საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1733
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.885
  • Word
1733
23/06/2005
სსმ, 38, 15/07/2005
080.000.000.05.001.001.885
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 189-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 189. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა

1. საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

3. შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მათი კონტრაფაქციული ასლების უკანონო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გამოყენება, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

4. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1891 მუხლი:

     „მუხლი 1891. სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა

1. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, სელექციური მიღწევის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

3. წინასწარი შეცნობით სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, სელექციური მიღწევის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონო გამოყენება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

4. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“.

3. 196-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 196. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება

1. დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. არარეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა:

ა) არაერთგზის;

ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ;

გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი ოდენობით ადგილი აქვს, როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 1000 ცალს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული (მარკირებული), აღემატება 5000 ლარს.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1733–რს