დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3012 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 13/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.030.000.05.001.002.238 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998 წ., გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავს მომავალი წლისათვის საშინაო და საგარეო ვალის მოცულობასა და მისი აღების პირობებს;“.
2. მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სახელმწიფო საშინაო ვალიდან შემოსული ფულადი სახსრების გამოყენება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით რეგლამენტირებულ ფარგლებში ხელშეკრულებით აღებული სახელმწიფო საშინაო ვალიდან შემოსული ეროვნული ვალუტით გამოხატული ფულადი სახსრები გამოიყენება:
ა) ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლევადიანი საკასო სხვაობის დასაფარავად.“.
4. მე-20 და 21-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:
„მუხლი 481. საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანება
საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაფარულ იქნეს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 11 მაისი.
№3012–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები