დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1736 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 11/07/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.001.888 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 46-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.“;
ბ) მე-3–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით ასევე განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კოდექსით დადგენილი წესით წყვეტს განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ასევე ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.
4. სააპელაციო საჩივარს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
5. საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, განჩინებასა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.“.
2. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. საქმის ერთპიროვნულად და კოლეგიურად განხილვა სასამართლოში
1. მაგისტრატი მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე, ხოლო სასამართლო კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით, განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.“.
3. 48-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა კატეგორიის დანაშაულზე, კერძო ბრალდების საქმეები, შუამდგომლობები მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების და მათი ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე საჩივრები გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებზე და უარყოფილ შუამდგომლობებზე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. სააპელაციო სასამართლოს განსჯადია სააპელაციო საჩივრები მის სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების განსჯადია სააპელაციო საჩივრები მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.“;
გ) 51 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 და 53 ნაწილები:
„52. სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი (მუხლის ნაწილი) სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას.
53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განსჯადია საკასაციო საჩივრები საქართველოს სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატების მიერ გამოტანილ განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, საჩივრები კანონით გათვალისწინებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, პრეიუდიციასთან დაკავშირებული და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა.“;
დ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 108-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები იმ მოსამართლის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. აცილების საკითხს, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ აცილება მისცეს იმ სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის ამ საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. აცილების საკითხს, რომელიც სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე.“.
5. 140-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით მაგისტრატი მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით გასცემს ბრძანებას აღკვეთის ღონისძიების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, ბრალდებულის ან სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საპროცესო სამართლებრივი იძულების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შუამდგომლობა ყველა მასალის ასლებთან ერთად წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.“.
6. 162-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ 60 დღემდე. ამ ვადის ამოწურვისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ თავისუფლდება პატიმრობიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის წარდგინების საფუძველზე პროკურორის მიერ შედგენილი მოტივირებული შუამდგომლობით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულის პატიმრობის (შინაპატიმრობის) ვადა შეიძლება გააგრძელოს 1 თვემდე, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ან სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე კიდევ 1 თვემდე აგრძელებს პატიმრობის ვადას.“;
გ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ საქმის სასამართლოსათვის გადაცემის მომენტიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე. სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე. საკასაციო სასამართლოში საკასაციო წესით საქმის განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს, ხოლო განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ან განსასჯელის მოთხოვნით ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 1 თვემდე. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.“.
7. მე-200 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მისი გაცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათის ვადაში, ხოლო დადგენილება ქონებისათვის ყადაღის დადებაზე უარის თქმის შესახებ – მისი გამოტანიდან 48 საათის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას.“.
8. 242-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სადაც საჩივარი განიხილება 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
9. 243-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მაგისტრატი მოსამართლის ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მისი გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში;“;
ბ) მე-3–მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა. საჩივრის განხილვის დღე და დრო დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს.
4. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორისა და მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს. საჩივრის განმხილველ მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, ასახელებს მხარეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სათათბირო ოთახში. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
5. საჩივრის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემისას (გამოტანისას) დაიცვა თუ არა მოსამართლემ ამ კოდექსის 151-ე–172-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
7. ბრალდების მხარის (პროკურორი, დაზარალებული და მისი წარმომადგენელი) შუამდგომლობის საფუძველზე საჩივრის განმხილველ მოსამართლეს უფლება აქვს ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, რის შესახებაც გამოიტანს დადგენილებას.
8. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.
9. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება ბრძანების (დადგენილების) გამცემ მოსამართლეს და ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს.
10. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.
10. 290-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით, რის შესახებაც მაგისტრატ მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, პროკურორმა უნდა აცნობოს 24 საათის განმავლობაში და გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მაგისტრატი მოსამართლე მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა და საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩაატარა. მასალების განხილვის შემდეგ მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.“.
11. 428-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 426-ე ან 427-ე მუხლის საფუძველზე რაიონული (საქალაქო) მოსამართლის (სასამართლოს) განმწესრიგებელი სხდომის დადგენილება (განჩინება) მხარეებმა შეიძლება 5 დღის ვადაში გაასაჩივრონ შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.“.
12. 434-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
13. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4371მუხლი:
„მუხლი 4371. მოსამართლეები საქმის კოლეგიური განხილვის დროს
1. მოსამართლეები საქმის კოლეგიური განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში ქმნიან სასამართლო კოლეგიას, ხოლო სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში – პალატას, რომელიც საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხს წყვეტს და გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით.
2. მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების დროს კოლეგიისა და პალატის ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებით.“.
14. 521-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარს სააპელაციო წესით განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.“.
15. 547-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 547. საკასაციო წესით გასაჩივრების საგანი
1. საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში და, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობაში იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევა, რომელიც არ გამოუვლენია პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ან რომელიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; მსჯავრდებულის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
2. საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.“.
16. 548-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
17. 550-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადა
1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში. თუ განსასჯელი პატიმრობაში იმყოფება, განაჩენის გასაჩივრების ვადა იანგარიშება მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.
2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.
3. საკასაციო საჩივრის ფოსტით, კავშირგაბმულობით და სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.“.
18. 551-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
19. 552-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.
20. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5551მუხლი:
„მუხლი 5551. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
1. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ კოდექსის 552-ე მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამავე კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს სასამართლო წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.“.
21. 556-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
22. 679-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დადგენილებაზე (განჩინებაზე) საჩივარს ზემდგომი სასამართლო ერთჯერადად განიხილავს ამ კოდექსის 523-ე–534-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.“.
23. 680-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-15 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 – მე-19 ნაწილები:
„16. ამ კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.
17. რაიონული (საქალაქო) სასამართლო სისხლის სამართლის საქმეებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით, განიხილავს 2006 წლის 1 ივნისიდან.
18. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, დაასრულებს ამ საქმის განხილვას კანონით დადგენილი წესით. ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით და საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
19. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2005 წლის 1 ნოემბრამდე შესული საკასაციო საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.“.
24. 681-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
„10. ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 ივნისი.
№1736–რს
დოკუმენტის კომენტარები