„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.032.016171
2-28
06/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
340050000.22.032.016171
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-28

2015 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში (სსმ, 92, 25/08/2003, სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113..006.016) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით   დამტკიცებული  „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებისა, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა, მე-12 მუხლის მე-6 და მე-16 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-12 მუხლის მე-6 და მე-16 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან.

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2-183 ბრძანება.


სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია



დებულება

ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების წესის შესახებ


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების წესის შესახებ“ (შემდგომში-დებულება) შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2.  ეს დებულება არეგულირებს  საქართველოში წარმოებული   ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების და სპირტების (შემდგომში – ალკოჰოლიანი სასმელები) შესაბამისობაზე სერტიფიცირების საკითხებს.  
3. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
 

.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები  
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სერტიფიცირება - პროცედურა, რომლითაც ხორციელდება ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხობრივი მაჩვენებლების, თვისობრივი მახასიათებლების მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხობრივი მაჩვენებლები და თვისობრივი მახასიათებლები შეესაბამება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; 
გ) განმცხადებელი - ალკოჰოლიან სასმელებზე სერტიფიკატის მიღების მიზნით განაცხადის წარმდგენი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
დ) ლოტის ნომერი - 11 ნიშნა სპეციალური ნომერი, რომელიც იძლევა ლოტის იდენტიფიკაციის საშუალებას; 
ე) ალკოჰოლიანი სასმელების ჩამოსხმის  პირობები - ალკოჰოლიანი სასმელების ჩამოსხმის პროცესის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა ცვლილებამაც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების და თვისობრივი მახასიათებლების შეცვლა;
ვ) საინსპექციო კონტროლი - პროცედურა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო, სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი ნიმუშის ლოტთან მიმართებაში იდენტურობის  დასადგენად.
 

მუხლი 3. რეგისტრაცია
1. სერტიფიკატის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის (შემდგომში - პირი) რეგისტრაცია სააგენტოში  წარდგენილი განაცხადის საფუძველზე (დანართი №1). 
2. რეგისტრირებული ღვინის მწარმოებელთა რეესტრი ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.
3. რეგისტრირებულ პირებს სააგენტოს მიერ  ენიჭება  უნიკალური ხუთნიშნა კოდი, ხოლო  სააგენტოს ელექტრონული სერტიფიცირების პროგრამაში (შემდგომში – ესპ) რეგისტრაციისას - ავტორიზაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი სახელი და პაროლი.
 

მუხლი 4. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პროცედურები
ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება მოიცავს:
ა) სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენას;
ბ) სასერტიფიკაციო ლოტიდან ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის აღებას;
გ) ნიმუშის ლაბორატორიულ გამოცდას;
დ) ნიმუშის ორგანოლეპტიკურ ტესტირებას;
ე) ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისათვის დადგენილ წესებთან და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მონიტორინგის განხორციელებას;
ვ) საწარმოში არსებული ალკოჰოლიანი სასმელების ნაშთების არსებობის დადასტურებას;
ზ) ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლს, სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
თ) სერტიფიკატის გაცემის (ან მის გაცემაზე უარის თქმის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, სერტიფიკატის რეგისტრაციას და  გაცემას.
 
 

მუხლი 5. სერტიფიცირებაზე  განაცხადის წარდგენა
 1. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკატის მიღების მიზნით განმცხადებელი სააგენტოს წარუდგენს:
ა) განაცხადს  შესაბამისობის  სერტიფიკატის გაცემის შესახებ (დანართი №2);
ბ) ინფორმაციას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე განაცხადის წარდგენის  დროისათვის  საწარმოში ალკოჰოლიანი სასმელების რაოდენობისა და წარმოშობის შესახებ  (დანართი №3);
გ) ალკოჰოლიანი სასმელის შესყიდვის (ან/და უსასყიდლოდ გადაცემის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, თუ ის შესყიდულია ან მიღებულია სხვა პირისაგან.
2. ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტირების განხორციელების მიზნით განმცხადებელი სააგენტოს დამატებით წარუდგენს ინვოისს, რომელშიც სავალდებულოა მითითებული იქნეს ტვირთის წონა, აგრეთვე შესაბამის ენაზე შესრულებული მიმწოდებლის, მიმღებისა და პროდუქციის ზუსტი დასახელება.
3. პირის მიერ განაცხადისა  და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენა ნებადართულია, აგრეთვე ესპ-ის პროგრამის გამოყენებით.
4. განმცხადებელი პასუხისმგებელია მის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილ ინფორმაციის უტყუარობაზე.
5. განმცხადებლის მიერ სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოსთვის არასრული ან/და შეუსაბამო მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა, სერტიფიცირების პროცედურების დაწყებაზე ან/და სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.  
 
 

მუხლი 6. ლოტის ნომერი
1. სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ  ალკოჰოლიან სასმელზე  სავალდებულოა  დატანილ იქნეს ლოტის ნომერი.
2. ლოტის ნომერი შეიძლება დატანილი იქნეს, როგორც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ისე უშუალოდ სამომხმარებლო ტარაზე.
3. ლოტის ნომერი შედგება 11 ნიშნისაგან (გამოსახული ციფრებით ან/და ლათინური ასოებით), რომლის წინ კეთდება აღნიშვნა L (ლოტი). ლოტის ნომრის პირველი ოთხი ნიშანი წარმოადგენს სააგენტოს მიერ  პირისათვის მინიჭებულ უნიკალურ ოთხნიშნა კოდს, ხოლო შემდგომი შვიდი ნიშნით კოდირებულია ალკოჰოლიანი სასმელის ჩამოსხმის  პირობები და თარიღი.
4. ალკოჰოლიანი სასმელის ლოტის მონაცემები (მათ შორის პროდუქციის სახეობა, დასახელება, რაოდენობა, მახასიათებლები) ინახება სააგენტოს საინფორმაციო ბანკში.   
5. სერტიფიკატი გაიცემა, მთლიან ლოტზე ან ლოტის ნაწილზე.
6. ლოტის ნაწილზე სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში იმავე ლოტის დარჩენილი ნაწილის სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოცდის და ორგანოლეპტიკური ტესტირების  ჩატარება სავალდებულო არ არის 6 თვის განმავლობაში.
 

მუხლი 7. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციისათვის ნიმუშის აღება 
1. სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმული ან რაიმე ჭურჭელში მოთავსებული ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების პროცესი  ხორციელდება  ერთი ლოტიდან აღებულ ნიმუშზე.
2. სატრანსპორტო ჭურჭელში (რეზერვუარი, კასრი, ბუტი, სარკინიგზო ან საავტომობილო ცისტერნა)  არსებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუში აიღება ყველა ფენიდან თანაბარი პორციებითა და შემდგომი გაერთიანებით.
 3. ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მისაღებად  პირი თითოეული ლოტის 0,75 ლიტრ ტევადობის 6 ბოთლს (ნაკლები ტევადობის შემთხვევაში ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 5 ლიტრზე ნაკლები) განაცხადთან და სასერტიფიკაციო ნიმუშის აღების აქტთან (დანართი №4) ერთად წარადგენს აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიაში (შემდგომში-ლაბორატორია). განმცხადებელს უფლება აქვს, განაცხადისა და სასერტიფიკაციო ნიმუშის აღების აქტი  წარადგინოს ესპ-ის საშუალებით. 
 

მუხლი 8. ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდა
1. ლაბორატორია ვალდებულია ალკოჰოლიანი სასმელების განმცხადებლის მიერ ნიმუშის მიღებისთანავე განახორციელოს განაცხადის რეგისტრაცია.
2. პირის განაცხადი  ნიმუშის აღების აქტთან ერთად აისახება ესპ-ში.  
3. ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდის მიზნით ლაბორატორიაში რჩება ნიმუშის 3 ბოთლი, ხოლო დარჩენილი 3 ბოთლი გადაეცემა სააგენტოს.
4. ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდისათვის სავალდებულო  მახასიათებლების ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე, იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ლაბორატორიული გამოცდის ჩატარების შემდეგ ფორმდება ალკოჰოლიანი სასმელის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი.
6. ალკოჰოლიანი სასმელის გამოცდის ოქმი  ლაბორატორიის მიერ აიტვირთება ესპ-ში. 
7. ალკოჰოლიანი სასმელების საკონტროლო ნიმუში ლაბორატორიაში ინახება მისი წარდგენიდან 18 თვის განმავლობაში.
 

მუხლი 9. ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლი
1. ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდის დასრულებისთანავე სააგენტოს, საინსპექციო კონტროლის განხორციელების მიზნით, უფლება აქვს ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების/შენახვის ადგილიდან, შესაბამისი ლოტიდან აიღოს ნიმუში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს  განმეორებითი ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება.
2. ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე, რაც ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 
3. დასკვნა ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლის შედეგების შესახებ მზადდება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში. 
4. ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლის განხორციელებისას, სააგენტოს წარმომადგენელს უფლება აქვს, ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოში არსებული თითოეული ლოტიდან ნიმუშები აიღოს 4 ბოთლის ოდენობით, რომლებიც მოთავსებული უნდა იქნეს ერთუჯრად მუყაოს ყუთში, რაც ზედა და ქვედა მხრიდან ილუქება ერთჯერადი სპეციალურ ნომრიანი წებოვანი ლენტით. მუყაოს ყუთზე კეთდება წარწერა ალკოჰოლიანი სასმელების დასახელების მითითებით. ნიმუშის ერთი ბოთლი რჩება  პირს, ხოლო სამი ბოთლი − სააგენტოს. 
 5.  ნიმუშის აღებისას ფორმდება საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი (დანართი №5), რომელსაც ხელს აწერს ნიმუშის აღების პროცესში მონაწილე პირები. საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი ფორმდება ორ ეგზემპლარად. აქტის ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოს, ხოლო მეორე გადაეცემა პირს ან პირის წარმომადგენელს.
6. თუ საინსპექციო კონტროლის ფარგლებში ჩასატარებელი ლაბორატორიული გამოცდის შედეგები არ ემთხვევა სერტიფიცირების პროცესში მიღებულ ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს, სააგენტოს უფლება აქვს არ გასცეს სერტიფიკატი შესაბამის ლოტზე.
 

მუხლი 10. ორგანოლეპტიკური ტესტირება  
1. ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირება ხორციელდება სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. 
2. ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირება ტარდება მხოლოდ, ლაბორატორიული გამოცდის შედეგად მიღებული დადებითი შედეგების შესახებ დამადასტურებელი ოქმის შედგენის შემდეგ.
3. ორგანოლეპტიკური ტესტირებაზე ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის წარდგენა ხდება  შემდეგი ოდენობით: 0,75 ლიტრი ან მეტი ტევადობის  შემთხვევაში - 2 ბოთლი, უფრო მცირე ტევადობის შემთხვევაში - იმ რაოდენობით, რომ ღვინის ჯამური მოცულობა იყოს არანაკლებ 1,5 ლიტრის.
4. სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ დეგუსტაცია შეიძლება ჩატარდეს კვირაში ორჯერ - სამშაბათს და ხუთშაბათს. განსაკუთრებულ შემთხვევებში (უქმე დღეების გამო, წარმოდგენილი ნიმუშის დიდი რაოდენობის დაგროვების ან/და სხვა ხელშემშლელი ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში), მუდმივმოქმედ სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარეს, სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, უფლება აქვს შეცვალოს ან/და დანიშნოს კომისიის მუშაობის დამატებითი დღე.
 5. ერთი და იმავე დეგუსტატორთა ჯგუფისათვის სადეგუსტაციო ნიმუშების მაქსიმალური დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ერთეულს. 
 6. ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებს 6 დეგუსტატორი.
 7. ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციის დაწყებამდე მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მიერ ხდება წარმოდგენილი ნიმუშისათვის კოდის მინიჭება და მონაცემების (კომპანიის დასახელება, ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი, ლოტის ნომერი) შეყვანა სააგენტოს კომპიუტერულ ბაზაში.
 8. კომისიის წევრები (დეგუსტატორები) ნიმუშის ტესტირებას ახდენენ მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის დარბაზში განთავსებულ სპეციალურ კაბინებში.
9. ტესტირების დაწყებამდე კომისიის წევრებს (დეგუსტატორებს) ურიგდებათ სადეგუსტაციო ფურცლები (დანართი #6), რომელშიც მოცემულია სადეგუსტაციოდ წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების  შემდეგი მონაცემები: კოდი, სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი. 
10. ნებადართულია სადეგუსტაციო ფურცელი შევსებული იქნეს დეგუსტატორის მიერ ელექტრონულ ფორმით.
11. დეგუსტაციაზე ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის წარდგენა, როგორც წესი ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ფერის მიხედვით - თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ტიპის მიხედვით - მშრალი, ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი, ცქრიალა, შემაგრებული, არომატიზებული და სხვა ტიპები. 
12. ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოზე, ჰარმონიულობაზე.
13. დეგუსტაციის პროცესში, პირველ ეტაპზე ღვინო ფასდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპიურობაზე და დაავადების (ზადის) არსებობაზე, რასაც დეგუსტატორი აფიქსირებს შესაბამის გრაფაში. სხვა მახასიათებლები: არომატი, გემო, ჰარმონიულობა ფასდება  ხუთ ქულიანი სისტემით (0,5 ბიჯით). ამასთან ჰარმონიულობის შეფასება არ შეიძლება აღემატებოდეს გემოსა და არომატის შეფასებას ერთ  ქულაზე მეტად.
14. იმ შემთხვევაში თუ დეგუსტატორი ღვინოს უარყოფითად შეაფასებს ფერსა და გამჭვივრალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებაზე, ღვინო ავტომატურად ფასდება 0 ქულით. 
15. ნიმუშის 0 ქულით შეფასების შემთხვევაში დეგუსტატორი ვალდებულია გრაფაში შენიშვნები ჩაწეროს  გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. 
16. სადეგუსტაციო კომისიის თითოეული დეგუსტატორის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის საშუალო შეფასება ხორციელდება ცალკეული მახასიათებლების (არომატის, გემოსა და  ჰარმონიულობის შეფასების) ქულათა ჯამის 3-ზე გაყოფის შედეგად.
17. ალკოჰოლიანი სასმელის დეგუსტაციის დამთავრების შემდეგ დეგუსტატორი თავის შეფასებას, ტესტირების შედეგებს ადასტურებს სადეგუსტაციო ფურცელზე ან ელექტრონული  ხელმოწერით.
18. ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული ნიმუშის შეფასების ბალური მაჩვენებლის დასადგენად საშუალო შეფასებების ჯამი იყოფა 6-ზე.
19. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისათვის დადებით შედეგად ითვლება თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5-ზე.
20. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუში, რომლის შეფასების რაოდენობრივი მაჩვენებელი ნაკლებია 1,5-ზე (ან/და მიღებული აქვს უარყოფითი შეფასება) და ეს შეფასება განპირობებულია ალკოჰოლიანი სასმელის „საცობის ტონით“, რაც დასტურდება არანაკლებ 2 დეგუსტატორის მიერ, იმავე დღეს გადის განმეორებით დეგუსტაციაზე, რომლისათვის გამოიყენება ალკოჰოლიანი სასმელის საკონტროლო ნიმუში.
21. მინიმალური ზღვარზე დაბალი ბალური მაჩვენებელის მიღების შემთხვევაში, წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს ნიმუშის განმეორებით დეგუსტაციის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ორგანოლეპტიკური შეფასების საბოლოო შედეგი დგინდება პირველ და მეორე დეგუსტაციებზე მიღებული შეფასების ბალური მაჩვენებლების  საშუალო არითმეტიკულით.   
22. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირების საბოლოო შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელიც აისახება ესპ-ში ან/და ეგზავნება განმცხადებელ  პირს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 
23. მუდმივმოქმედი  სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის მიღება და რეგისტრაციაში გატარება;
ბ) ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისათვის კოდის მინიჭება და  დეგუსტაციისათვის მომზადება;
გ)  ნიმუშის მწარმოებელი პირის თაობაზე ანონიმურობის დაცვა;
დ) ტესტირებაში მონაწილე დეგუსტატორთა ვინაობისა და მათი შეფასებების ანონიმურობის დაცვა;
ე) სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრების მოწვევა როტაციის პრინციპის დაცვით და მათი გაფრთხილება დეგუსტაციის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე; 
ვ) ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის ტესტირების შედეგების შეჯამება, ოქმის გაფორმება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;
ზ) ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის ტესტირებისას ნიმუშის წარმოდგენის თანმიმდევრობის დაცვა;
თ) სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის გამართული მუშაობა და ორგანოლეპტიკური ტესტირების მონაცემთა დაცული ბაზის შექმნა;
ი) სადეგუსტაციო კომისიის წევრის (დეგუსტატორის) მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; 
კ) ალკოჰოლიანი სასმელების საკონტროლო ნიმუშის 18 თვის განმავლობაში შენახვა.  
24. სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე სადეგუსტაციო ნიმუშებს არ აძლევს შეფასებას. 
25. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრი (დეგუსტატორი), ვალდებულია: 
ა) შეტყობინების შემთხვევაში  მონაწილეობა მიიღოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მუშაობაში;
 ბ) გამოუცხადებლობის მიზეზის არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს დეგუსტაციის წინა დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს.
26. დეგუსტატორის საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას.
 

მუხლი 11. სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიიღება ლაბორატორიული გამოცდის, ორგანოლეპტიკური ტესტირების, აგრეთვე ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების წესების, ტექნიკური რეგლამენტების, ტექნოლოგიური ინსტრუქციების მოთხოვნათა დაცვაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე, ნაშთების შესახებ სააგენტოში არსებული  მონაცემების  გათვალისწინებით. 
2. სააგენტოს მიერ ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გადაწყვეტილება (შესაბამისი საფუძვლის მითითებით) აისახება ესპ-ში. 
3. სააგენტო ვალდებულია სერტიფიკატის გაცემის პროცედურა დაასრულოს და განმცხადებლის მიმართ სერტიფიკატი გასცეს ან გაცემაზე უარი განაცხადოს, განაცხადისა და სრულყოფილი თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
 

მუხლი 12. სერტიფიკატის  გაფორმება, გაცემა, რეგისტრაცია, გაუქმება
1. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს მიერ, განმცხადებელს გადაეცემა შესაბამისობის  სერტიფიკატი (დანართი №7).
2. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე ნებადართულია სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით.
3. სააგენტო აწარმოებს ელექტრონული ფორმით გაცემული სერტიფიკატების  რეგისტრაციას და პასუხისმგებელია მისი მონაცემების კონფიდენციალობის დაცვაზე.
4. ერთი სერტიფიკატი ნებადართულია გაცემული იქნეს ერთი ან რამდენიმე სახეობისა და დასახელების ალკოჰოლიანი სასმელზე.  ჩამონათვალის მოცულობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ჩანაწერები  შეიძლება გაგრძელდეს სერტიფიკატის მეორე გვერდზე. 
5. შესაბამისობის სერტიფიკატი ივსება ელექტრონულად, ტოპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ისეთი ფერადი ბლოკპერფექტული ფონის საქართველოს სახელმწიფო დროშისა და სააგენტოს სასაქონლო ნიშნის მქონე A4 ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც მექანიკური ან ქიმიური წესით გაკეთებული ჩასწორებები ან დოკუმენტის ფალსიფიცირების მცდელობა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება.
6. სერტიფიკატის ელექტრონულ ვერსია შეიცავს საიდენტიფიკაციო შტრიხკოდს. 
7. სერტიფიკატის გაფორმება საჭიროების მიხედვით ხდება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე,  ოთხ  ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი სამი - თეთრი. 
8. სერტიფიკატის ერთი ფერადი და ორ თეთრი ფერის ფურცელზე ნაბეჭდი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ერთი თეთრი ფერის ფურცელზე ნაბეჭდი ეგზემპლარი, განმცხადებლის განაცხადსა და სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ინახება სააგენტოში  სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.
9. სერტიფიკატის ფერადი ეგზემპლარი წარმოადგენს დოკუმენტის ორიგინალს.
10. სერტიფიკატის ყოველი ეგზემპლარი მოწმდება სააგენტოს გერბიანი ბეჭდით და დასტურდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით. 
11. იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლიანი სასმელი განკუთვნილია ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისათვის, სააგენტოს მიერ გაიცემა VI1 ფორმის სერტიფიკატი (დანართი №8). 
12. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები დამოწმებული უნდა იყოს  ლაბორატორიის ბეჭდითა და შესაბამისი უფლებამოსილი  პირის ხელმოწერით.
13. ალკოჰოლიანი სასმელების მიმღები მხარის მოთხოვნით, ასევე დასაშვებია გაიცეს სერტიფიკატი ცალკეული იმპორტიორი ქვეყნის მიერ დადგენილი ფორმით. 
14. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს 18 თვეს მისი გაცემის დღიდან.
15. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს სერტიფიკატის მფლობელის განაცხადი.
16. ინფორმაცია სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს და აისახება ესპ-ში. 
17. სერტიფიკატის მექანიკური დაზიანების ან მასში არსებულ ჩანაწერებში რაიმე სახის ტექნიკური შეცდომის გამოვლენის  შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნით გაიცემა ახალი სერტიფიკატი იმავე ნომრით. სერტიფიკატი, რომლის  ჩამოწერაც ხდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ინახება სააგენტოს არქივში ერთი  წლის განმავლობაში.