დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1800 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 14/07/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 030.000.000.05.001.001.934 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
2. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;
დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის, რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;
ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე.“.
4. მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფიზიკური პირი ინდივიდუალური მეწარმეა, არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას.“.
5. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური პირი ვალდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა.
2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.“.
6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გასაჩივრების ვადის ათვლა
1. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
2. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილთან სასამართლო აქტის შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანს განჩინებას სასამართლო აქტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.“.
7. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი უნდა გადაეცეს მხარეს.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს.“.
8. მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი.“.
9. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 ნაწილები:
„21. ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
22. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირი შეიძლება ჩაბმული იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით.
23. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს განჩინება საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ უნდა გაეგზავნოს მხარეებს და მესამე პირებს, ხოლო თუ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირად ათ პირზე მეტია ჩაბმული, განჩინების გადაცემა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით.“.
10. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.“.
11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მოწმე და ექსპერტიზა
1. სასამართლო ვალდებულია მოწმის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე სამი დღით ადრე მაინც აცნობოს მხარეს მოწმის ვინაობა, მის მიერ ჩვენების მიცემის დრო და ადგილი, აგრეთვე ფაქტები, რომლებთან დაკავშირებითაც მოწმემ ჩვენება უნდა მისცეს სასამართლოს. ეს ვადა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე მხარეები თანხმობას განაცხადებენ და თუ ამას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.
2. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს მხარეებს. თუ სასამართლოს მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი, მხარე უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში წარადგინოს თავისი მოსაზრება ექსპერტიზის საგნისა და მოცულობის შესახებ.
3. ექსპერტის დასკვნა უნდა გაეგზავნოს მხარეებს, რომლებსაც უფლება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებანი.“.
12. 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 211. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე
ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით.“.
13. 213 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლე გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს დასაბუთებულ ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე. თუ არ არსებობს მეწარმის საქმიანობის შემოწმების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, დადგენილებაში მიეთითება შემოწმების შეწყვეტისა და მეწარმისათვის მიყენებული ზიანის (თუ ზიანი დადგა მაკონტროლებელი ორგანოს ბრალეული ქმედების შედეგად) ანაზღაურების შესახებ.“;
გ) მე-11 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს, გამონაკლის შემთხვევებში დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 15 დღისა. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.“;
ე) მე-14 და მე-15 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
15. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრის და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.“.
14. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
3. სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება ისეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც ეხება თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას და მიღებულია (გამოცემულია) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.“.
15. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.“.
16. 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.“.
17. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.“.
18. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251. სახელშეკრულებო დავები
1. სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით.
2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს.“.
19. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში
1. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
2. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
3. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.“.
20. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 262 მუხლი:
„მუხლი 262. განმწესრიგებელი სხდომა
1. სარჩელის მიღებიდან ორი კვირის ვადაში განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლო, მხარეთა მონაწილეობით, განიხილავს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას.
2. სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
3. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში.
4. ზემდგომი სასამართლო განჩინების გაუქმების ან არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საქმეს განსახილველად დაუბრუნებს განსჯად სასამართლოს.“.
21. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
1. სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:
ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;
ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას;
გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;
ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.
3. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.
4. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან (არსებით) ზიანთან ან ზღუდავს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.
6. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სამი დღის ვადაში და ერთი დღის ვადაში უგზავნის მხარეებს.
7. თუ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
8. ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
9. სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.“.
22. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს:
ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას;
ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.“.
23. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:
„მუხლი 301. განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლოს შეუძლია სარჩელის აღძვრისას მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ამ აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულებით პირს მიადგება არსებითი ზიანი ან შეუძლებელი გახდება პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.
2. ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
3. სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.“.
24. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ
1. განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.
2. დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო.“.
25. 32-ე მუხლის პირველი–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ.
3. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.“.
26. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
2. სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლოს მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებაზე არ ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესი.“.
27. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:
„მუხლი 331. სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.“.
28. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა
1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
4. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის ვადა შეადგენს ექვს თვეს.“.
29. კოდექსს 34-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი (35-ე მუხლი):
„თავი IX1. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 35
1. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
2. ამ კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.
3. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
4. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 24 ივნისი.
№1800_რს
დოკუმენტის კომენტარები