საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1827
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.001.944
  • Word
1827
30/06/2005
სსმ, 38, 15/07/2005
060.000.000.05.001.001.944
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 191-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.

2. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადებას, თან უნდა დაერთოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება ქონებაზე გირავნობის უფლების არსებობა ან არარსებობა.“.

2. 194-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს, უზრუნველყოფის რა კონკრეტული ღონისძიება შეასრულა სასამართლომ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინებაში, რომლითაც ყადაღა ედება გირავნობით დატვირთულ ქონებას, ასევე უნდა აღინიშნოს, გირავნობის საგნის დაყადაღების მიუხედავად, გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ მოგირავნის უფლებისა და მოგირავნის მიერ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ყადაღის გაუქმების თაობაზე.“.

3. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სააღსრულებო საბუთის, გარდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა, აღსრულების შეჩერება, თუ ამ საბუთს მოვალე ედავება სასამართლო წესით;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1827-რს