„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 19/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.002.001
  • Word
2126
25/11/2005
სსმ, 53, 19/12/2005
110.040.000.04.001.002.001
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სადისციპლინო პალატა.“.

2. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81

1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას სამი წევრის შემადგენლობით სამი წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

2. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრის გათავისუფლების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მის დამტკიცებამდე, არა უმეტეს ექვსი თვისა, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.

5. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები სრულყოფილად ახორციელებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო პალატისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, გადასინჯავს განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით. პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.“.

5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმეთა განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 15 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2126_IIს