„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2886
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 28/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.03.001.002.206
  • Word
2886
14/04/2006
სსმ, 10, 28/04/2006
480.140.000.03.001.002.206
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) კორექტირება – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის შემთხვევაში ქართული თარგმანის შესწორება.“.

2. 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ და „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში“.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირება

    მუხლი 341. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები თარგმანის კორექტირების შესახებ თავიანთ წინადადებებს წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ქართულ თარგმანში შესწორებების შეტანასა და შესწორებული თარგმანის ოფიციალურად დამოწმებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ან საქართველოს პარლამენტმა გამოხატა თანხმობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

4. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს პარლამენტმა გამოხატა თანხმობა, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას უნდა დაერთოს საერთაშორისო ხელშეკრულების უცხოენოვანი აუთენტური ტექსტი და მისი შესწორებული, ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანი.

    მუხლი 342. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება

1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა.

2. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა.

    მუხლი 343. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შედეგები

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირება გავლენას არ ახდენს საქართველოს იმ უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს ამ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან.

    მუხლი 344. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ შეტყობინება

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ატყობინებს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ სამინისტროს.

    მუხლი 345. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებული ტექსტის რეგისტრაცია და გამოქვეყნება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებულ ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის 26-ე მუხლის თანახმად გადასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში შესატანად და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებული ტექსტი ოფიციალურად ქვეყნდება ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 აპრილი.

№2886–Iს