საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1711
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.001.882
  • Word
1711
17/06/2005
სსმ, 32, 30/06/2005
010.190.030.06.001.001.882
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 234

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად უგზავნის საქართველოს კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს.

2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავენ:

ა) კომიტეტები, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით;

ბ) ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და პარლამენტის წევრები.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტი განიხილავს წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

4. საქართველოს კონტროლის პალატა მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე.

5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების ასლებს მათი წარმდგენიდან 3 დღის განმავლობაში გადასცემს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, ცალკეულ პარლამენტის წევრებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ კონტროლის პალატის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკს და უგზავნის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, საქართველოს კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები 2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით განიხილავენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, კონტროლის პალატის მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.

6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე. მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლისა და ხარჯების მოცულობებსა და ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში. საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 1 ნოემბრისა იღებს დადგენილებას ანგარიშგების დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს ერთი თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

7. თუ პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1 თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.“.

2. 236-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 236

1. პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკი – საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი ვალდებულია პარლამენტს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 აპრილისა წარუდგინოს თავისი საქმიანობის წლიური ანგარიში.

2. კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც მისი განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის დადგენილებას. ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და კონტროლის პალატის წლიურ ანგარიშს შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშებისა და მოხსენების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 კვირისა ანგარიშის ან მოხსენების წარდგენის დღიდან, განიხილავს პარლამენტი და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ყველა შემთხვევაში განხილვისას შესაბამისი კომიტეტი გამოდის თანამომხსენებლად და წარმოადგენს გადაწყვეტილების პროექტს.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 17 ივნისი.

№1711_ Iს