დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1904 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/09/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 07/10/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.001.970 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 160-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები ან სხდომის დახურვა აუცილებელია წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.“.
2. 202-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო განხილვას“.
3. 203-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე უარს იტყვის გამოცხადებაზე ან ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, მას დაეკისრება ფულადი ჯარიმა 500 ლარამდე ოდენობით.
3. იძულებით მოყვანის შემთხვევაში პროცესის მონაწილე არ თავისუფლდება გამოძახებისას გამოუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობისაგან.“.
4. 204-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის ყალბ დასკვნას, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს, დაზარალებულის ან მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 3711, 373-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.“.
5. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 205. პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის მოსამართლე (სასამართლო) ფულად ჯარიმას 500 ლარამდე ოდენობით დააკისრებს:
ა) დაზარალებულსა და მოწმეს, რომლებიც უარს იტყვიან შემოწმების, ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე;
ბ) სხვა პირებს, რომლებიც ხელს შეუშლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარებას;
გ) იურიდიულ პირთა ან ადმინისტრაციულ ორგანოთა ხელმძღვანელებს, რომლებიც ხელს შეუშლიან გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა გამოცხადებას, რომლებიც არიან: ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები; აგრეთვე იმისთვის, თუ განუხილველი დარჩა ან/და დროულად არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას (დადგენილებას) ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ.“.
6. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. პასუხისმგებლობა სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის
1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სასამართლო სხდომის დარბაზში – სხდომის თავმჯდომარე, რომელიც გასცემს სათანადო განკარგულებებს. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.
2. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეს და სხდომაზე დამსწრეს მოსამართლის განკარგულებით ან სასამართლოს განჩინებით აჯარიმებენ ან/და აძევებენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან და საქმის მოსმენა მის დაუსწრებლად გრძელდება. დარბაზიდან გაძევებული პირის მიმართ, რომელიც კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობა.
3. თუ მოსამართლის განკარგულება ან სასამართლოს განჩინება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე დამცველი ახორციელებდა. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომელიც ეგზავნება შესაბამისად ზემდგომ პროკურორს ან ადვოკატთა გაერთიანებას.
4. თუ ბრალდებული ან განსასჯელი გაძევებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სასამართლო განაჩენი, განჩინება ან დადგენილება ცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, – ბრალდებულის ან განსასჯელის გარეშე, რის შემდეგაც მას ხელწერილით გადაეცემა განაჩენის, განჩინებისა თუ დადგენილების ასლი.
5. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, გარდა ბრალდებულისა და განსასჯელისა, მოსამართლის განკარგულებით ან სასამართლოს განჩინებით, რომელიც იმავე სასამართლო სხდომაზე, ადგილზე თათბირით უნდა იქნეს გამოტანილი, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილში განსაზღვრულ ფარგლებში.
6. თუ სასამართლოს მიმართ გამოხატულია აშკარა და უხეში უპატივცემულობა, მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია გამოიტანოს განკარგულება (განჩინება) პირის 30 დღე-ღამემდე ვადით დაპატიმრების შესახებ. აღნიშნული განკარგულება (განჩინება) დაუყოვნებლივ აღსრულდება. თუ განკარგულება (განჩინება) გამოტანილი იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს ამ ვადით. მოსამართლის (სასამართლოს) აღნიშნული განკარგულება (განჩინება) შეიძლება 24 საათის განმავლობაში გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, საჩივრის შესვლიდან 24 საათში იხილავს მის საფუძვლიანობას და დადგენილებით აუქმებს ან ძალაში ტოვებს გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებას. დადგენილების შემდგომი გასაჩივრება დაუშვებელია.
7. უზენაესი სასამართლოს (მოსამართლის, პალატის) გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმავე ნაწილით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.“.
7. 453-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 16 სექტემბერი.
№1904–II ს
დოკუმენტის კომენტარები