„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.001.883
  • Word
1718
23/06/2005
სსმ, 32, 30/06/2005
110.040.000.04.001.001.883
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14 (21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, გადასინჯავს განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს პალატებსა და სადისციპლინო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით. პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; ასევე უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს;“.

4. 36-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან პენსიაზე გასვლისას, აგრეთვე პირადი სურვილით უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. ეს პენსია, დანამატის შენარჩუნებით, იცვლება უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.“.

5. მე-40 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირადი სურვილით უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამისდღეშიო პენსია ენიშნება იმ მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან. მანამდე უზენაესი სასამართლოს პალატა საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, გადასინჯავს განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. 2005 წლის 1 ნოემბრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს პალატა საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს ასევე საკასაციო საჩივრებს იმ საქმეებზე, რომელთა განხილვა პირველი ინსტანციით საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მიერ დაწყებულია მანამდე, მაგრამ არ დამთავრებულა, ან გადაწყვეტილებები არ არის შესული კანონიერ ძალაში.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1718_რს