დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/01/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018390 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-13 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) რეფინანსირება - ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტით/ლიზინგით პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის ან/ და ლიზინგის გადაფარვა კომერციულ ბანკში/სალიზინგო კომპანიაში;“. 2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები: „თ) სალიზინგო პროექტი - პროგრამის ფარგლებში, ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს (ლიზინგის საგნის პოტენციური მიმღები) შორის შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სალიზინგო საგნის გაცემას ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, გარდა ისეთი სალიზინგო პროექტისა, რომლითაც ლიზინგის გამცემი მეწარმე სუბიექტისგან იძენს ლიზინგის საგანს, შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ მასზე საკუთრების უფლების დაბრუნების მიზნით ან/და ისეთი სალიზინგო პროექტისა, რა დროსაც ხდება ლიზინგის მიმღებისათვის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ან/და უძრავი ქონების ლიზინგით გადაცემა ან/და სალიზინგო საზღაურის გადახდა პროდუქციით; ი) სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა; კ) ლიზინგის საგნის ღირებულება - ლიზინგით გადასაცემი ქონების საწყისი ღირებულება და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის ან მისი დაკვეთით, მესამე პირის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტის და სხვა მსგავსი მომსახურების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, დაერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი; ლ) პარალელური ლიზინგი - ერთი და იმავე ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ფარგლებში, ერთი და იმავე მიზნობრიობით ერთსა და იმავე ბენეფიციართან შეთანხმებული ერთზე მეტი სალიზინგო პროექტი; მ) ლიზინგის საგანი - ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარზე ლიზინგით გაცემული ქონება და დამატებითი მომსახურება (ლიზინგის გამცემის ან მისი დაკვეთით, მესამე პირის მიერ ლიზინგის საგნის ტრანსპორტირება, მართვა, დაზღვევა, საგარანტიო მომსახურება, რემონტი და ლიზინგის საგანთან დაკავშირებული სხვა მსგავსი მომსახურება), ასეთის არსებობის შემთხვევაში; ნ) ლიზინგის გამცემი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სალიზინგო პროექტს (ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს).“. 3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სესხის/ლიზინგის პირობები 1. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სესხ(ებ)ი და ლიზინგ(ებ)ი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით: ახალი საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღება (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით), კერძოდ: ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება: ა.ა) ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილის და სოკოს მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა; ა.ბ) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა (მერძეული-მეხორცული); ა.გ) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეღორეობის ფერმა; ა.დ) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე); ა.ე) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა; ა.ვ) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის თევზის წარმოება; ა.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება; ა.თ) საჩითილეები და სანერგეები; ა.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა; ბ) სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება: ბ.ა) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, სოკოს, ციტრუსის გადამუშავება; ბ.ბ) კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება; ბ.გ) მატყლის, ტყავის გადამუშავება; ბ.დ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება; ბ.ე) ხორცის და რძის გადამუშავება; ბ.ვ) მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება; ბ.ზ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება; ბ.თ) სასაკლაოს მოწყობა; ბ.ი) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება; ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება; გ) ინფრასტრუქტურული საწარმოების დაფინანსება: გ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები; გ.ბ) მარცვლეულის საშრობები; გ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები; დ) სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიღებული სესხ(ებ)ით და ლიზინგ(ებ)ით შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა: დ.ა) არსებული შენობების რემონტი და მოწყობა; დ.ბ) ახალი შენობების აშენება და მოწყობა; დ.გ) ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკის და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, სარწყავი სისტემების, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარების და სხვა შეძენა, მონტაჟი; დ.დ) წყლის, ელ-ენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროებსა და კანალიზაციაზე მიერთება; დ.ე) სამეურნეო ობიექტების შემოღობვა, დაცვის სისტემების მოწყობა; დ.ვ) შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი; დ.ზ) საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკის და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლის და სხვა) შეძენა; დ.თ) სანაშენე და მაღალპროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის, თევზის, ძვირფასბეწვიანი ცხოველების შეძენა; დ.ი) თევზის ავზების და ტბორების აშენება და მოწყობა; დ.კ) მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მოვლა-მოყვანა და აღდგენა, მათ შორის: დ.კ.ა) ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშები; დ.კ.ბ) ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები; დ.კ.გ) კაკლოვანი კულტურები; დ.კ.დ) კენკროვანი კულტურები; დ.კ.ე) ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები; დ.კ.ვ) ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები; დ.კ.ზ) მერქნის მომცემი და სწრაფადმზარდი მცენარეების სახეობები. 2. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიღებული სესხ(ებ)ით და ლიზინგ(ებ)ით დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა: ა) მიწის შეძენა; ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სათბურების და სხვა შეძენა; გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინის და სხვა), ასევე, მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანის და სხვა) შეძენა, რემონტი; დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების შეძენა, რემონტი; ე) მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა. 3. პროგრამის ფარგლებში, სესხი/ლიზინგი არ შეიძლება გაიცეს ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოებლად. 4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ სესხი გაიცემა: ა) ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად – სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობის არანაკლებ 80 პროცენტისა; ბ) საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად – სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობის არაუმეტეს 20 პროცენტისა. 5. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარიულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს; ბ) საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიკური გარეგანი სახე.“. 4. მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. სააგენტოს თანადაფინანსება 1. სააგენტო მოახდენს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გაცემული სესხის არაუმეტეს 24 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 10%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში. 2. სააგენტო მოახდენს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 24 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 12%-ის ოდენობით, სააგენტოსა და ლიზინგის მიმღებს შორის შეთანხმების გაფორმებიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში. მუხლი 20. სესხის უზრუნველყოფა 1. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული უზრუნველყოფა წარმოადგენს მეორად უზრუნველყოფას და ძალაშია სესხის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 54 თვის განმავლობაში. მეორადი უზრუნველყოფის გამოყენების უფლება კომერციულ ბანკს ექნება მხოლოდ სესხის პირველადი უზრუნველყოფის სრულად რეალიზაციის შემდგომ, კომერციული ბანკის მიერ სააგენტოსთვის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის შედეგად კომერციული ბანკი ვერ მიიღებს პროგრამის ფარგლებში, გაცემული სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 50%‑ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით. კომერციული ბანკი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს სააგენტოს და მიაწოდოს სესხის პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო სააგენტო მოთხოვნილ შესაბამის თანხას გადაურიცხავს კომერციულ ბანკს 5 სამუშაო დღის ვადაში, იმ პირობით, რომ სესხი გაცემულია ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. 3. სესხის გამცემმა სესხის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ რიგში უნდა მოითხოვოს ახალი საწარმოს მიერ შექმნილი და/ან შეძენილი ნებისმიერი აქტივი (ძირითადი საშუალებები, სასაქონლო მარაგები და სხვა) და მხოლოდ ამის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, - დამატებითი უზრუნველყოფა.“. 5. 26-ე და 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. მონიტორინგი სააგენტო მონიტორინგს უწევს ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შესრულებას და კომპონენტის ფარგლებში, გაცემული სესხების მიზნობრივ ხარჯვას, ასევე, სალიზინგო საგნის მიზნობრივ გამოყენებას. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს კომერციულ ბანკებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებისა და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. მუხლი 27 საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების შეწყვეტის პირობები სააგენტოს მიერ საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას: ა) სესხის/ლიზინგის სრულად დაფარვა ან სესხის/ლიზინგის გაცემიდან 26 თვის გასვლის შემდეგ; ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს სააგენტოს მიერ თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების ან უზრუნველყოფის საგნის გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება წყდება; გ) ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის, ლიზინგის გამცემის და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება; დ) პროექტის ფარგლებში, გაცემული კრედიტის/ლიზინგის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება; ე) კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის პირობების დარღვევა. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; ვ) ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში.“. 6. 28-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე მუხლი: „მუხლი 29. ლიზინგის გამცემთან ურთიერთობა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, პროგრამის ფარგლებში, მიმართავს ლიზინგის გამცემს. ლიზინგის გამცემი, ამ პროგრამით და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, სალიზინგო პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას აწვდის სააგენტოს, რომელიც ადასტურებს ან მოტივირებულ უარს აცხადებს სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებაზე. 2. პროგრამის ფარგლებში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600,000.0 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში ლიზინგის გაცემის დღისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში, დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთი და იგივე დარგში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის პროექტების ღირებულებათა ჯამური მოცულობა არ აღემატება 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. 3. ლიზინგის გამცემის მიერ, სალიზინგო პროექტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება არაუმეტეს 13 (ცამეტი) პროცენტით. 4. სააგენტო ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ლიზინგის გამცემისთვის გადარიცხვით, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. 5. ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მოცულობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ ღირებულების მთლიანი მოცულობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, სალიზინგო თანადაფინანსება გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გასაცემი ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად. 7. ლიზინგის გამცემთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) ლიზინგის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულების 0.1%-ს; ბ) ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 2%-ს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 1%-ს; გ) პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვამდე 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ლიზინგის გამცემს ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ; დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ, ვადაგადაცილებულ სალიზინგო საზღაურზე დაარიცხოს პროგრამის ბენეფიციარს ჯარიმა/პირგასამტეხლო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ე) სალიზინგო პროექტის სხვა ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, გამოიყენოს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების მომენტისათვის დადგენილი რეფინანსირების საკომისიოს მაქსიმალური განაკვეთები; ვ) ლიზინგის საგნის პროგრამით დადგენილი პირობების დარღვევით გაცემის ან/და სააგენტოსა და ლიზინგის გამცემს შორის განსაზღვრული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემს ეკისრება შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი ჯარიმა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები