„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 ივნისის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 ივნისის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016903
168/ნ
30/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
430210000.22.022.016903
„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 ივნისის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №168/ნ

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 ივნისის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 ივნისის N97/ნ ბრძანებაში (www. Matsne.gov.ge, 110603009, 08/06/2011; სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016134) ცვლილება და ბრძანების:

1.  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“

2.  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დანართის შესაბამისად.“

3.  პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი

 

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ცნება
პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის, პედაგოგიური და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს პროფესიული განათლების მასწავლებელი (შემდგომში - მასწავლებელი).

მუხლი 2. სტანდარტის რეგულირების სფერო 
სტანდარტი გამოიყენება:

ა) მასწავლებლის საქმიანობის შეფასებისათვის;

ბ) მასწავლებელთა საჭიროებების დადგენისათვის;

გ) მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამის შექმნისათვის;

დ) პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვისათვის;

ე) პროფესიული ლიტერატურის შექმნისათვის;

ვ) მასწავლებელი იყენებს სტანდარტს თვითშეფასებისა და პროფესიული განვითარების გეგმის შესადგენად.


მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა
სტანდარტის სტრუქტურის:

ა) პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნის და უნარების, სწავლის თეორიებისა და სასწავლო გარემოს ნაწილი ასახავს პროფესიასთან დაკავშირებულ ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს, განათლებისა და ანდრაგოგიკის ძირითად თეორიებს, ასევე სასწავლო გარემოს ორგანიზების იმ პრინციპებს, რომელთა ცოდნა სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის, აგრეთვე ეფექტური და ყველა პროფესიულ სტუდენტზე (შემდგომში - სტუდენტი) ორიენტირებული სწავლებისათვის არის აუცილებელი;

ბ) სწავლებისა და შეფასების ნაწილი ასახავს ზოგადად მასწავლებლის საქმიანობისათვის აუცილებელ მეთოდებსა და სტრატეგიებს, ასევე პროფესიული განათლების იმ სპეციფიკას, რომელიც აუცილებელია ეფექტური სწავლისა და სწავლებისათვის;

გ) პროფესიული გარემოს ნაწილი ასახავს მასწავლებლის პროფესიულ ვალდებულებებს, კოლეგებთან და სოციალურ პარტნიორებთან ურთიერთობას, საკუთარი პრაქტიკის დახვეწასა და საკუთარი საქმიანობის კანონმდებლობის მიხედვით წარმართვას.


თავი II
პროფესიასთან  დაკავშირებული ცოდნა და უნარები, სწავლის თეორიები და სასწავლო გარემო

მუხლი 4. პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნა, უნარები და კომპეტენციები
1. მასწავლებელი ფლობს შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს და შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიის დაუფლებაში.

2. მასწავლებელს შეუძლია სახელმწიფო ენაზე სასწავლო პროცესის წარმართვა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ლიტერატურის გაგება.


მუხლი 5. სწავლის თეორიები
მასწავლებელმა იცის პედაგოგიკისა და ანდრაგოგიკის ძირითადი პრინციპები, იცნობს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს სწავლაზე და იყენებს ამ  ცოდნას მოზარდებისა და ზრდასრულების სწავლისა და პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიზნით მასწავლებელი:

ა)   ორიენტირებულია თითოეული  სტუდენტის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე და ეხმარება მათ პროფესიისათვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებაში;

ბ)  ითვალისწინებს სტუდენტის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებსა და მათ გავლენას სწავლებასა და სწავლაზე;

გ) ეხმარება  სტუდენტებს პროფესიული ცოდნის აგებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.


მუხლი 6. სასწავლო გარემო
მასწავლებელი უზრუნველყოფს  უსაფრთხო, კეთილგანწყობილ და ორგანიზებულ სასწავლო გარემოს.  ამ მიზნით მასწავლებელი:

ა) თანამშრომლობს დაწესებულების ადმინისტრაციასთან   შრომისა და სწავლისათვის უსაფრთხო პირობების მოსაწყობად;

ბ) ეხმარება სტუდენტებს  პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და კონფლიქტების  მშვიდობიანი გზით მოგვარებაში;  

გ)  ხელს უწყობს  ეფექტურ სასწავლო-საწარმოო გარემოს მოწყობას;

დ) სწავლის შედეგების მისაღწევად იყენებს ჯგუფური მუშაობის მეთოდებს, ხელს უწყობს სტუდენტებში თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ე) იყენებს ინკლუზიური განათლების პრინციპებს სასწავლო გარემოს მოწყობაში;

ვ) იყენებს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;

ზ)  ეხმარება  სტუდენტებს ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში;

თ) განსაკუთრებული შემთხვევების დროს მოქმედებს ადეკვატურად და პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს  სტუდენტს ან კოლეგას.


მუხლი 7. მოტივაცია და კომუნიკაცია
მასწავლებელი იყენებს  მოტივაციის ამაღლებისა და ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდს საკუთარ პრაქტიკაში. ამ მიზნით მასწავლებელი:

ა)  ეფექტიანად  იყენებს  სწავლის მოტივაციის ამაღლების მეთოდებს სტუდენტთა მიერ სწავლის შედეგების მისაღწევად;

ბ) იყენებს ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს  კონკრეტული სწავლის შედეგების მისაღწევად კოლეგებთან, ასევე მშობლებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა დაინტერესებულ პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის.


თავი III
სწავლება და შეფასება

მუხლი 8. სასწავლო პროცესი
მასწავლებელი სასწავლო პროცესს გეგმავს და ახორციელებს პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებებისა   და შესაბამისი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამ მიზნით მასწავლებელი:

ა) გეგმავს  და წარმართავს  სასწავლო პროცესს შესაბამისი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების, სტუდენტთა ინდივიდუალური და სპეციალური საჭიროებების, ასევე  ასაკობრივი თავისებურებების, დროისა და სასწავლო რესურსების გათვალისწინებით;

ბ)  საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფს სწავლება-შეფასების პროცესების წარმართვას ამ გეგმის მიხედვით;

გ) სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, თვითშეფასებისა და სტუდენტთაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს საკუთარი პრაქტიკის ანალიზს;

დ) შეუძლია საჭირო პროფესიული ლიტერატურის შერჩევა და ეხმარება სტუდენტებს ლიტერატურის მიმართ ადეკვატური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში;

ე) იცნობს და უზრუნველყოფს სტუდენტთა ინფორმირებას შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებული უახლესი ტექნოლოგიების შესახებ.


მუხლი 9. შეფასების მეთოდები
მასწავლებელს შეუძლია შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სწავლის შედეგების გასაზომად. ამ მიზნით მასწავლებელი:

ა) იყენებს შეფასების სხვადასხვა ფორმას სწავლის შედეგების მიღწევის დონის დასადგენად;

ბ) შეფასების შედეგებიდან მიღებულ მონაცემებს იყენებს სტუდენტთა აკადემიური საჭიროებების განსაზღვრისა და სწავლების გაუმჯობესების მიზნით;

გ) ხელს უწყობს  სტუდენტთა შეფასების პროცესში დამსაქმებელთა მონაწილეობას;

დ) იცის, როგორ ჩართოს სტუდენტები შეფასების პროცესში, რათა ისინი აცნობიერებდნენ და ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას თავიანთ შეფასებაზე.


მუხლი 10. სწავლების სტრატეგია და მეთოდები
მასწავლებელს შეუძლია სწავლების სხვადასხვა მეთოდისა და სტრატეგიის გამოყენება თითოეული სტუდენტის ეფექტური სწავლისა და წინსვლისათვის. ამ მიზნით მასწავლებელი:

ა) ავლენს შედეგზე ორიენტირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდის ცოდნას და შეუძლია მათი გამოყენება სასწავლო კონტექსტის შესაბამისად;

ბ) არჩევს   ეფექტური სწავლების მეთოდებსა და ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად.


თავი IV
პროფესიული გარემო

მუხლი 11. კოლეგებთან ურთიერთობა
მასწავლებელმა იცის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობის ფორმები. ამ მიზნით მასწავლებელი:

ა)  თანამშრომლობს კოლეგებთან სტუდენტთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად;

ბ) საჭიროების შესაბამისად,  პროფესიულ და კვალიფიციურ დახმარებას უწევს კოლეგებს, უზიარებს მათ ცოდნასა და გამოცდილებას;

გ) მოქმედებს კოლეგიალობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი სხვა პრინციპებისა და ნორმების დაცვით.


მუხლი 12. თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
მასწავლებელმა  იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი გამოცდილება, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა. ამ მიზნით მასწავლებელი:

ა) იყენებს თვითშეფასებასა და სტუდენტთაგან მიღებულ შეფასებას საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის გასაზომად;  

ბ) იყენებს  პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალებასა და რესურსს პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად;

გ) შეუძლია გაანალიზოს პროფესიული ლიტერატურა და გამოიყენოს ის საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის;

დ)  მუდმივად ეცნობა პროფესიაში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ინოვაციებს, ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციების  შესახებ;

ე)  თანამშრომლობს დარგის დამსაქმებლებთან.


მუხლი 13. სამართლებრივი აქტების ცოდნა
მასწავლებელი იცნობს პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ბაზას. ამ მიზნით:

ა) იცნობს და ხელმძღვანელობს პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის შესახებ არსებული სამართლებრივი აქტებით;

ბ) აცნობიერებს სამართლებრივ და ეთიკურ მოთხოვნებს სასწავლო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.