„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 705
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 10/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 470170000.10.003.018325
705
25/12/2014
ვებგვერდი, 26/12/2014
470170000.10.003.018325
„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №705

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2014, 470170000.10.003.017967) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეაგირების გეგმის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული ბიოლოგიური ინციდენტის შესაძლო/საეჭვო შემთხვევის სავარაუდო შემთხვევის კატეგორიაში გადაყვანისთანავე (რომლისთვისაც შესაბამის დარგობრივ ორგანოებს ჰყავთ სპეციალურად უფლებამოსილი პირები), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (გამომდინარე იქედან, თუ რამდენად ემუქრება აფეთქება ადამიანთა ან ცხოველთა ჯანმრთელობას) და მათი შესაბამისი სტრუქტურები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში არსებულ ოპერატიულ ცენტრთან აკომპლექტებენ რისკის წინასწარი შეფასების ექპერტთა ჯგუფს და ახდენენ სავარაუდო ბიოლოგიური ინციდენტით გამოწვეული მოკლე და გრძელვადიანი რისკების წინასწარ შეფასებას:

ა) რისკის წინასწარი შეფასების მიზანია სავარაუდო ბიოლოგიური ინციდენტის ზეგავლენის მასშტაბის წინასწარი შეფასება. რისკის წინასწარი შეფასების ფარგლებში, განისაზღვრება დაუკმაყოფილებელი და ახლო მომავალში დასაკმაყოფილებელი საჭიროებები, რომლებიც შესაძლოა, მოითხოვდნენ დაუყოვნებლივ ყურადღებას. ზოგადად, რისკის შეფასება შედგება ოთხი კომპონენტისაგან: საფრთხის შეფასება, ზემოქმედების (ექსპოზიციის) შეფასება, კონტექსტის შეფასება და რისკის დახასიათება (თვისებების იდენტიფიცირება);

ბ) საწყის ეტაპზე რისკის წინასწარი შეფასება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მასზე პირველადი რეაგირებიდან. პირველად შეფასებაში შეიძლება შესწორებები შევიდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რისკის პირველადი შეფასება საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიას სავარაუდო ბიოლოგიურ ინციდენტზე შეტყობინებიდან 24-დან 48 საათის განმავლობაში უნდა მიეწოდოს;

გ) რისკის წინასწარი შეფასების ფარგლებში, შეფასების ჯგუფი გაივლის კონსულტაციას ადგილობრივ (სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) და საერთაშორისო ექსპერტებთან (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის და ევროპის დაავადებთა კონტროლის ცენტრები, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) შემდეგ საკითხებზე: ბიოლოგიური აგენტის შეფასება და მისი მახასიათებლების დადგენა; უშუალო რისკის ქვეშ მყოფი პოპულაცია (ადამიანები და/ან ცხოველები); დაავადების პროგრესირების მოსალოდნელი მასშტაბი; ხანგრძლივობა და გეოგრაფიული გავრცელების არეალი; პოტენციური მიგრაციის სტრატეგია და საფრთხე, რომელიც რეაგირების ღონისძიებების მონაწილე მუშაკებს ემუქრებათ. ამ პროცესის შედეგად:

გ.ა) ადამიანების დაავადებების შემთხვევაში, რისკის წინასწარი შეფასების ფარგლებში:

გ.ა.ა) განისაზღვრება მოცემულ მომენტში და ახლო მომავალში საჭირო რესურსები;

გ.ა.ბ) დგინდება საფრთხის ზემოქმედებამდე და მის შემდეგ პროფილაქტიკის საჭიროებები, ვაქცინაციის ჩათვლით;

გ.ა.გ) ტარდება აფეთქების ეპიდკვლევა, მონაცემების შეჯერება, ანალიზი და რესურსების ანგარიშგება;

გ.ა.დ) ხდება ჯანდაცვის ობიექტებში საჭირო პერსონალისა და მატერიალური რესურსების შეფასება და მათი შედარება არსებულ შესაძლებლობებთან;

გ.ბ) ცხოველების დაავადების შემთხვევაში, რისკის წინასწარი შეფასების ფარგლებში:

გ.ბ.ა) განისაზღვრება მოცემულ მომენტში და ახლო მომავალში საჭირო რესურსები;

გ.ბ.ბ) ხდება ცხოველებში ინფექციური დაავადების აფეთქების ეპიდკვლევა, მონაცემების შეჯერება, ანალიზი და რესურსების ანგარიშგება;

გ.ბ.გ) დგინდება საფრთხის ზემოქმედებამდე ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაციის, ხოლო ზემოქმედების შემდგომ - იძულებითი ვაქცინაციის საჭიროება;

გ.ბ.დ) განისაზღვრება ცხოველების გადარჩევის (წუნდების) ან იზოლაციური ღონისძიებები;

გ.გ) ბიოლოგიური აგენტის გარემოში გამოთავისუფლების/საეჭვო ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში:

გ.გ.ა) ხდება ბიოლოგიური აგენტის მეშვეობით შესაძლო დაბინძურებით გამოწვეული პოტენციური რისკების შესახებ რეალისტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჰიპოთეზის შემუშავება საწყის ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და/ან კრიმინალური მოკვლევის წინასწარ შედეგებსა და სხვა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ოპერაციების ცენტრს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შექმნილი კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი);

გ.გ.ბ) სავარაუდო გამომწვევი ბიოლოგიური აგენტის შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვილი პირველადი რეაგირების პერსონალის მიერ ხდება გარემოდან წინასწარი ნიმუშის/სინჯის აღება, მათი სკრინინგი ჰიპოთეზის დადასტურების და ბიოლოგიური ინციდენტის და გამომწვევი ბიოლოგიური აგენტის თაობაზე მაქსიმალური ინფორმაციის მიღების მიზნით, კერძოდ:

გ.გ.ბ.ა) იმის დასადგენად, მოხდა თუ არა გარემოს დაბინძურება ბიოლოგიური აგენტით და თუ მოხდა, მაშინ გარემოს დაბინძურების მიახლოებითი ზონების განსაზღვრის მიზნით;

გ.გ.ბ.ბ) შეძლებისდაგვარად ამ ზონებში ბიოლოგიური აგენტის მიახლოებითი კონცენტრაციის გამოსათვლელად;

გ.გ.გ) რეაგირების პერსონალის მიერ ხდება სკრინინგ-სინჯების აღება გარემოს ნებისმიერი მყარი ზედაპირიდან. სავარაუდო შემთხვევის დადგენისათვის ხდება დამატებითი სინჯების აღება მყარი და ფხვიერი ზედაპირებიდან, ჰაერიდან და წყლიდან (გარემოს სავარაუდო დაბინძურების შემთხვევაში). გარემოდან სინჯების აღების დეტალური მეთოდოლოგია მოცემულია აშშ-ის დაავადებათა კვლევითი ცენტრების სახელმძღვანელოში;

გ.გ.დ) აღებული ნიმუში/სინჯი იგზავნება სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შემთხვევის დადასტურების და ბიოლოგიური აგენტის დახასიათების მიზნით, რაც რისკის შემდგომი შეფასების აუცილებელი წინაპირობაა;

გ.გ.ე) გარემოს სინჯებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება და რეაგირების და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვა უნდა მოხდეს სხვა წყაროებიდან (მაგ. კლინიკური ანალიზები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები, დაბინძურების წყაროს შესწავლის შედეგები) მოპოვებულ ინფორმაციასთან შეჯერებით;

გ.დ) ნებისმიერი ხასიათის ბიოლოგიური ინციდენტის შემთხვევაში, რისკის წინასწარი შეფასების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი:

გ.დ.ა) რეაგირების ღონისძიებების მონაწილე პერსონალის უსაფრთხოების ზომები;

გ.დ.ბ) რისკის კომუნიკაციის ტაქტიკა და ძირითადი გზავნილები;

გ.დ.გ) მოსალოდნელი მეორეული შედეგების ალბათობა, როგორებიცაა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, საკვებისა და სასმელი წყლის დაბინძურება/ნაკლებობა და გარემოს გადაგვარება;

დ) რისკის შეფასება გრძელდება რეაგირების მთელი პროცესის განმავლობაში და შეფასების შედეგების განახლება ხდება ნებისმიერი ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებისთანავე;

ე) რისკის შეფასების დეტალური პროცესი და ინსტრუქციები მოცემულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში (საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებების მწვავე შემთხვევების რისკის ოპერატიული შეფასება, WHO, ჟენევა, 2012).

3. რისკის წინასწარი შეფასების შედეგების საფუძველზე შესაბამისი დარგობრივი უფლებამოსილი ორგანო:

ა) აძლევს რეკომენდაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ (კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიულმა ცენტრმა) დაიწყოს საგანგებო დახმარების ფუნქცია №1-ის ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, გამოაცხადოს განგაში და შეატყობინოს არსებული მდგომარეობის შესახებ შესაბამის უწყებებს და პირებს;

ბ) უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შექმნილ კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში (შემდგომში - საგანგებო ოპერაციების ცენტრი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 10 იანვრიდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი