დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1790 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 18/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.170.000.05.001.001.929 |
საქართველოს კანონი
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. I, II, III და IV თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან მოქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებულ საფრთხეს. აგრეთვე კონკრეტული პროდუქციისადმი სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნების მიღებისა და ამ მოთხოვნებთან, ასევე ნებაყოფლობით სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს.
2. თუ ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს კონკრეტული პროდუქციის უსაფრთხოების გარკვეულ ასპექტებს ან პროდუქციასთან დაკავშირებული რისკის ცალკეულ კატეგორიებს, ეს კანონი არ ვრცელდება უსაფრთხოების დანარჩენ ასპექტებზე ან რისკის სხვა კატეგორიებზე.
3. ეს კანონი არ ვრცელდება ანტიკვარული ან უნიკალური ნივთის სახით მიწოდებულ პროდუქციაზე, აგრეთვე იმ პროდუქციაზე, რომელიც გამოყენებამდე უნდა შეკეთდეს ან გადაკეთდეს. ასეთ შემთხვევებში მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოს მისგან პროდუქციის მიმღები პირი.
4. ეს კანონი არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობაზე, ასევე სამკურნალო საშუალებების წარმოებაზე და მათ ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
5. სავალდებულო სერტიფიცირება დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში და მას განახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო.
მუხლი 2. მიზნები
ამ კანონის მიზნებია:
ა) განსაზღვროს პროდუქციის მიმართ ტექნიკური რეგლამენტების მიღების მექანიზმები;
ბ) უზრუნველყოს ბაზარზე გატანილი პროდუქციის უსაფრთხოება;
გ) უზრუნველყოს პროდუქციასთან დაკავშირებული რისკის თაობაზე მომხმარებლის ინფორმირება;
დ) განსაზღვროს ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ძირითადი პრინციპები;
ე) განსაზღვროს დადგენილ ნორმებთან პროდუქციის შესაბამისობის შეფასების ძირითადი პრინციპები;
ვ) შექმნას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების კომპეტენციის დადასტურების ერთიანი ეროვნული სისტემა;
ზ) ხელი შეუწყოს წარმოების სექტორისადმი მომხმარებელთა ნდობის ამაღლებას;
თ) ხელი შეუწყოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დანერგვით ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნას.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკრედიტაცია – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საექსპერტო შეფასება, რომლის განხორციელების შემდეგაც აკრედიტაციის ეროვნული ორგანო შესაბამისი ატესტატის (მოწმობის) გაცემით ოფიციალურად აღიარებს იურიდიული ან ფიზიკური პირის შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას;
ბ) აკრედიტაციის ეროვნული ორგანო – ამ კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა აკრედიტაციას;
გ) აკრედიტაციის მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას;
დ) ტექნიკური რეგლამენტი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროდუქციის მახასიათებლებს ან მასთან დაკავშირებულ პროცესებს და წარმოების მეთოდებს შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან უშუალოდ ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქციასთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ არსებულ მოთხოვნებს;
ე) ტექნიკური რეგლამენტის აღიარება – საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტისათვის საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება;
ვ) ტექნიკური რეგლამენტის ეკვივალენტად მიღება – სხვა ქვეყნის კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული ერთჯერადი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი ადეკვატურად ასრულებს ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მიზნებს;
ზ) შესაბამისობის შეფასება – პროცედურა, რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა ტექნიკური რეგლამენტების ან სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნები;
თ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო (სერტიფიკაციის ორგანო) – ამ კანონის შესაბამისად აკრედიტებული, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირი, საკუთრების ფორმის მიუხედავად, რომელიც დადგენილი პროცედურების მეშვეობით აფასებს პროდუქციის შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ან ნებაყოფლობით სტანდარტებთან და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს;
ი) შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ან შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ადასტურებს, რომ პროდუქცია შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს, სტანდარტს ან სხვა წესებსა და მოთხოვნებს; ნებაყოფლობით სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება სავალდებულო არ არის და კონკრეტული პროდუქციის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია;
კ) შესაბამისობის ეროვნული ნიშანი – ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქცია შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს;
ლ) დაკალიბრების ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელიც ადგენს გაზომვის საშუალების გაზომვის სტანდარტთან შესაბამისობას;
მ) ტესტირების ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელიც ტექნიკური ოპერაციებისა და დადგენილი პროცედურების მეშვეობით ადგენს პროდუქციის ან მასთან დაკავშირებული პროცესის ერთ ან რამდენიმე მახასიათებელს;
ნ) პროდუქცია – საქართველოს ბრუნვაში არსებული საქონელი ან მომსახურება, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის;
ო) უსაფრთხო პროდუქცია – საქონელი ან მომსახურება, რომელიც ნორმალურად და გონივრულად გამოყენებისას არ შეიცავს რისკს ან შეიცავს მხოლოდ ადამიანთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ, მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქციის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქციის სახიფათოდ მიჩნევის საფუძველი;
პ) სახიფათო პროდუქცია – საქონელი ან მომსახურება, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქციის“ განმარტებას;
ჟ) მწარმოებელი:
ჟ.ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი;
ჟ.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი;
ჟ.გ) სხვა პირი, რომელიც მოქმედებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე გატანილი პროდუქციის უსაფრთხოების მახასიათებლებზე;
რ) დისტრიბუტორი – პირი, რომელიც მოქმედებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის საქმიანობა გავლენას არ ახდენს პროდუქციის უსაფრთხოების მახასიათებლებზე;
ს) ბაზარზე გატანა – საქართველოს ბაზარზე პროდუქციის პირველადი განთავსება (ხელმისაწვდომად გახდომა), მათ შორის, იმპორტი, პროდუქციის გავრცელების ან გამოყენების მიზნით;
ტ) ბაზრის ზედამხედველობა და კონტროლი – მეთოდების, პროცედურებისა და საქმიანობის ერთობლიობა, რომლებსაც ახორციელებენ კომპეტენტური ორგანოები ბაზარზე გატანილი პროდუქციის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის, შესაბამისობის ეროვნული ნიშნის სწორად გამოყენებისა და პროდუქციის თანმხლები აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფის მიზნით;
უ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო, რომელიც ბაზარზე გატანილ პროდუქციაზე ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს.
თავი II
ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 4. ტექნიკური რეგლამენტის მიღების საფუძველი
1. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება უსაფრთხოების, ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მცენარეთა, გარემოს და საკუთრების დაცვის მიზნით.
2. ტექნიკური რეგლამენტის მიღება ან გამოყენება არ უნდა ქმნიდეს ტექნიკურ ბარიერებს საერთაშორისო ვაჭრობაში იმაზე მეტად, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ კანონის მე-2 მუხლში მითითებული მიზნების მისაღწევად.
3. ტექნიკური რეგლამენტი არ გამოიყენება, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები ან მიზნები, რომლებიც იყო მისი მიღების საფუძველი. ტექნიკური რეგლამენტის მიღების საფუძვლის ცვლილება განაპირობებს თავად რეგლამენტის ცვლილებას ისე, რომ იგი გახდეს ნაკლებად შემზღუდველი ვაჭრობისათვის.
4. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტები ეკვივალენტად მიიღება მაშინაც კი, როცა ისინი განსხვავდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისაგან, მაგრამ ადეკვატურად ახორციელებს საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისათვის დადგენილ მიზნებს.
მუხლი 5. ტექნიკური რეგლამენტის მიღება, აღიარება და ეკვივალენტად მიღება
1. კონკრეტული საქონლის ან მისი პარტიის მიმართ ტექნიკურ რეგლამენტს შეიმუშავებს შესაბამისი სამინისტრო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულება.
2. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. შესაძლებელია, საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნეს სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტები და ისინი სრულუფლებიანად იქნეს გამოყენებული საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების პარალელურად.
4. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტისათვის სავალდებულო ძალის მინიჭებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესრულების საფუძველზე დასაშვებია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქციის წარმოება და ბრუნვა.
5. შესაძლებელია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით ეკვივალენტად იქნეს მიღებული სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი და დაშვებული იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქციის იმპორტი და ბრუნვა.
6. დასაშვებია პროდუქციის იმპორტი და ბრუნვა, თუ ის შეესაბამება აღიარებულ ან ეკვივალენტად მიღებულ ტექნიკურ რეგლამენტებს ან საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებს ან სხვა წესებსა და ნორმებს, რომლებიც ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს პროდუქციის მიმართ.
7. აღიარებული და ეკვივალენტად მიღებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქციის იმპორტირება შესაძლებელია პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში მიღებული შესაბამისობის შეფასების პროცედურით გათვალისწინებული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
8. თუ პროდუქცია წარმოებულია და მისი ბრუნვა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, აღიარებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასებისას და შესაბამისობის დადასტურებისას გამოიყენება საქართველოში მოქმედი შესაბამისობის შეფასების პროცედურა.
თავი III
პროდუქციის უსაფრთხოება და ბაზარზე გატანა
მუხლი 6. პროდუქციის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები და ბაზარზე გატანა
პროდუქციის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) პროდუქციის მახასიათებლები, მათ შორის, მისი შემადგენლობის, შეფუთვის, აწყობისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციები;
ბ) გავლენა სხვა პროდუქციაზე, როდესაც სავარაუდოა მისი გამოყენება მათთან ერთად;
გ) პროდუქციის წარდგენა, ეტიკეტირება, ინსტრუქცია პროდუქციის გამოყენებისა და გაყიდვის შესახებ, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ან მითითება, რომელსაც უზრუნველყოფს მწარმოებელი;
დ) მომხმარებელთა ის კატეგორია, რომელსაც ემუქრება საფრთხე პროდუქციის გამოყენების დროს, განსაკუთრებით – ბავშვები.
მუხლი 7. მწარმოებლისა და დისტრიბუტორის ვალდებულებანი
1. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე გაიტანოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქცია.
2. მწარმოებელი პროდუქციის ბაზარზე გატანისას ვალდებულია:
ა) მიაწოდოს მომხმარებელს შესაბამისი ინფორმაცია, რათა ამ უკანასკნელს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს ადეკვატური გაფრთხილების გარეშე შეუმჩნეველი რისკი, რომელსაც შეიცავს პროდუქცია ექსპლუატაციის ვადის გათვალისწინებით, მისი ნორმალური და გონივრული გამოყენებისას, და მიიღოს გამაფრთხილებელი ზომები ამგვარ რისკთან დაკავშირებით;
ბ) პროდუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე, მიიღოს ზომები პროდუქციასთან დაკავშირებული რისკის შესახებ ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისთვის და დისტრიბუტორისთვის მისაწოდებლად და ამგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, საქონლის ან მისი პარტიის განმასხვავებელი ნიშნით გამოყოფის, ნიმუშების ტესტირებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღების ჩათვლით. ასეთი ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს მწარმოებელს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისაგან.
3. დისტრიბუტორი ვალდებულია იმოქმედოს სათანადო გულისხმიერებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროდუქციის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა. კერძოდ, მან არ უნდა გაავრცელოს ისეთი პროდუქცია, რომელიც მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და პროფესიული ცოდნის საფუძველზე, სავარაუდოდ, არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს. დისტრიბუტორმა თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე გატანილი პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით – პროდუქციასთან დაკავშირებული რისკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით.
მუხლი 8. ტექნიკური რეგლამენტებით რეგულირებული პროდუქციის ბაზარზე გატანა
თუ პროდუქციის უსაფრთხოება რეგულირდება ტექნიკური ნორმებით, მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე გაიტანოს ისეთი პროდუქცია, რომელიც შეესაბამება მისი მარეგულირებელი, საქართველოში მოქმედი ან აღიარებული ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს ან საქართველოში მოქმედ სხვა წესებსა და ნორმებს, რომლებიც ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს პროდუქციის მიმართ.
მუხლი 9. შესაბამისობის დეკლარაცია
1. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქციის ბაზარზე გატანამდე შეადგინოს და ხელი მოაწეროს (მიიღოს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციას.
2. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მწარმოებლის სახელი და მისამართი;
ბ) პროდუქციის საიდენტიფიკაციო მონაცემები (დასახელება, ტიპის ან მოდელის ნომერი, პარტია და რაოდენობა);
გ) გამოყენებული სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები და საეტიკეტო მონაცემები;
დ) დეკლარაციის შედგენის თარიღი;
ე) უფლებამოსილი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა;
ვ) განაცხადი, რომ მწარმოებელი კისრულობს პასუხისმგებლობას შესაბამისობაზე.
3. ტექნიკური რეგლამენტი შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებითი ინფორმაციის შეტანას შესაბამისობის დეკლარაციაში ან მის სპეციფიკურ ფორმას.
4. შესაბამისობის დეკლარაცია ქართულ ენაზე უნდა იყოს შედგენილი.
5. თუ პროდუქციაზე ვრცელდება ერთზე მეტი ტექნიკური რეგლამენტი, შესაძლებელია შესაბამისობის დეკლარაციათა კომბინირება ერთ დოკუმენტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს დეკლარაციის სპეციფიკურ ფორმას.
6. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია პროდუქციის წარმოებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ ტექნიკურ რეგლამენტში სხვა ვადა არ არის მითითებული.
7. შესაბამისობის დეკლარაცია მოთხოვნისამებრ უნდა წარედგინოს ბაზრის ზედამხედველ ორგანოს. დეკლარაცია უნდა ერთვოდეს პროდუქციას, თუ ამას ითვალისწინებს ტექნიკური რეგლამენტი.
თავი IV
აკრედიტაცია
მუხლი 10. აკრედიტაცის ფარგლები
აკრედიტაციის ეროვნული ორგანო ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორიების, დაკალიბრების ლაბორატორიების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, და ფიზიკური პირების აკრედიტაციას.
მუხლი 11. აკრედიტაციის საფუძველი
1. აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს დებულებისა და მის მიერ მიღებული იმ წესების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, საერთაშორისოდ აღიარებულ, აკრედიტაციის ორგანოების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და დოკუმენტებს.
2. მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიის აკრედიტაცია ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე.
3. აკრედიტაციის წესები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
4. აკრედიტაციის ეროვნული ორგანო აკრედიტაციის სამუშაოებს ახორციელებს დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და უწევს მას კონსულტაციას აკრედიტაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით. აკრედიტაციის ეროვნული ორგანო ვალდებულია ასეთი ხელშეკრულება გააფორმოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან.
5. აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის მიღების მსურველი პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების მოთხოვნებს.
6. მხოლოდ აკრედიტებულ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 12. აკრედიტაციის ვადა
აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა განსაზღვრული ვადით. აკრედიტებული ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის მოთხოვნებს მთელი აღნიშნული ვადის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია გაუქმდება.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V, VI, VII და VIII თავები:
„თავი V
შესაბამისობის შეფასება
მუხლი 13. შესაბამისობის შეფასების პროცედურები
1. ტექნიკური რეგლამენტით დგინდება საქონლის ან მისი პარტიის შესაბამისობის შეფასების პროცედურები. შესაბამისობის შეფასების პროცედურები ხორციელდება შემდეგი ფორმებით:
ა) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით;
ბ) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის წარდგენით.
2. შესაბამისობის შეფასების პროცედურათა სახეები და მათთან დაკავშირებული ვალდებულებანი განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. საქონლის პარტიის თავისებურებებიდან, მისი ტექნიკური სირთულისა და საფრთხის სიდიდიდან გამომდინარე, ტექნიკური რეგლამენტი უნდა ითვალისწინებდეს პროდუქციის ბაზარზე გატანამდე ჩასატარებელ შესაბამისობის შეფასების პროცედურათა შესაძლებელ ვარიანტებს.
4. პროდუქციის აღიარებულ ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის შეფასებისას გამოიყენება პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში მიღებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა.
5. შესაბამისობის შეფასება ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩატარებული შესაბამისობის შეფასების ხარჯების გაწევა ეკისრება მწარმოებელს ან იმპორტიორს.
მუხლი 14. შესაბამისობის ეროვნული ნიშანი
1. შესაბამისობის ეროვნული ნიშნით პროდუქციის ნიშანდება ხორციელდება, თუ ჩატარებულია შესაბამისობის შეფასების ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
2. შესაბამისობის ეროვნული ნიშნით პროდუქციის ნიშანდებას ბაზარზე გატანამდე ახორციელებს მწარმოებელი ან იმპორტიორი.
3. შესაბამისობის ეროვნული ნიშნით პროდუქციის ნიშანდება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ამას ითვალისწინებს ის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც გამოსაყენებელია ამ პროდუქციის მიმართ.
4. შესაბამისობის ეროვნული ნიშანი დაიტანება პირდაპირ პროდუქციაზე, ხოლო თუ პროდუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია, – შეფუთვაზე. ნიშანი უნდა იყოს ხილული, ადვილად გარჩევადი და მოუცილებადი.
5. როდესაც შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობს აკრედიტებული ორგანო, მისი საიდენტიფიკაციო კოდი დაიტანება პროდუქციაზე შესაბამისობის ეროვნულ ნიშანთან ერთად.
6. საქონელზე შეიძლება დატანილი იქნეს სხვა ნიშანიც, თუ იგი არ აირევა შესაბამისობის ეროვნულ ნიშანთან და არ შეამცირებს მის ხილვადობას.
მუხლი 15. საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება
საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების მიხედვით.
თავი VI
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო
მუხლი 16. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი
1. აკრედიტაციის განხორციელების მიზნით იქმნება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ცენტრის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
2. ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 17. ცენტრის გენერალური დირექტორი
1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით.
2. ცენტრის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ცენტრის გენერალური დირექტორის მოქმედების შეზღუდვის და თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 18. ცენტრის გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტები
ცენტრის გენერალური დირექტორი ამ კანონითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს.
მუხლი 19. ცენტრის ანგარიში
ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
მუხლი 20. ცენტრის ფუნქციები
ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ამ კანონის შესაბამისად შესაბამისობის შემფასებელ ორგანოთა აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შემუშავება, მიღება და გამოქვეყნება;
ბ) აკრედიტაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა დაინტერესებული პირებისათვის;
გ) აკრედიტაციის სამუშაოების ჩატარება;
დ) აკრედიტაციის მოწმობის გაცემა, მოქმედების შეჩერება და გაუქმება;
ე) აკრედიტებულ ორგანოებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
ვ) აკრედიტებული ორგანოების რეესტრის წარმოება;
ზ) აკრედიტაციასთან დაკავშირებული დავების განხილვა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს წარმოდგენა აკრედიტაციის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში;
ი) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 21. აკრედიტებული ორგანოების რეესტრი
1. ცენტრი აწარმოებს რეესტრს, რომელშიც შეიტანება:
ა) აკრედიტირებული ორგანოების ნუსხა;
ბ) აკრედიტაციის მოთხოვნების შემცველი დოკუმენტების ნუსხა.
2. ცენტრი ვალდებულია მუდმივად განაახლოს რეესტრი.
მუხლი 22. ცენტრის ქონება და დაფინანსება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აკრედიტაციის სამუშაოებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
მუხლი 23. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსოეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.
3. ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხების გადახდა ეკისრება ცენტრს.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ცენტრის გენერალური დირექტორის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.
თავი VII
ბაზრის ზედამხედველობა და კონტროლი
მუხლი 24. კომპეტენტური ორგანოები
კომპეტენტური ორგანოები მოქმედებენ ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 25. კომპეტენტური ორგანოების უფლებები
1. ამ კანონისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ შემდეგი ძირითადი უფლებები:
ა) ნებისმიერი პროდუქციის შემთხვევაში:
ა.ა) განახორციელონ უსაფრთხო პროდუქციის სახით ბაზარზე გატანილი პროდუქციის შემოწმება და ამ მიზნით აიღონ მისი ნიმუშები;
ა.ბ) მწარმოებელს ან დისტრიბუტორს მოსთხოვონ აუცილებელი ინფორმაცია;
ბ) ნებისმიერი პროდუქციის შემთხვევაში, რომლის განსაზღვრულ პირობებში გამოყენება უკავშირდება რისკს:
ბ.ა) მოითხოვონ რისკის თაობაზე შესაბამისი, ნათლად ჩამოყალიბებული გაფრთხილების პროდუქციაზე დატანა ქართულ ენაზე;
ბ.ბ) მოითხოვონ პროდუქციის რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
გ) ნებისმიერი პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს საფრთხეს პირთა განსაზღვრული წრისათვის, მოითხოვოს ამ პირთა გაფრთხილება გონივრულ ვადაში და სათანადო ფორმით, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, რისკის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება;
დ) ნებისმიერი პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება სახიფათო იყოს, შესამოწმებლად საჭირო პერიოდის განმავლობაში დროებით შეზღუდოს ხელმისაწვდომობა;
ე) ნებისმიერი სახიფათო პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც ჯერ არ გატანილა ბაზარზე, აკრძალოს მისი ხელმისაწვდომობა და განახორციელოს დამატებითი ღონისძიებები აკრძალვის გასაკონტროლებლად;
ვ) ბაზარზე გატანილი სახიფათო პროდუქციის შემთხვევაში:
ვ.ა) გამოსცეს ბაზრიდან მისი ამოღების აქტი და ორგანიზება გაუწიოს მის დაუყოვნებლივ შესრულებას; გაავრცელოს ინფორმაცია რისკის თაობაზე;
ვ.ბ) უზრუნველყოს მომხმარებლებისაგან მისი ამოღება და განადგურება მწარმოებელთან ან/და დისტრიბუტორთან კოორდინაციით, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში – დამოუკიდებლად.
2. თუ კომპეტენტური ორგანო არ ფლობს შესაბამის საშუალებებს პროფესიული ექპერტიზის განსახორციელებლად, მას შეუძლია ხელშეკრულების საფუძველზე პროფესიული ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართოს შესაბამის ორგანოს.
მუხლი 26. კომპეტენტური ორგანოების მოვალეობები
კომპეტენტურმა ორგანოებმა ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების საფუძველზე კონკრეტული ღონისძიებების გატარებისას უნდა იმოქმედონ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით და რისკის ხარისხის გათვალისწინებით.
მუხლი 27. შემოწმების ხარჯები
თუ შემოწმების შედეგად პროდუქცია სახიფათო აღმოჩნდება, შემოწმების პროცედურების ხარჯების გაწევა, შესამოწმებელი ნიმუშების ღირებულების ჩათვლით, ეკისრება მწარმოებელს ან დისტრიბუტორს, შესაბამისად მწარმოებლის ან დისტრიბუტორის ბრალის გათვალისწინებით.
მუხლი 28. კომპეტენტური ორგანოების სხვა უფლება-მოვალეობები
კონკრეტული პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ სპეციალური ნორმატიული აქტებითა და ტექნიკური რეგლამენტებით შესაძლებელია განისაზღვროს კომპეტენტური ორგანოების დამატებითი უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 29. პასუხისმგებლობა
ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 30. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება
1. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისას შესაბამისმა დარგობრივმა სამინისტრომ ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებამ საფუძვლად უნდა გამოიყენოს ევროკავშირის სათანადო დირექტივები და სხვა ნორმატიული აქტები.
2. საქართველოს მთავრობამ 2 თვის ვადაში შეიმუშაოს მისაღები ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა, შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოსა და ვადების მითითებით.
მუხლი 31. გარდამავალ ეტაპზე პროდუქციის ტექნიკური რეგულირება
გარდამავალ ეტაპზე შესაძლებელია პარალელურად მოქმედებდეს რამდენიმე ალტერნატიული მოთხოვნა კონკრეტული პროდუქციის მიმართ. დასაშვებია სხვა-დასხვა მოქმედი ნორმებიდან ერთ-ერთი მოთხოვნის შესაბამისი კონკრეტული პროდუქციის წარმოება და ბრუნვა ისე, რომ არ იყოს აუცილებელი საქართველოში მოქმედი სხვა ტექნიკური რეგლამენტების ან აღიარებული ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება.“.
მუხლი 2
1. ცენტრმა თავისი უფლებამოსილების განხორციელება დაიწყოს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონს შეუსაბამონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღონ ყველა საჭირო ზომა ცენტრის სრული ამოქმედებისათვის.
3. ცენტრისათვის საჭირო დაფინანსების გამოყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადება.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ ბაზაზე მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოს „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ ფორმირების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 24 ივნისი.
№1790-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები