დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018445 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №19
2015 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, XXI მიკრო/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 80 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.01.05.801), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №201990079).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნის მიზნით, შენობის ან/და შენობების და საფეხბურთო მოედნების აშენება, ინვენტარით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში;
გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ბაზაზე, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონირების დაწყება და აღნიშნული პროფილით ფუნქციონირების მუდმივად შენარჩუნება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ა(ა)იპ ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც, არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები