დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2936 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 15/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.002.210 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-20 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები. ამ წესისაგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.“.
2. 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროკურორი უფლებამოსილია სასამართლო გამოძიების დაწყებამდე ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში, თუ ამას წერილობით მოითხოვენ მხარეები ანდა მოითხოვს მხოლოდ დაზარალებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. პროკურორი უფლებამოსილია ჩაებას აღნიშნული კატეგორიის საქმეში, თუ ამ უკანასკნელს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება შეწყდეს მხარეთა შერიგებით.“.
3. 33-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა იმ პირის დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნის ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე დადგენილების შედგენამდე.“.
4. 44-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება, ბრძანება.“;
ბ) 56-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე ნაწილი:
„57. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა – პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის გამართვამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.“.
5. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეს მისცეს შესაძლებლობა, წერილობით წარმოადგინოს მოსაზრებები სასამართლოში მხარის მიერ განსახილველად შეტანილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.“.
6. 54-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები, სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა ახსნა-განმარტებას.“.
7. 55-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე სრული მოცულობით აწარმოებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.“.
8. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე
1. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ორგანოს ან გამომძიებელს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
გ) გამომძიებელს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმებისა და წინასწარი გამოძიების წარმოებისას წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ;
დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;
ე) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;
ვ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან მისცეს თანხმობა ასეთი დადგენილების გამოტანაზე, წაუყენოს პირს ბრალდება, მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულის დაკითხვაში ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ზ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;
თ) გააუქმოს გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილებანი;
ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;
კ) ჩამოაშოროს გამომძიებელი საქმის შემდგომ გამოძიებას;
ლ) შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები;
მ) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;
ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა ან დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და წარმართოს საქმე სასამართლოში;
ო) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;
პ) ამ კოდექსის 6791 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
ჟ) ამ კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ბრალდებული თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით;
რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დაუშვებელია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება სასამართლოს სათათბირო ოთახში.“.
9. 59-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. 72-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
11. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-4 ნაწილები:
„3. თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) დამცველი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო უფლებამოსილია პირველივე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს განსასჯელის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს დამცველი საკუთარი სურვილით.
4. თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) მიერ არჩეული დამცველი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას ან/და ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას, სასამართლო უფლებამოსილია განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით.“.
13. 83-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. გადადებისთანავე გამომძიებელი, პროკურორი იწვევს სხვა დამცველს, თუ დაცვა სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში დადგენილი ვადის გასვლისთანავე ატარებს საგამოძიებო მოქმედებას დამცველის მონაწილეობის გარეშე.“.
14. 84-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის:
ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სასამართლოს მიმართოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით;“;
ა.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) გაასაჩივროს პროკურორთან გამომძიებლის მოქმედება და დადგენილება, ხოლო საჩივრის უარყოფისას ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს გამომძიებლის ან/და პროკურორის დადგენილება, რომელიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;“;
ა.გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას ბრალდების მხარის მოქმედებებზე, რომლებიც, მისი აზრით, უკანონოა, და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში;“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ დამცველი დათქმულ დროს არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით.“.
15. 105-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.“.
16. 108-ე მუხლის:
ა) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წინასწარი გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ.“;
ბ) მე-11–მე-12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.
12. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.“.
17. 117-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ არსებობს არსებითი წინააღმდეგობა ექსპერტის მიერ შედგენილ წერილობით დასკვნასა და მის მიერ სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას შორის, მხარეს უფლება აქვს მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა მოცემული ჩვენების ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილი.“.
18. 129-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს, გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; მოიწვიონ ექსპერტი, ასევე საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი დასკვნის შესადგენად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.“.
19. 130-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მხარეთა შუამდგომლობით, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლოში მის მიერ მიცემული წერილობითი დასკვნის თაობაზე. ამ შემთხვევაში წერილობითი დასკვნა მტკიცებულებით ძალას იძენს მხოლოდ ექსპერტის მიერ თავისი წერილობითი დასკვნის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპერტი გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.“.
20. 140-ე მუხლის:
ა) მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ბრალდებულს, მის დამცველს, პროკურორს უფლება აქვთ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ პროკურორს. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით, სასამართლო განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით.“;
ბ) მე-19 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 ნაწილი:
„20. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე სასამართლო აცხადებს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.“.
21. 145-ე მუხლის მე-5-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პოლიციის თანამშრომელმა ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს ეჭვმიტანილის დაკავებას ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით, დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, კანონში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა დუმილის, დანაშაულის არდაბრალების, ასევე დამცველის მოწვევის უფლების თაობაზე, არ გადაეცა დაკავების ოქმი, ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილის დაკავების შემთხვევაში პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება არ გამოიტანება.
6. ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ შეიძლება დაიკითხოს ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ უნდა შეამოწმოს ექიმმა და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.“.
22. 150-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. პროკურორის დადგენილებით, შესაძლებელია დაკავებულის დროებითი გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას.“.
23. 153ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის LXIV1 თავის შესაბამისად. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესი.“.
24. 159-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან მეტი ვადით. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით – გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით. დაპატიმრება გამოიყენება ასევე ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.“.
25. 161-ე-162-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 161. გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს მითითება პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ
1. გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს უფლება აქვთ მისცენ მითითება საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა (განსასჯელთა) ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის შესახებ.
2. მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შეიძლება გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ბადრაგირების განხორციელება გართულებულია, მოსამართლის დადგენილებით შესაძლებელია განსასჯელი საქმის განხილვისას დროებით მოთავსდეს უახლოეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 162. პატიმრობის ვადა
1. ბრალდებულისა და განსასჯელის პატიმრობის საერთო ვადა არ აღემატება 9 თვეს და აითვლება დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.
2. პატიმრობის ვადის დინება წყდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისთანავე.
3. ბრალდებულის პატიმრობის პირველადი ვადაა 2 თვე. ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 1 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ, თუ არსებობს ამ კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ან/და:
ა) თუ პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა დაარღვია მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება;
ბ) თუ ბრალდებულს უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა;
გ) საქმის სირთულის გამო.
4. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ 60 დღემდე. ამ ვადის ამოწურვისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ თავისუფლდება პატიმრობიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.
5. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში მისი პატიმრობის ვადები აითვლება საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.
6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის წარდგინების საფუძველზე პროკურორის მიერ შედგენილი მოტივირებული შუამდგომლობით ბრალდებულის პატიმრობის ვადა შეიძლება გააგრძელოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ.
7. საქართველოში ექსტრადიციის მიზნით პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრებისა და ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო არ ჩაითვლება პატიმრობის ვადაში.
8. სასამართლოში საქმის შესვლიდან 24 საათში მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს განსასჯელის აღკვეთის ღონისძიების საკითხს.
9. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც უნდა იყოს გონივრული, მაგრამ ბრალდებულისა და განსასჯელის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.“.
26. 163-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია შესაბამის მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობა. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და მოთხოვნილი ვადა.“.
27. 164-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. პროკურორის დადგენილებით და ბრალდებულის თანხმობით, შესაძლებელია ბრალდებულის დროებითი გამოყვანა საპატიმრო ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ბრალდებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ საპატიმრო ადგილას.“.
28. 168-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.“;
ბ) მე-5–მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი მიმართავს სასამართლოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6. სასამართლო უფლებამოსილია, პროკურორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით ბრალდებულს შეუფარდოს წინასწარი პატიმრობა მის მიერ პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს ის სასამართლო ან ორგანო, რომლის დეპოზიტზედაც შეიტანება გირაოს თანხა.
7. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა პირის მიმართ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, უძრავი ქონება კი გადაეცემა სახელმწიფოს.
8. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.“.
29. 175-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.
30. 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 181. ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა
1. ბრალდებული, განსასჯელი ან პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10 დღით იმ მოსამართლის ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.“.
31. 193-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.
32. 202-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
33. 207-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 207. პასუხისმგებლობა საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ზიანისათვის
1. კანონით დადგენილი წესით გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სასამართლოში საქმის განხილვის ან საგამოძიებო მოქმედების გადადებით გამოწვეული ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით გადახდება გამოუცხადებელ პირს.
2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში გამოძახებული პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას მოსამართლე (სასამართლო) აკისრებს ჯარიმას 100-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან.“.
34. 208-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. პირი სხდომიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.“;
ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:
„61. სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.“;
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლით გათვალისწინებული სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება მიიღება ადგილზე თათბირით, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება – ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.“.
35. 218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი:
„14. სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
36. 231-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სასამართლო კამათის დაწყების შემდეგ შუამდგომლობის განცხადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევია არსებითად ახალი მტკიცებულება და ამ მტკიცებულების წარმოდგენა მხარის მიერ სასამართლო კამათის დაწყებამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო.“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. იგი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იქნეს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.“;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ ართმევს უფლებას, ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.“;
დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-9 ნაწილები:
„7. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე.
8. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად მოსამართლე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
9. სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე მხარეს პოზიციის გამოსახატავად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.“.
37. 233-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, ვადის გაგრძელების ან ამ ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სავალდებულოა, გარდა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევისა.“.
38. 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოსამართლის დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით, ერთჯერადად ზემდგომ სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს აღადგინოს გაშვებული ვადა და არსებითად განიხილოს საქმე საჩივრის საფუძველზე.“.
39. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„8. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.“.
40. 243-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 243. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) მისი გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათის ვადაში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს ბრალდებულმა, მისმა დამცველმა, პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
2. საჩივარი შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამცემ (გამომტან) მოსამართლესთან, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების (დადგენილების) აღსრულებასა და საქმის გამოძიებას.
3. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა.
4. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორისა და მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს. საჩივრის განმხილველ მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, ასახელებს მხარეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
5. საჩივრის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემისას (გამოტანისას) დაიცვა თუ არა მოსამართლემ ამ კოდექსის 151-ე–172-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
7. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
8. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება ბრძანების (დადგენილების) გამცემ მოსამართლეს და ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს.
9. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
10. მოსამართლე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.“.
41. 244-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
42. 246-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურორს, სასამართლოს (მოსამართლეს) პროკურორის შუამდგომლობით უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) სისხლის სამართლის საქმიდან გამოყონ საქმე ცალკე წარმოებისათვის.“.
43. 250-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
44. 290-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო სხდომის ოქმი არ დგება. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.
45. 292-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.
46. 305-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. მოწმის იდენტიფიკაცია ხდება დაკითხვის ადგილას შესაბამისი სასამართლოს მიერ.“.
47. 310-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.
48. 311-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.
49. 373-ე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსპერტის მიერ დაკითხვისას მიცემული ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებას.
4. თუ მხარე შუამდგომლობს ექსპერტის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლო სხდომაზე. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუ ის არ დადასტურდება ექსპერტის ზეპირი ჩვენებით სასამართლოში.“.
50. L თავი ამოღებულ იქნეს.
51. 436-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 436. სათადარიგო მოსამართლე
1. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გამოსულ მოსამართლეს, და საქმის განხილვა გრძელდება.
2. თუ სათადარიგო მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქმეზე მისთვის შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ცალკეულ სასამართლო მოქმედებათა ჩატარება, შესაძლებელია ცალკეული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა, რის შემდეგაც გრძელდება საქმის განხილვა.“.
52. 441-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
53. 443-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განსასჯელი (მსჯავრდებული), რომელსაც შეიძლება დაენიშნოს (დანიშნული აქვს) თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 3 წლისა, შუამდგომლობს, საქმე განიხილონ მის დაუსწრებლად, ან განსასჯელი (მსჯავრდებული) თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელის დაუსწრებლად განხილვა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევას;“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს გამოუცხადებელი განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთანავე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს განსასჯელისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა.“;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. თუ პატიმრობაში მყოფი განსასჯელი (მსჯავრდებული) სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ბადრაგირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს სხდომას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს განსასჯელის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბადრაგირების განუხორციელებლობის მიზეზი.“.
54. 445-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ დამცველი არ გამოცხადდა სხდომაზე, სასამართლო განსასჯელს დაუნიშნავს დამცველს სახაზინო წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. მომდევნო სხდომაზე სასამართლო უფლებამოსილია კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღისა, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია დამცველის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ დამცველის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება სახაზინო დამცველის მონაწილეობით.“.
55. 446-ე მუხლის მე-5-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის ან ბრალდების მოხსნის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა.
6. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს გენერალურ პროკურატურას და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი.“.
56. 451-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 451. სასამართლო განხილვის შეჩერება და განახლება
1. განსასჯელის ფსიქიკური ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადების შემთხვევაში, რაც დადასტურებული იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის (ექსპერტების) მიერ, მოსამართლე (სასამართლო) გამოიტანს დადგენილებას (განჩინებას) განსასჯელის გამოჯანმრთელებამდე სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.
2. ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში საქმის წარმოება განახლდება.
4. დღის 18 საათის შემდეგ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით შესაძლებელია სასამართლომ შეწყვიტოს სხდომის მიმდინარეობა.“.
57. 453-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 453. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის წესი
1. სასამართლოს (მოსამართლეს) გადაწყვეტილება გამოაქვს ადგილზე თათბირით. გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია გადაწყვეტილება გამოიტანოს სათათბირო ოთახში.“.
58. 468-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 468. შუამდგომლობის განცხადება და გადაწყვეტა
1. თავმჯდომარე პროცესის მონაწილე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა წარმომადგენლებს ეკითხება, აქვთ თუ არა შუამდგომლობა აცილების, ახალი არსებითი გარემოების გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ახალი მტკიცებულებების ან დოკუმენტების გამოთხოვის ან საქმისთვის დართვის, მოწმეების, ექსპერტების მოწვევის, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს წარედგინება ერთად. პირი, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის განცხადებული შუამდგომლობა.
2. სასამართლომ უნდა განიხილოს ყოველი განცხადებული შუამდგომლობა და გაიგოს პროცესის მონაწილეთა აზრი. თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, საქმისათვის მნიშვნელოვანია, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას. პირს, რომელსაც უარი უთხრეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვს განაცხადოს იგი სასამართლო გამოძიებისას საქმისათვის ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში.“.
59. 469-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი არ გამოცხადდა, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება (დადგენილება) სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.“.
60. 473-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
61. 475-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21–22 ნაწილები:
„21. დაცვისა და ბრალდების მხარეები თავად უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენას. მტკიცებულების წარმოსადგენად სასამართლო მხარეებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადის განმავლობაში სასამართლო ატარებს სულ მცირე ერთ სასამართლო სხდომას. თუ აღნიშნულ ვადაში მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მოწმის (მოწმეების) გამოცხადება, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე განუსაზღვროს მას დამატებითი ვადა მტკიცებულების წარმოდგენისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიტანოს დადგენილება (განჩინება) მოწმის იძულებითი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე კვლავ ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულების წარმოდგენას დანიშნულ ვადაში, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით გამოიტანოს გადაწყვეტილება მტკიცებულების გამოქვეყნების თაობაზე.
22. თუ მხარე არ შუამდგომლობს რომელიმე მოწმის დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ მოწმის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.“;
ბ) მე-4–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართში. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე. დაცვის მხარე მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სიას) სასამართლოში წარადგენს სასამართლო სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
5. თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც განარიდოს. კითხვის დასასმელად და დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას.“;
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაისვას, განხილულ იქნეს და გადაწყდეს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან ამოღების საკითხი. აღნიშნული შუამდგომლობები უნდა დადგეს ერთად სასამართლო გამოძიების სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ.“;
დ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
62. 481-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია ასევე თვით მოწმის შუამდგომლობით ან მისი თანხმობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.“.
63. 4821 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4821. ექსპერტის დაკითხვა მოწმის სახით
თუ მხარე შუამდგომლობს საქმეში მონაწილე ექსპერტის დაკითხვას, ექსპერტს სასამართლოში გამოიძახებენ და დაკითხავენ მოწმის სახით, წერილობით დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე.“.
64. 488-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 488. სასამართლო გამოძიების დამთავრება
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სასამართლო გამოძიებას დამთავრებულად აცხადებს.“.
65. 490-ე მუხლის მე-4–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე.
5. სასამართლო (მოსამართლე) მხარეს კამათში გამოსვლისას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.“.
66. 491-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 491. რეპლიკა
მას შემდეგ, რაც სასამართლო კამათის ყველა მონაწილე გამოვა სიტყვით, თითოეულ მათგანს უფლება აქვს კიდევ ერთხელ, სასამართლოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მოკლედ გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი ან შენიშვნა გამოსვლაში ნათქვამის თაობაზე, ამ კოდექსის 490-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.“.
67. 492-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
68. 493-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
69. 494-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 494. სასამართლოს გასვლა სათათბირო ოთახში
განსასჯელის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.“.
70. 498-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
71. 501-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 501. სისხლის სამართლის საქმის გაგზავნა დამატებითი გამოძიებისათვის
თუ პროკურორი შუამდგომლობს განსასჯელისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენას, მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება) სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის გაგზავნის თაობაზე და საქმეს უბრუნებს პროკურორს.“.
72. 509-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;“.
73. 512-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) ბრუნდება სასამართლო სხდომის დარბაზში და თავმჯდომარე ან რომელიმე მოსამართლე აცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.“.
74. 519-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 519. სააპელაციო გასაჩივრების საგანი
სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც, აპელანტის აზრით, დაუსაბუთებელია. განაჩენის, სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაში იგულისხმება ის, რომ არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს და იგი უნდა განიხილოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, თუ სადავო ხდება განაჩენის დასაბუთებულობა ან/და კანონიერება.“.
75. 520-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
76. 523-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.“.
77. 528-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.“.
78. 529-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააპელაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული. მასში აღინიშნება:
ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საპროცესო მდგომარეობა;
გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი;
დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი;
ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა;
ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;
ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ;
თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.“.
79. 531-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
80. 533-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 533. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში
1. სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული.
2. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.
3. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.
4. აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იყო კანონის არსებითი დარღვევით და მხარე შუამდგომლობს ამგვარი მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას ან სასამართლო, თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, რასაც კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით შეიძლება დაიკითხოს ასევე სასამართლოს ინიციატივით.“.
81. 536-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აჩერებს სასამართლო განხილვას;
ბ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს სასამართლოს კერძო განჩინებას დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებათა შესახებ;
გ) აკმაყოფილებს ან უარყოფს კერძო სააპელაციო საჩივრებს;
დ) აკმაყოფილებს ან უარყოფს ყველა სხვა საჩივარს, რომლებიც ამ კოდექსის მიხედვით შეიძლება შეიტანონ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.“.
82. 540-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
83. 542-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.
84. 547-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენის, განჩინებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების უკანონობაში იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევა, რომელიც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ან რომელიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; მსჯავრდებულის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.“.
85. 550-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.“.
86. 551-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 551. საკასაციო საჩივრის შეტანისა და განხილვის ვადები
1. საკასაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს ამ კოდექსის 524-ე მუხლით დადგენილი წესები.
2. საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.“.
87. 561-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.“.
88. 602-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (დადგენილება), სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (განჩინება), ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.“;
ბ) მე-2 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
89. 603-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
90. 604-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაჩენის, განჩინების ან დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განკარგულებას მოსამართლე (სასამართლო) სასამართლო გადაწყვეტილების ასლებთან ერთად უგზავნის განაჩენის აღმსრულებელ ორგანოს.“.
91. 6061 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განხილვა წარმოებს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.“.
92. 607-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის, ახლო ნათესავის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით.“.
93. 610-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით.“.
94. 612-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
95. 616-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.“.
96. 617-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის გამო ან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.“;
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად.“;
დ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„8. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.“.
97. 618-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
98. 620-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სასჯელის სახე (ძირითადი და დამატებითი) და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყების და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.“.
99. 623-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 623. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება
განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 607-ე–611-ე, 618-ე–619-ე და 622-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს 517-ე–545-ე მუხლებით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში სასამართლო განხილვაში პროკურორი არ მონაწილეობს.“.
100. 634-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროკურორს უფლება აქვს ჩაებას კერძო ბრალდების საქმეში და მხარი დაუჭიროს ბრალდებას სასამართლოში, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესები ან მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქმეში პროკურორის ჩაბმა დაზარალებულს არ ართმევს ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს.“.
101. 639-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 639. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი
1. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებით და ქვემოთ მოყვანილი მუხლების მიხედვით.
2. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 წლის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემდეგ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად.“.
102. 652-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ ამ კოდექსის 151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წელზე მეტი ვადით, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.“.
103. 653-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
104. 6791 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.“.
105. 680-ე მუხლის:
ა) მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. 2007 წლის 1 იანვრიდან რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.“;
ბ) მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 2007 წლის 1 იანვრამდე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით განიხილოს ერთპიროვნულად სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.“.
106. 6802 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6802. დამცველის (ადვოკატის) საქმიანობის შეზღუდვა სისხლის სამართლის პროცესში
პირებს, რომლებსაც არა აქვთ მიღებული ადვოკატის სერტიფიკატი და არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ დამცველის (ადვოკატის) უფლებამოსილების განხორციელება სისხლის სამართლის პროცესში.“.
107. 6804 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-11 ნაწილები:
„10. 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე.
11. 2006 წლის 1 ივნისიდან, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 3 თვემდე.“.
108. 6806 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6806. წინასწარი პატიმრობისა და სასამართლო პატიმრობის დროებითი ვადები
1. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება მოქმედებს მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე.
2. 2006 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსტანციის სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში განხილვისას ამ კოდექსის 6804 მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე.
3. თუ 2006 წლის 1 იანვრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში შესულ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი (დადგენილება), რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე, ხოლო საკასაციო სასამართლოში საკასაციო წესით საქმის განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“.
109. 681-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 162-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილები და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში გამოსცეს ბრძანებულება სასამართლო ხარჯების გამოთვლის წესის თაობაზე.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2936–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები