დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.123.016284 |
|
„ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის № 100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე–2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის №100 დადგენილებაში, კერძოდ, შეიცვალოს №1 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით /www.matsne.gov.ge 30.03.2011. 210020010.35.123.016052/.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და ნებართვების რეგულირების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო და საკანონმდებლო ბაზა |
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის ჩატარების, მასში მონაწილეობის, გამარჯვებულის გამოვლენის, გადაყვანებზე ნებართვის გაცემის პირობებს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს.
2. წესი შემუშავებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად; ბ) „ავტობუსი“ – მგზავრთა გადასაყვანი და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა), რომელიც გადაადგილდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად; გ) მსუბუქი ავტომობილი – მგზავრის გადასაყვანად და/ან ბარგის გადასატანად განკუთვნილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასაჯდომი ადგილის რაოდენობა მძღოლის ადგილის გარდა არ აღემატება 8–ს (M1 კატეგორია); დ) „M2 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა; ე) „M3 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონა და მეტია; ვ) „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, M1 M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად, განსაზღვრული სამგზავრო გადაყვანა; ზ) „გადამზიდველი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; თ) „კონკურსში გამარჯვებული“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად; ი) „ლოტი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M1 M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ცალკეული მარშრუტების შესაბამისად; კ) „მძღოლი“ – პირი, რომელიც მართავს M1 M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით; ლ) „მარშრუტი“ – დანიშნულების პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიმოსვლისთვის წინასწარ დადგენილი გზასავალი; მ) „ნებართვა“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით გადამზიდველისთვის განსაზღვრული ვადით, M1 M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება სანებართვო წესით დადგენილი პირობების დაცვით; ნ) „ნებართვის გამცემი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მეშვეობით; ო) „ნებართვის მაძიებელი“ – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად; პ) „ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება; ჟ) „ნებართვის საწყისი ფასი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი M1 M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე განსაზღვრული ფასი, თვეზე გაანგარიშებით; რ) „ნებართვის გაცემის ფასი“ – „ნებართვის საწყისი ფასის“ ტოლი ან მეტი შემოთავაზებული ფასი ნებართვის მაძიებლის მიერ, რომელიც აისახება ნებართვის გაცემის ხელშეკრულებაში; ს) „სანებართვო მოწმობა“ – სანებართვო უფლების დამადასტურებელი საბუთი; ტ) „სანებართვო პირობები“ – კანონით ან კანონის საფუძველზე, სანებართვო წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; უ) „პირი“ – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი; ფ) „საბანკო გარანტია“ – ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის ან ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. უცხოური ბანკიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ; ქ) „საბანკო დაწესებულება“ – საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკი; ღ) „უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე; ყ) „ტექნიკური სანებართვო რეესტრი“ – მარშრუტებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლთა მონაცემთა სისტემური ერთობლიობა; შ) „ფორსმაჟორი“ – მოვლენა, რომელიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და არ არის გამოწვეული მხარის დაუდევარი მოქმედებით; ჩ) „ხელშეკრულება“ – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა უფლება – მოვალეობები; ც) „მგზავრთნაკადი“ – დროის განსაზღვრულ პერიოდში, ერთი მიმართულებით გადაყვანილი ან გადასაყვანი მგზავრების რაოდენობა; ძ) „GPS/GSM სისტემა“ – ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების დისტანციური მონიტორინგის სისტემა, რომელიც გამოიყენება სადისპეტჩერო მართვის ერთიანი ავტომატიზირებული სისტემის ფუნქციონირებისათვის; წ) „კომისია“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან შექმნილი დროებითი კოლეგიური ორგანო; ჭ) „აპარატი“ – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. |
მუხლი 3.
კონკურსის ორგანიზება |
1. კონკურსის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც მარშრუტის მიხედვით, საკონკურსო შედეგების შეჯამებისას მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და შეასრულებს საკონკურსო პირობებს. ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და მისთვის ქულების მინიჭების წესი მოცემულია წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელით უფლებამოსილია ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებართვის მფლობელებს, რათა ერთის მხრივ, ახალი კონკურსის ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო შემონატანები, ხოლო მეორეს მხრივ, ნებართვის მფლობელებს მიეცეთ გონივრული ვადა, რათა შეძლონ კონკურსისათვის სათანადოდ მომზადება. 4. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ მასმედიის (მათ შორის ინტერნეტის) საშუალებებით ცხადდება კონკურსამდე მინიმუმ 20 კალენდარული დღით ადრე. 5. კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ აქტში უნდა მიეთითოს: ა) განსაზღვრული ნებართვის სახეობა; ბ) ნებართვის გამცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; გ) დოკუმენტაციით მოთხოვნილი წერილობითი დასტურების ფორმების ნიმუშები; დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი; ე) კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის ვადა; ვ) ინფორმაცია მარშრუტის თაობაზე; ზ) სატრანსპორტო მომსახურების განხორციელებისათვის განსზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რაოდენობა; თ) ნებართვის მოქმედების ვადა; ი) ნებართვის საწყისი ფასი; კ) საბანკო გარანტიის ოდენობა: ლ) სანებართვო პირობები; მ) კონკურსის გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი; ნ) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები; ო) აფიდავიტის ფორმის ნიმუში. |
მუხლი 4.
კონკურსის ჩატარება |
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურსის შედეგების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ლოტებზე (მარშრუტზე).
2. ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით და ამ წესის მე–6 მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია (განცხადების გარდა) წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს. კომისია არ მიიღებს დაულუქავი კონვერტით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მას მაშინვე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. კომისიის აპარატში აღნიშნული დოკუმენტაციის მიღების დროდ ითვლება საბუთების მიღების დასრულების ვადიდან სამი საათით ადრე პერიოდი. დალუქული კონვერტები ნებართვის მაძიებლის თანდასწრებით თავსდება სპეციალურ გამჭირვალე ყუთში. კონვერტის შემოტანის შემდეგ ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია დაესწროს დარბაზში კონკურსის მიმდინარე პროცესებს. დროის ამოწურვისთანავე კომისია ნებართვის მაძიებლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის თანდასწრებით იწყებს კონვერტების გახსნის პროცედურას, მოთხოვნილი დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებას, არსებული დოკუმენტაციის, შამოთავაზებული ნებართვის გაცემის ფასისა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ახორციელებს ქულობრივ შეფასებას. 3. პროცედურაზე კომისია უზრუნველყოფს მაქსიმალურ საჯაროობას ვიდეო გადაღებების, მონიტორებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სადაც პირდაპირი მსვლელობისას შესაძლებელი იქნება თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ დაგროვილი ქულების გაანგარიშებაზე თვალყურის დევნება. საბუთების შერჩევის, შეფასებისა და ქულათა მინიჭების შემდეგ, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს დამსწრე კომისიის წევრები. |
მუხლი 5.
კომისია |
1. კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოსავლენად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსში მონაწილეობაზე ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, ნებართვის მაძიებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.
2. კომისია შედგება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა თანამშრომლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან. 3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის სხვა წევრები. 4. კონკურსის ორგანიზაციულ – ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. 5. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მდივანი, რომელიც იმავდროულად არის კომისიის აპარატის უფროსი. 6. კომისიის წევრთა და აპარატის თანმშრომელთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 7. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 8. კომისიას აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით. 9. კომისიის წევრები ავსებენ ხელწერილს ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებით. 10. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას. 11. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს თავად კომისია. 12. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. 13. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) დაიცვას კონკურსის მონაწილეთა შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობა. 14. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. 15. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 16. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები. 17. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს სხდომებს და კომისიის თანხმობის შემთხვევაში მისცეს ახსნა – განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 18. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. 19. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც თავისი სამართლებრივი სტატუსით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 20. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 6.
საკონკურსო პირობები |
1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით და აღჭურვილია ერთნაირი მოვალეობებით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა უფლება, წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას. 3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება დადგენილ მისამართზე და ვადაში,რომელიც დგინდება კონკურსის გამოცხადების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე . 4. ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით და ამ მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) იურიდიული პირისთვის – სათანადო წესით გაფორმებული პარტნიორთა თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ინდეტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისთვის – ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; გ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება; დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; ე) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელს არ აქვს საერთო სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საგადასახადო დავალიანება; ვ) დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ–საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს; ვ.ა) საკონკურსო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი რაოდენობის (მხოლოდ საკონკურსო პირობით განსაზღვრული ძირითადი და სარეზერვო) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, შემდეგი მონაცემების მითითებით: სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარკა, მოდელი, ტრანსპორტის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, გამოშვების წელი, კატეგორია, ტევადობა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, ყოველ წარმოდგენილ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მართვის შესაბამისი კატეგორიის მქონე მძღოლის/ან მძღოლების სახელი და გვარი, მათი ტრანსპორტის მართვის მოწმობის ნომერი. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; ვ.ბ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო და მძღოლების მართვის მოწმობების ქსეროასლები; ვ.გ) კონკურსზე წარმოდგენილი ყოველი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ.დ) კონკურსზე წარმოდგენილი ყველა სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს იმ კატეგორიისა და იმ ტიპის, რაც გათვალისწინებულია ნებართვის მისაღებად გამოცხადებული მარშრუტის/ან მარშრუტების სატრანსპორტო სქემით; ვ.ე) კონკურსზე წარმოდგენილ ყველა სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირება; ვ.ვ) კომისიას წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარისა და სალონის ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა, ასევე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ევროსტანდარტთან შესაბამისობის მაჩვენებლები; ვ.ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან. 6. ნებართვის მაძიებელმა კომისიას უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული საქსპერტო დასკვნა შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების გამართულობაზე: ა) ხორციელდება თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში სალონში ჰაერის ვენტილაცია; ბ) ხორციელდება თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში სალონის გათბობა; გ) ექვემდებარება თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესს გადაკეთებული ან/და კუსტარულად დამატებული სავარძლები. დ) რა მდგომარეობაშია გარე მაშუქი სიგნალები; ე) რა მდგომარეობაშია წინა საქარე მინა; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებას გააჩნია თუ არა, ერთი სამგზავრო და ერთი ავარიული, ან ორივე სამგზავრო კარი, მათი გამოყენების მდგომარეობა; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებას გააჩნია თუ არა არანაკლებ ერთი ავარიული გამოსასვლელი წინა ან უკანა კედლიდან, ან ავარიული ლუქი სახურავში; თ) უდრის თუ არა 3 (სამს) ავარიული გამოსასვლელების საჭირო მინიმალური რაოდენობა, ავარიული ლუქების ჩაუთვლელად; ი) შეესაბამება თუ არა სალონში სავარძლების რაოდენობა და განლაგება დადგენილ ნორმებს; კ) შეესაბამება თუ არა გასასვლელის სიმაღლე დადგენილ ნორმას; ლ) შეესაბამება თუ არა გასასვლელის სიგანე დადგენილ ნორმას; მ) შეესაბამება თუ არა სამგზავრო (შესასვლელი) კარის სიმაღლე და შესასვლელი ღიობის სიგანე დადგენილ ნორმებს; ნ) შეესაბამება თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში შესასვლელი კარის პირველი საფეხურის სიმაღლე გზიდან დადგენილ ნორმას; ო) შეესაბამება თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის განათება და ხარისხი დადგენილ ნორმას. 7. ნებართვის მაძიებელმა კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი; ბ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით; გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული წერილობითი დასტური შემოთავაზებული მგზავრობის ფასის შესახებ (არსებული მგზავრობის ღირებულების შენარჩუნების თანხმობა). ასეთი დასტურის არწარმოდგენის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ნებართვის მაძიებელი აპირებს ფასის გაზრდას, რაც ადეკვატურად აისახება მისი შეფასების პროცესში. დ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული წერილობითი დასტური შემოთავაზებული „ნებართვის გაცემის ფასის“ შესახებ, რომელიც შეიძლება ტოლი ან მეტი იყოს ნებართვის საწყისს ფასზე. ე) ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია კონკურსში მონაწილეობისათვის, საკონკურსო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის ან ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იყოს ნებართვის საწყისი ფასის სამმაგი ოდენობის და მისი მოქმედების ვადა უნდა ემთხვეოდეს ნებართვის მოქმედების ვადას.უცხოური ბანკიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ. იმ შემთხვევაში თუ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ნებართვის გაცემის ფასი მეტი იქნება საწყისს ფასზე, კონკურსში წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გადაანგარიშებით სანებართვო მოწმობის გაცემამდე. 8. თუ ნებართვის მაძიებელი უცხოელი ან უცხოური კომპანიაა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა მიერ. ამასთან, ნებართვის გამცემს ცნობები უნდა წარედგინოს აპოსტილით სათანადოდ დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. 9. დოკუმენტები (განცხადების გარდა) წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს. კომისია არ მიიღებს დაულუქავი კონვერტით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მას მაშინვე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს. 10. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. გამარჯვებული თითოეულ ლოტზე (მარშრუტზე) ცალ–ცალკე გამოვლინდება. 11. ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ერთზე მეტ ლოტზე (მარშრუტზე), საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისთვის (მარშრუტზე) ცალ–ცალკე. 12. ამ მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილი ცნობები და შესაბამისი დასკვნები გაცემული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების თარიღიდან კონკურსში დოკუმენტაციის საბოლოო მიღების თარიღამდე. |
მუხლი 7.
საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები |
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი M1 M2 ან M3 კატეგორიის ავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილების დადგენილი რაოდენობისა და სხვა დოკუმენტაციის მონაცემების საკონკურსო პირობებისადმი შეუსაბამობა;
ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში ხარვეზი ან/და მათი არასრულად წარმოდგენა; გ) განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა; დ) განცხადება შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ე) თუ მე–6 მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილი ცნობები და შესაბამისი დასკვნები გაცემული არ იქნა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან კონკურსში დოკუმენტაციის საბოლოო მიღების თარიღამდე პერიოდში. |
მუხლი 8.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები |
1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი M1 M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემებისა და დოკუმენტაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებით (შეფასებით), შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემები; ბ) შემოთავაზებული მგზავრობის ფასი (არსებული მგზავრობის ღირებულების შენარჩუნების თანხმობა ან მასზე ნაკლები ფასის დასაბუთებული შესაძლებლობა). გ) „ნებართვის გაცემის ფასი“, რომელიც შეიძლება ტოლი ან მეტი იყოს ნებართვის საწყისს ფასზე. 2. საერთო შეფასებაში თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი 3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს. 4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით: S = 0.60C + 0,25T+0.15F სადაც: C – არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.60 – ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; T – არის ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული მგზავრობის ფასის შეფასების ქულა, ხოლო 0,25 ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი. F – არის ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის საწყისი ფასის ტოლი ან მეტი შემოთავაზებული ფასის შედეგად მიღებული შეფასების ქულა, ხოლო 0,15 არის ამ ქულის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი. 5. ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yn C = ––––––––––––––––––––– n სადაც: Y1, ...., Yn – არის ნებართვის მაძიებლის თითოეული შესაფასებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის, ევროსტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ – საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა. n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ლოტზე ბოლო კონკურსით განსაზღვრული რაოდენობა. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის: Yn = (Ayear + Aeuro)/2 სადაც: Ayear – არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების შეფასების ქულა; Aeuro – თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ევროსტანდარტთან შესაბამისობის ქულა; 6. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების წლოვანების შეფასება ხდება შემდეგი ქულების მიხედვით: ა) 2 წლის და ნაკლები – 50 ქულა ბ) 2–დან 3 წლამდე – 45 ქულა გ) 3–დან 5 წლამდე – 40 ქულა დ) 5 –დან 8 წლამდე – 35 ქულა ე) 8–დან 11 წლამდე – 30 ქულა ვ) 11–დან 15 წლამდე – 20 ქულა ზ) 15 წელზე მეტი – 0 ქულა შენიშვნა: ავტოსატრანსპორტო საშუალების ასაკის გამოთვლა ხდება შესაბამის ტექნიკურ პასპორტში მითითებული თარიღის მხოლოდ გამოშვების წელის გამოყენებით. 7. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ევროსტანდარტთან შესაბამისობა ფასდება შემდეგი ქულებით: ა)
ბ) EURO 1 ან არ შეესაბამება ევროსტანდარტს – 0 ქულა. 8. ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტზე შემოთავაზებული მგზავრობის ფასის კრიტერიუმი „T“ ფასდება მგზავრობის ღირებულების საბაზრო პირობებით განსაზღვრული ფასის შენარჩუნების მიხედვით. მგზავრობის ფასის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი თანხმობა განსაზღვრულ ლოტზე კონკურსის გამოცხადების პერიოდისათვის მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების შესახებ – T= 50 ქულა; ბ) პირველი პუნქტის პირობების შეუსრულებლობისას – T=0 ქულა; შენიშვნა: შემოთავაზებული ფასი შეიცვლება მხოლოდ ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით. 9. „F“ არის ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის საწყისი ფასის ტოლი ან მეტი შემოთავაზებული ფასის შედეგად მიღებული შეფასების ქულა, რომელიც იანგარიშება ნებართვის საწყის ფასზე საწყისი ფასის 1 (ერთი) პროცენტის დამატებით და ყოველ 1 პროცენტზე შეადგენს – 0,5 ქულას. 10. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელსაც: ა) ექნება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი თანხმობა განსაზღვრულ ლოტზე კონკურსის გამოცხადების პერიოდისათვის მგზავრთა გადაყვანის ფასის შენარჩუნების შესახებ წერილობითი დასტური. ბ) ექნება ყველაზე მაღალი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა. |
მუხლი 9.
კონკურსის შედეგების შეჯამება |
1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე.
2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. 3. ოქმში უნდა მიეთითოს: ა) კომისიის დასახელება; ბ) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) სხდომაში მონაწილე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ვინაობა (მათი არსებობის შემთხვევაში); ე) განხილვის საგანი; ვ) სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ახსნა–განმარტებების აღწერა; ზ) შეფასების შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილება. 4. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ. 5. კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა. 6. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. 7. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 10.
არშემდგარი კონკურსი |
1. კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი:
ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება; ბ) საკონკურსო პირობების განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისას; გ) საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას. |
მუხლი 11.
ნებართვის მაძიებლის მიერ უარის თქმის წესი |
ნებართვის მაძიებელს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე კომისიის მიერ კონვერტების გახსნის პროცესის დაწყების შემდეგ. კომისიის მიერ კონვერტების გახსნის პროცესის დაწყებამდე ნებართვის მაძიებლის მიერ უარის შემთხვევაში მას არ დაუბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია. |
მუხლი 12.
ნებართვის გაცემის წესი და პირობები |
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურსის შედეგების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ლოტებზე.
2. ნებართვის გარეშე სამგზავრო გადაყვანის განხორციელება გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ერთ ლოტზე (მარშრუტზე) გაიცემა ერთი ნებართვა. 4. დაუშვებელია ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა ნებართვის მოქმედების მანძილზე. 5. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ნებართვის გამცემსა და გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 6. თუ გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოელია, მაშინ მან ხელშეკრულების გაფორმებამდე თავისი 100%–იანი წილით საქართველოში უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა. 7. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის ფორმდება ხელშეკრულება 8. სახელშეკრულებო პირობებს განსაზღვრავს და ხელშეკრულების პროექტს აქვეყნებს წინასწარ კონკურსის გამოცხადებისას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 9. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილი ხდება განახორციელოს მომსახურება. 10. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსის გამარჯვებულს ნებართვა არ მიეცემა. 11. ამ მუხლის მე–10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ღებულობს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება იმავე წესით არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში. |
მუხლი 13.
ნებართვაზე უარის თქმის საფუძვლები |
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.
2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ: ა) ნებართვის მაძიებელი არ არის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული; ბ) ნებართვის მაძიებლის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული; გ) წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე–10 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში; 3. ნებართვის გაცემაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს; 4. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, დადგენილი წესით. |
მუხლი 14.
სანებართვო პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები |
1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით და დადგენილი რაოდენობის ავტობუსებით; ბ) მარშრუტის შეცვლის (სქემის შეცვლა, მარშრუტის გაუქმება ან დამატება) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად; გ) მარშრუტებისთვის დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ მიღებული აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ გამოცემული აქტის – ძალაში შესვლის დღიდან; დ) კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადების დღიდან, საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკით, ხელშეკრულების შესაბამისად, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, ნებართვის გამცემის თანხმობის გარეშე არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ხნოვანობის, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეცვლა; ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე იყოლიოს ლოტისთვის (მარშრუტზე) განსაზღვრული ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების რაოდენობა; ვ) დაკისრებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს ნებართვის გამცემის თანხმობით, გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები გადამზიდავებთან (გადამხდელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან), რომლებიც დამოუკიდებლად აწარმოებენ ანგარიშსწორებას როგორც ნებართვის მფლობელთან, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ; ზ) მომსახურების განხორციელებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვა–ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი სპეციალური საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების დაცვა; თ) უზრუნველყოს სვლაგეზზე გაშვებული თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა და ნორმალური სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა; ი) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ხაზზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მგზავრთა გადაყვანის მომსახურებისათვის საჭირო პროცედურების შესასრულებლად, სათანადო დოკუმენტაციის გასაცემად და წინასარეისო ტექნიკური დათვალიერებისა და მომსახურების ჩასატარებლად საკუთრებით ან/და სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი ტერიტორია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული სანებართვო პირობით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურებას(რამოდენიმე ნებართვის ფლობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამისი ჯამური ოდენობის) ტექნიკურ რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ პირობების შესაბამისად და გააჩნდეს: ი.ა) წინასარეისო გამშვები პუნქტი; ი.ბ) მძღოლთა სამედიცინო შემოწმების პუნქტი; ი.გ) ყოველდღიური და პერიოდული ტექნიკური მომსახურების პოსტები; ი.დ) საკონკურსო განცხადებაში წარმოდგენილი მარშრუტის (მარშრუტების) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამური რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული ფართობის დახურული ან/და ღია პარკირების ადგილი; კ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვისთვის საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები; ლ) ნებართვის გამცემის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის პირადი ჰიგიენის და ჩაცმულობის შესაბამისობა ნორმებთან; მ) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება; ნ) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ელექტრო–ტაბლოებით), მგზავრობის ფასის გადახდის თანამედროვე სალარო–აპარატით, ავტობუსში მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება მძღოლის სახელი, გვარი, ფოტო–სურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ფასი; ო) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა („GGPS/GSM“ ტერმინალით ან „GPS“ ტრეკერით); პ) აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის მაჩვენებელი პარამეტრების ყოველდღიური აღრიცხვა–ანალიზი და რეგულირება; ჟ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება–დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა; რ) დაიცვას საწყის და ბოლო გაჩერებებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის წესები, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები, ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსოს მძღოლთა დასვენების, კვებისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის პუნქტები; რ.ა) კონკურსზე წარმოდგენილი არცერთი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება არ უნდა იყოს რეგისტრირებული სხვა მარშრუტის სანებართვო მოწმობის დანართში, რომელზეც გაცემული ნებართვა ძალაშია, ხოლო ერთდროულად რამდენიმე მარშრუტზე ნებართვის გაცემის გამოცხადების შემთხვევაში, ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ მარშრუტზე; ს) კონკურსზე წარმოდგენილი არცერთი მძღოლი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სხვა მარშრუტის სანებართვო მოწმობის დანართში, რომელზეც გაცემული ნებართვა ძალაშია, ხოლო ერთდროულად რამდენიმე მარშრუტზე ნებართვის გაცემის კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, ყოველი მძღოლი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ მარშრუტზე; ს.ა) სანებართვო მოწმობის დანართში სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშულებებისა და მძღოლების ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ნებართვის მფლობელის საკუთრებაში /ანდა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო პარკის ტერიტორიაზე, ჩასანაცვლებელი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობისა და მძღოლების (მართვის მოწმობის კატეგორიის შესაბამისობის) შემოწმება – დათვალიერება ამ წესის სანებართვო პირობების შესაბამისად; ტ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა; უ) გასწიოს მომსახურება მის მიერ ნებართვის გამცემზე შემოთავაზებული მგზავრობის ფასის შესაბამისად. შემდგომში ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ დაფიქსირდება ორივე მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (ფორსმაჟორი, ინფლაციის ინდექსის მკვეთრი ზრდა და ა.შ) გამოწვეული ტარიფების გაზრდის/გადახედვის აუცილებლობა, რომელზედაც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ წინასწარ, კანონით დადგენილი წესით; ფ) აწარმოოს მგზავრთა საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი; ქ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამა განათავსოს კანონით დადგენილი წესით; ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე უზრუნველყოს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული სარეკლამო და/ან სოციალური რეკლამის (ლოგო და აშ) განთავსება; ღ) გადაიხადოს ნებართვის გაცემის საბოლოო ფასი; ყ) მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის, ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს. ამასთან, ნებართვის გამცემს, გონივრულ ვადაში, წინასწარ წერილობით შეატყობინოს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის თაობაზე; შ) მოთხოვნა ნებართვის გაუქმების შესახებ ნებართვის გამცემს წარუდგინოს მინიმუმ სამი თვით ადრე; ჩ) არ დაუშვას ნებართვის რაიმე ფორმით სხვა პირზე გადაცემა, თუკი არ არსებობს ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობა და მის მიერვე დადგენილი პირობები; ც) ყოველნაირად შეუწყოს ხელი მუშაობაში უფლებამოსილ შემმოწმებელს: წარუდგინოს საჭირო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს მის ქონებაზე ან ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, აგრეთვე ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების შესახებ; ძ) ნებართვის ვადის მოქმედების პერიოდში მკაცრად დაიცვას ამ წესის მე–6 მუხლის მე–6 პუნქტით განსაზღვრული პირობები, რომელიც ეხება ნებართვით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და ვიზუალურ იერსახეს; წ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს: ა) ფორს–მაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როცა შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი ან გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი; ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის უკეთ ორგანიზების საკითხებზე. 3. ნებართვის გამცემი ვალდებულია: ა) დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცეს ნებართვა, შეიტანოს მასში ცვლილება ან გააუქმოს; ბ) აწარმოოს უწყებრივი და ტექნიკური რეესტრი; გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ; დ) დადგენილი წესის მიხედვით შეინახოს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია; ე) კანონით და ამ წესის შესაბამისად გააკონტროლოს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულება და მიიღოს საჭირო ზომები; ვ) ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესება, მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება ან გაზრდა და ა.შ.) ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილოს საკითხი, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება (თანხმობა მარშრუტის დროებით შეცვლაზე, ავტობუსების ოდენობის დროებით შეცვლაზე) და გასცეს თანხმობა კონკრეტულ საჭიროებაზე; ზ) განსაზღვროს საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ექნება მომსახურების განხორციელების საშუალება ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში; თ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გასცეს ნებართვის მფლობელზე სანებართვო მოწმობა და მარშრუტის (სვლაგეზის) სატრანსპორტო სქემა (ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემცირებული მასშტაბის რუკა); ი) აწარმოოს როგორც უწყებრივი სანებართვო მოწმობების, ასევე მძღოლებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთო რეესტრი. 4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. |
მუხლი 15.
ნებართვა და სანებართვო მოწმობა |
1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად არანაკლებ, 5 (ხუთი) წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან მის გაუქმებამდე.
2. ნებართვა გაიცემა კონკურსის გამარჯვებულზე, ნებართვის გამცემის მიერ საკონკურსო პირობების შესრულების თაობაზე გამოცემული აქტის საფუძველზე, ნებართვის მფლობელს მიეცემა სანებართვო მოწმობა. 3. ნებართვის მფლობელსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ფორმდება ხელშეკრულება კონკურსით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე 14 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება. 4. ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ან/და ნებართვის გაუქმებისას, ლოტზე ახალი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულისთვის ნებართვის მინიჭებამდე ვადაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ნებართვა მიანიჭოს თავის მიერ შერჩეულ გადამზიდველს თავის მიერვე დადგენილი პირობებით. 5. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანებისას ნებართვის მფლობელმა წერილობით უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. იქამდე კი, იგი უფლებამოსილია განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 6. მოწმობის დუბლიკატი უნდა გაიცეს განცხადების მიღებიდან ორი დღის ვადაში, ხოლო უწყებრივ სანებართვო რეესტრში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი ამის თაობაზე. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 7. დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია წერილობით განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემს წარუდგინოს მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის ქვითარი. 8. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი შეადგენს 50 ლარს. |
მუხლი 16.
ნებართვის საწყისი ფასის, ნებართვის გაცემის ფასის გაანგარიშების, გადახდის წესი და ვადები |
1. ნებართვის საწყისს ფასს – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1 M2 და M3 კატეგორიებს და სატრანსპორტო მარშრუტებს (ყოველდღიურ და უნვენტარულ რაოდენობას) მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ნებართვის გაცემის ფასი – „ნებართვის საწყისი ფასის“ ტოლი ან მეტი შემოთავაზებული ფასი ნებართვის მაძიებლის მიერ, რომელიც აისახება ნებართვის გაცემის ხელშეკრულებაში. 3. ნებართვის გაცემის ფასი განისაზღვროს ნებართვის მფლობელის მიერ კონკურსში წარმოდგენილი ფასის შესაბამისად, ერთ თვეზე გაანგარიშებით. 4. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება საანგარიში წლის ყოველი თვის 28 რიცხვის ჩათვლით. 5. ნებართვის გაცემის ფასის, ყოველი საანგარიშო თვის 28 რიცხვის ჩათვლით, გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო, ნებართვის გაცემის ფასის დავალიანების, 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის თანხა მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და დაიწყება ნებარათვის გაუქმების პროცედურა. 6. ნებართვის გაცემის ფასისა და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. 7. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი. 8. ნებართვის გაცემის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო თვის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება. |
მუხლი 17.
პასუხისმგებლობა სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის, ნებართვის გაუქმება |
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ნებართვა ვადის გასვლამდე შეიძლება გაუქმებულ იქნეს: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში (იურდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა; გ) სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისათვის, მათ შორის: გ.ა) ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში; გ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1351 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – „მარშრუტის სატრანსპორტო სქემის თვითნებურად დარღვევა“ სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ გამოვლენის შემთხვევაში; გ.გ) მარშრუტზე საკონკურსო პირობებით განსაზღვრული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური რაოდენობის თვითნებურად გაზრდის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ გამოვლენის შემთხვევაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რის შესახებ ეცნობება ნებართვის მფლობელს. 5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს. 6. ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო მოწმობის ჩაუბარებლობისას, მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი ყოფილი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის. |
მუხლი 18.
უწყებრივი და ტექნიკური სანებართვო რეესტრი |
1. უწყებრივ და ტექნიკურ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.
2. მონაცემები ნებართვის გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ ნებართვის გამცემს რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. 3. უწყებრივ რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ, ფიზიკური პირისთვის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მონაცემები; ინდივიდუალური მეწარმისთვის, იურიდიული პირისთვის მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის (შეცვლის, რეორგანიზაციის), ადგილსამყოფელის შესახებ; გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, ნებართვის სახეობა, ლიცენზიის ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა. 4. ტექნიკურ სანებართვო რეესტრში შეიტანება: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები; ბ) მძღოლთა პერსონალური მონაცემები. 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. |
მუხლი 19.
რეულირების წესის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტაცია |
რეგულირების წესით განსაზღვრული კონკურსის ჩასატარებლად, გამარჯვებულის გამოსავლენად, სახელშეკრულებო ურთიერთობების დასარეგულირებლად საჭირო ფორმებს და დოკუმენტების ნიმუშებს ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. |
მუხლი 20.
პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების (M1 M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. |
მუხლი 21.
დასკვნითი დებულება |
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები