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობასა და დასახარჯი თანხის ოდენობას;

გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს;

დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასისა და საკომპენსაციო ნავთობის ღირებულების განსაზღვრის წესს;

ე) მოპოვებული ნავთობისა და გაზის საკუთრების უფლებას;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესასრულებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებს და მოვალეობებს;

ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს;

თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს;

ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს;

კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას;

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიური პროგრამების შედგენის და მათი დაფინანსების ვადებსა და წესებს;

მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს;

ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას;

ო) ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს;

პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს;

ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებებს;

რ) წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას;

ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს;

ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს;

უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს;

ფ) ხელშეკრულების პირობების და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის განხორციელების მექანიზმს;

ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს;

ღ) დაზღვევის პირობებს;

ყ) ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს;

შ) დავათა განხილვის წესს;

ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს;

ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

12. ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს სახელმწიფოს სახელით ფინანსური ან/და ქონებრივი ვალდებულების აღებას, რომელიც სცილდება ამ კანონის რეგულირების სფეროს.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თუ ამ ცვლილებებით არ ირღვევა ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის პირობები.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით (საქმიანობით) მოპოვებული ნავთობი და გაზი სახელმწიფოს და ინვესტორის საკუთრებაა.“.

21. მე-13 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა ავტომატურად, კომისიის მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ნავთობისა და გაზის სამუშაოების წარმოების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისთვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესრულების მიზნით. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური. გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ლიცენზიასთან ერთად. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური.“;

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბუნებრივი რესურსებით (ნავთობითა და გაზით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობის მიხედვით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახელმწიფოსათვის გადახდის აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე;“;

ბ.ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ გადასახდელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ გადასახადებს და გადასახდელებს:

ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე;

ზ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იმ ოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.დ) შესაბამის სოციალურ გადასახადებს;

ზ.ე) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;

ზ.ვ) საბაჟო გადასახადს და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან გასხვისდება სხვა ფორმით, ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით გადაცემისა;

ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;

თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლება-მოვალეობებს:

თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან;

თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება საბაჟო და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე მხარისთვის/მხარეებისთვის (ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახდელების (გადასახადის და მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება გადასახადისა და ყველა სხვა გადასახდელისაგან;“.

22. მე-14 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და ნავთობისა და გაზის სხვა ოპერაციების წარმოების შესახებ იღებს კომისია;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით. კომისიის გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.“.

23. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურება ანაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით, საიჯარო სამუშაოებისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით. ცალკეულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაწეული მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება მოპოვებული ნავთობითა და გაზით. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს შეიძლება მიეცეს მისი მომსახურებით მიღებული პროდუქციის ნაწილის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.“.

24. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის გამცემი ორგანო

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს კომისია.“.

25. მე-16 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა“.

26. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინვესტორსა და კომისიას უფლება აქვთ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულებებისაგან.“.

27. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიას უფლება აქვს მოუხსნას ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა:

ა) ჭაბურღილის ბურღვის, შემოწმების ან შეკეთების დროს;

ბ) მილსადენის ან სხვა მოწყობილობის დაზიანებისას;

გ) ფორსმაჟორის შემთხვევაში.“.

28. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს კომისია ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში. ლიცენზია უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების იდენტურ პირობებს.

2. ინვესტორი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

3. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი ანაზღაურებს ტენდერის ან აუქციონის ჩატარების ხარჯებს კომისიის მიერ დადგენილი წესით.

4. სალიცენზიო მოსაკრებელი საკომპენსაციო ნავთობით და გაზით არ ანაზღაურდება.“.

29. მე-20 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით კომისია იმავდროულად გადასცემს ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. თუ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს), ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინვესტორმა მიწის მესაკუთრესთან უნდა დადოს ხელშეკრულება მესაკუთრის მიერ მისთვის ამ მიწის ნაკვეთის გამოყენების ექსკლუზიური უფლების ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადაცემის შესახებ. ეს ხელშეკრულება ინვესტორმა უნდა წარუდგინოს კომისიას ხელშეკრულების დადების მიზნით, კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

3. კომისიას აქვს ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლება სასამართლოში განცხადების შეტანის გზით. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლების განსახორციელებლად კომისია შეიმუშავებს და იღებს შესაბამის წესებსა და ნორმატიულ აქტებს.

4. თუ ინვესტორი ვერ მიაღწევს შეთანხმებას მიწის მესაკუთრესთან მისი მიწის ნაკვეთის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის განსაზღვრული ვადით გამოყენების თაობაზე, ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ემინენტ დომეინის საქმის დასაწყებად. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლოში განცხადების შეტანის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დაფაროს ემინენტ დომეინის საქმის საწარმოებლად საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაეცემა მიწის მესაკუთრეს.“.

30. 22-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი კომისიასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი რჩება პასუხისმგებელი აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინვესტორი წერილობით ატყობინებს კომისიას ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული უფლებამოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის შესახებ.

2. კომისიისაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი პირს (მესამე მხარეს), რომელიც არ არის აფილირებული კომპანია, თუ ეს პირი ფლობს სათანადო ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს და აქვს გადაცემული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების გამოცდილება. ინვესტორი კომისიას წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში კომისია წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას, ხოლო უარის შემთხვევაში – მიზეზსაც. კომისიის პასუხი არ უნდა იყოს უმიზეზოდ გადავადებული. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი ამ მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.

3. სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის არსებობისას, კომისიისაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ინვესტორს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს ნებისმიერ პირს (მესამე მხარეს) თავისი უფლება-მოვალეობები. პირი, რომელსაც გადაეცა უფლება-მოვალეობები, წერილობით ატყობინებს კომისიას უფლება-მოვალეობების მისთვის გადაცემის შესახებ. ინვესტორი კომისიას წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში კომისია წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.

4. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა ფორმდება წერილობით. ეს დოკუმენტი არის ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი და ლიცენზიის ხელახლა გაცემის დროს ავტომატურად გაიცემა. ლიცენზიის ხელახლა გაცემა განხორციელდება ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში. ასეთი დოკუმენტის შინაარსს და ფორმას ადგენს კომისია.

5. კომისიის წერილობითი თანხმობით ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების განხორციელების მიზნით გამოიყენოს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ფინანსური ოპერაციების წარმოების უზრუნველყოფის გარანტია.

6. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემა არ იბეგრება.

7. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მესამე მხარი-სათვის გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი კომისიას უნაზღაურებს გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.“.

31. 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბადოს ერთობლივი ათვისების აუცილებლობის შემთხვევაში ინვესტორებმა შეიძლება დადონ ხელშეკრულება საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ. საბადოს ერთობლივი ათვისების პროექტი (ტექნოლოგიური სქემა) შეთანხმებული უნდა იყოს კომისიასთან.

3. თუ ინვესტორები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ, საკითხს დამოუკიდებელი ექსპერტული დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტს კომისია. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ექსპერტიზის ხარჯებს ნავთობისა და გაზის სავარაუდო მისაღები წილის პროპორციულად გაიღებენ ინვესტორები.“.

32. 24-ე მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომისიისათვის დაგეგმილი სამუშაოების პროგრამისა და პროექტის განხორციელების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენა;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კომისიისთვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა, ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში კომისიისათვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში;“.

33. 251 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 251. ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა

ტრანსპორტირება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა გადამზიდველისათვის არადისკრიმინაციულ საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

34. 252 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელს, მის აფილირებულ კომპანიას ან სხვა პირს უფლება აქვს კომისიაში შეიტანოს განაცხადი ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად მხოლოდ მის მიერ წარმოებული ან მისი ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით.

2. კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად ლიცენზიის მფლობელმა სხვა გადამზიდავებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მილსადენის ჭარბი (გამოუყენებელი) სიმძლავრე არადისკრიმინაციულ საფუძველზე, თუ:

ა) მიზანშეწონილი საოპერაციო ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს მოთხოვნისა და წარმოების ექსპანსიის პოტენციას, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით, მილსადენის სრული სიმძლავრე რეგულარულად არ გამოიყენება ლიცენზიის მფლობელის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მფლობელი ხელშეკრულებას დადებს ან შესთავაზებს მის დადებას მესამე მხარეს, რომელიც არ არის მისი აფილირებული კომპანია, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის.“.

35. 253 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია განიხილავს ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს, ადგენს ტარიფს, ამტკიცებს ტრანსპორტირების მომსახურების პირობებს.

2. ტრანსპორტირების კომპანიისა და გადამზიდავის ინტერესების დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილება არსებულ ტარიფში.

3. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი:

ა) იცავს გადამზიდავს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს საკუთარი ხარჯები, რომლებიც მოიცავს: ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების დასაბუთებულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტირების კომპანია აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის პირობებს მომსახურების ხარისხზე;

დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ტრანსპორტირების სფეროში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ხარჯებისა და ფასების ასახვით, აგრეთვე ტრანსპორტირების მომსახურების სიჭარბისა და სიმცირის რეგულირებით;

ე) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ეკონომიკურად გამართლებული ყველა ხარჯი, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები, და რეგულირების საფასური.“.

36. 254 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატარიფო განაცხადის განხილვისა და ტარიფის დადგენისათვის კომისია ნორმატიული აქტებით განსაზღვრავს შემდეგ წესებსა და პროცედურებს:

ა) სატარიფო განაცხადის მიღების წესს;

ბ) სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს;

გ) გადამზიდავისა და სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ტარიფის დასაბუთების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯების გამოთვლის მეთოდებსა და პროცედურებს.

2. ტარიფი ძალაში შედის კომისიის მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე კომისიის მოთხოვნას. ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯები აისახება რეგულირების საფასურში.“.

37. 255 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 255. საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო

საქმიანობის ლიცენზიას გასცემს კომისია.“.

38. 256 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 256. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

1. კომისია ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.

2. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:

ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, მმართველი პერსონალის რეკვიზიტები, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ასევე იურიდიული პირის საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაციის ორგანო;

ბ) ყველა იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც ფლობს აქციების 5 ან მეტ პროცენტს ან განმცხადებლის მოგების პროცენტს.

3. განაცხადს უნდა ერთოდეს:

ა) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა;

ბ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;

გ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;

დ) ინფორმაცია განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობისა და იმ თანხის წყაროს შესახებ, რომელსაც იგი გამოიყენებს საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;

ე) დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ვ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი კომისიას მიაწვდის სრულ ინფორმაციას საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

4. თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას:

ა) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზედაც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით;

გ) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა იმ მოვალეობების შესრულებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან;

დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ასეთი ინტერესის შესახებ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს კომისიის მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება.

5. თუ განმცხადებელი არის აფილირებული კომპანია, მაშინ მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფინანსური და საქმიანობის შესრულების გარანტიები.

6. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს მიეცემა შესაბამისი საქმიანობის უფლება, კერძოდ:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას და საქმიანობა განახორციელოს საქმიანობის ლიცენზიის შესაბამისად;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს კომისიის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის; წინასწარ შეატყობინოს კომისიას საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. კომისიას უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა;

დ) განმცხადებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის.“.

39. 257 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 257. საქმიანობის შემოწმება

განხორციელებული საქმიანობის საქმიანობის ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად, კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს ქარხანა და სატრანსპორტო საშუალება სამუშაო პროცესში და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.“.

40. 258 მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ექვსი თვით ადრე წერილობით შეატყობინოს კომისიას საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

2. ავარიის შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, გამოასწოროს ავარიის შედეგები, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას ავარიით მიყენებული ზიანი, საქმიანობის ლიცენზიისა და კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიას ასეთი შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს დეტალური ანგარიში.

3. კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების განხილვის საფუძველზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიას უფლება აქვს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი:

ა) არ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას;

ბ) არ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს;

გ) არ ასრულებს კომისიის სამართლებრივ აქტებს;

დ) არ ასრულებს ამ კანონის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.“;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვას და დაიცვას თავისი უფლებები.

8. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვიდან 10 დღის განმავლობაში კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.“;

ე) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ნებისმიერ დროს, მათ შორის, საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის პერიოდში, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს მისთვის საქმიანობის ლიცენზიით, კომისიის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და დაზიანებული მიწის აღდგენის ვალდებულებებს), ფინანსურად აგებს პასუხს ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებათა შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიასთან ერთად შექმნილ სალიკვიდაციო ფონდში წინასწარ გადარიცხოს აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დასაფარავად საკმარისი თანხა ან კომისიას წარუდგინოს აკრედიტივი ამ თანხის გადახდის შესახებ.“.

41. 259 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი კომისიისათვის 30 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების შემდეგ უფლებამოსილია, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი საქმიანობის ლიცენზიაზე ამ პირის სასარგებლოდ.

3. საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზნით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს კომისიას. განცხადებას უნდა დაერთოს მესამე პირის განაცხადი და საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია. მესამე პირისათვის საქმიანობის ლიცენზიის გადაცემის მომენტიდან წინა ლიცენზია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად მიიჩნევა.

4. კომისია განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან ისეთი ცვლილებით გაცემის შესახებ, რომელიც შეესაბამება ამ კანონსა და კომისიის ნორმატიულ აქტებს. კომისია გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ დაასკვნის, რომ:

ა) განმცხადებელს აქვს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და შესაბამისი გამოცდილება (კვალიფიკაცია), რათა წარმართოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და შეასრულოს მისთვის გადაცემული მოვალეობები;

ბ) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამა საკმარისია წინა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის წარსამართად, შეცვლილი პირობების, მათ შორის, ფასების, საბაზრო მოთხოვნის, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების მიწოდების შესაძლებლობის ან სხვა შესაბამისი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.

5. მესამე პირისთვის გადაცემული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ხანგრძლივობა უდრის წინა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის ხანგრძლივობას.

6. კომისიას წინასწარი წერილობითი თანხმობით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ამ ლიცენზიით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების გარანტია.“.

42. 2510 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომისიისათვის სავალდებულო შეტყობინების შემთხვევაში შეცვალოს ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგია და საშუალებები, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სახეობა და შემადგენლობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და კომისიის სამართლებრივი აქტები;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს კომისიას სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად კომისიას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიცირებისათვის მიიღოს კომისიის ნებართვა;“;

ბ.გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ამ კანონის შესაბამისად კომისიას წარმოუდგინოს ფინანსური გარანტია საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტასთან, ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალებების დახურვასთან დაკავშირებით.“.

43. 2511 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განიხილავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის ახალ სტანდარტებს და მონაწილეობს მათ დამტკიცებაში.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ლაბორატორიას გასასინჯად ნედლეულს ან ნავთობგაზ-პროდუქტების ნიმუშებს. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება კომისიას.

3. კომისიის ექსპერტებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების ნიმუშები და წარუდგინონ ლაბორატორიას გასასინჯად. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება კომისიას.

4. თუ ნედლეულის ან ნავთბპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, კომისიას უფლება აქვს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებას.“.

44. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა), ჩამოყალიბებისთანავე გადაეცემა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.“.

45. 301 მუხლი ამოღებულ იქნეს.

46. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 303 მუხლი:

     „მუხლი 303. გარდამავალი დებულებანი

1. 2006 წლის 1 ივლისამდე დაინიშნონ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.

2. კომისიამ 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს“ ბალანსზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კომისიისათვის გადაცემა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3172-Iს