საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3090-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017621
3090-IIს
19/02/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
090000000.05.001.017621
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში.“.

  2. 147-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 147. ნიმუშის აღება

  1. ნიმუშის აღება ტარდება მხარის მიერ. მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში.

   2. თუ ნიმუშის აღებისათვის აუცილებელია ქირურგიული ან სამედიცინო საშუალებების გამოყენება, ნიმუშს იღებს ექსპერტი.

   3. ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.

  4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების დაწყებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა  არასამუშაო დროს ემთხვევა − ამ დროის გასვლიდან არაუგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ნიმუშის აღების შესახებ უნდა შეატყობინოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს მას შუამდგომლობა ნიმუშის აღების კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს ამ საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო საქმის მასალების შესვლიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება.

  5. ნიმუშის აღება, რომელიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული, აგრეთვე მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან თუ ის ფსიქიკურად დაავადებულია, ან სასამართლოს განჩინებით.“.

  3. 219-ე მუხლის:

  ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე  ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.“;

   ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

  „6. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მოსამართლე საჩივარს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საქმეს უბრუნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წინასასამართლო სხდომის გამართვას ამ კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.“;

  გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

 „7. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.“.

  4. 330-ე მუხლის:

  ა) 31 ნაწილი ამოღებულ იქნეს;  

  ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3090-IIს