„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანიოს თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანიოს თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 16/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.001.912
  • Word
1771
24/06/2005
სსმ, 39, 16/07/2005
230.000.000.05.001.001.912
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანიოს თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის, მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებზე განცხადებების განხილვისათვის და მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, რომლებსაც ახორციელებენ შესაბამისი სამსახურები.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის – 35 ლარი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის – 14 ლარი;

გ) პასპორტში არასრულწლოვანი შვილების შესახებ მონაცემების შეტანისათვის – 7 ლარი;

დ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისათვის – 60 ლარი;

ე) საზღვარგარეთიდან საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის (იმიგრაციის) შესახებ განცხადების განხილვისათვის – 70 ლარი;

ვ) საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობის (პასპორტის შემცვლელი დოკუმენტის) გაცემისათვის – 35 ლარი;

ზ) მეზღვაურის წიგნაკისა და მფრინავის მოწმობის გაცემისათვის – 35 ლარი;

თ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისათვის – 10 ლარი;

ი) იმიგრანტის სტატუსის დადგენისა და მინიჭების საკითხის განხილვისათვის – 60 ლარი;

კ) ემიგრანტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისათვის – 30 ლარი;

ლ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემისათვის – 30 ლარი;

მ) უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემისათვის – 120 ლარი.“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმავალი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

ბ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებულად ცნობილი პირები – 50 პროცენტით;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;

დ) 16 წლამდე ასაკის პირები – 50 პროცენტით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1771–რს