დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400.010.020.05.001.002.489 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 2000 წელი, მუხ. 114) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“.
2. პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ადგენს საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების კომპლექსური და რაციონალური გამოყენების სამართლებრივ სტატუსს და უზრუნველყოფს სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების მდგრადობას; აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის; აწესებს სახელმწიფო კონტროლისა და პასუხისმგებლობის ფორმებს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში ეროზიული და აბრაზიული პროცესების გამომწვევ საქმიანობაზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემა – დოკუმენტი, რომელიც ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების საზღვრებს, სანაპირო ზონის სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტს და განსაზღვრავს პრევენციულ ნაპირდაცვის ღონისძიებებს;
ბ) ზღვის კიდის ხაზი – წყნარი ზღვის პირობებში ხმელეთისა და წყლის გამმიჯნავი ხაზი;
გ) ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან;
დ) მდინარის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს მდინარის კალაპოტსა და ჭალას. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან;
ე) წყალსატევის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს წყალსატევის აკვატორიას და ხმელეთის არა უმეტეს 100 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან;
ვ) მდინარის ჭალა – მდინარის ხეობის ის ნაწილი, რომელიც იტბორება მხოლოდ წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს;
ზ) მდინარის კალაპოტი – მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში;
თ) მკაცრი ზედამხედველობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის – ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს; წყალსატევის სანაპიროსათვის – წყალსატევის მთლიან აკვატორიას და ხმელეთის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მაქსიმალური ზვირთცემისას იფარება წყლით; მდინარის სანაპიროსათვის – მდინარის კალაპოტს;
ი) მუდმივი მეთვალყურეობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახმელეთო საზღვრებს შორის;
კ) ნაპირის ეროზია – ზღვისა და წყალსატევის ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური წარეცხვის პროცესი; მდინარის ნაპირის წყლის ნაკადით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და წარეცხვის პროცესი;
ლ) ნაპირის აბრაზია – ზღვისა და წყალსატევის ძირითადი (კლდოვანი) ქანებით აგებული ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და დაშლის პროცესი;
მ) პლაჟი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზოლის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზვირთცემის მუდმივ ზემოქმედებას და აგებულია მუდმივად დეფორმირებადი სხვადასხვა ფრაქციული შემადგენლობის ფხვიერი მასალით;
ნ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზა – სანაპიროს ფიზიკურ მახასიათებელთა რაოდენობრივ და თვისებრივ მაჩვენებელთა ერთობლიობა, რომელიც იძლევა მისი მდგრადობის შეფასების საშუალებას;
ო) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონიტორინგი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მდგრადობაზე მუდმივი მეთვალყურეობა, ამ ზონაში ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული ცვლილებების დროული გამოვლენა და ზონის მართვის სისტემის უზრუნველყოფა;
პ) სანაპიროს მორფოდინამიკა – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზედაპირის რელიეფწარმომქმნელი პროცესების განვითარება დროსა და სივრცეში;
ჟ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფი – კალაპოტის ის ნაწილი, რომელიც მდინარის ნაგებობით გადაკეტვისას შეტბორილი წყლით იფარება და ხდება მყარი ნატანის დაგროვება;
რ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ს) მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და რომელიც ემსახურება საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა სანაპირო ზონების დაცვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას.
მუხლი 3. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში უზრუნველყოს:
ა) მშენებლობასა და რელიეფწარმომქმნელი ბუნებრივი რესურსების (ინერტული მასალა, ტორფი, კლდოვანი ქანები) მოპოვებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესების მართვა, ტერიტორიული რესურსების მდგრადი განვითარება;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის შესაბამისობა ნაპირდაცვის ღონისძიებების მოთხოვნებთან;
გ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის საზღვრების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
3. II და III თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II
სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის სამართლებრივი საფუძვლები
მუხლი 4. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის სამართლებრივი საფუძვლები
სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებისას და მისი ბუნებრივი რესურსების დაცვისას წარმოქმნილი ურთიერთობანი რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 5. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიები და მათი საზღვრები
1. ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიების საზღვრები დგინდება ჰიდროლოგიური, ოკეანოგრაფიული, გეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებით, ზღვის კიდის ხაზის მორფოდინამიკური განვითარების გათვალისწინებით.
2. სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრებს შეიმუშავებს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი, რომელსაც შესაბამის დაინტერესებულ უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
თავი III
სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახელმწიფო მართვა
მუხლი 6. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ტერიტორიების საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები
1. მკაცრი ზედამხედველობის ზოლში კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები რჩება საკუთრებაში და მათი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. პლაჟების გადაცემა კერძო საკუთრებაში (გარდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევებისა) აკრძალულია.
მუხლი 7. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახელმწიფო მართვა
1. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახელმწიფო მართვის მიზანია:
ა) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სტაბილური და დაბალანსებული განვითარება, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას გარემოს დაცვისა და ეკონომიკური ინტერესების შეთავსება;
ბ) უარყოფითი ეფექტის მქონე ეროზიული და აკუმულაციური პროცესების დროული პროგნოზირება და ოპერატიული ლიკვიდაცია ან ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა.
2. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზა სამეურნეო საქმიანობის კონტროლის მიზნით;
ბ) შეიმუშაოს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენებისაგან თავდაცვის პრევენციული და ამ პროცესებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.
მუხლი 8. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შექმნა და მონიტორინგი
1. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ბუნებრივი ელემენტებისა და ტექნოგენური ობიექტების შესახებ მონაცემთა ბაზა იქმნება ტერიტორიის კომპლექსური შეფასების, სამოქალაქო, სამეურნეო და სხვა ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად და გარემოს დაცვის ოპტიმალურ ღონისძიებათა გასატარებლად.
2. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონიტორინგი ხორციელდება მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტის მქონე ეროზიული და აკუმულაციური პროცესების სალიკვიდაციო გეგმების შესამუშავებლად და ნაპირდაცვის ღონისძიებების გასატარებლად.
მუხლი 9. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში სამეურნეო საქმიანობის მარეგულირებელი წესები
1. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს სამინისტრო ნებართვის გაცემის პროცესში და გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია სავალდებულო დასკვნისათვის.
2. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ნაპირის მოსალოდნელი დაზიანების საკომპენსაციო ხარჯები.
3. პლაჟის გამოყენება სამკურნალო და რეკრეაციული მიზნით არ იზღუდება. დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა (შეღობვა) კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით.
4. მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია ტერიტორიით სარგებლობა დროებითი ნაგებობების განსათავსებლად.
5. აკრძალულია ზღვის, წყალსატევისა და მდინარის მკაცრი ზედამხედველობის ზოლებში ინერტული მასალის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი ხორციელდება ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით.“.
4. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი და ნაპირდაცვის ღონისძიებათა დაფინანსება“.
5. მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი
1. მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი არის ამ კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და დებულებით.
2. მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობების სფეროში:
ა) ადგენს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალურ სქემებს, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტებს;
ბ) ახორციელებს ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობების ორგანიზებას;
გ) ახორციელებს მონიტორინგს სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში.
3. მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მცურავი საშუალებანი საქართველოს პორტებში დგომისას და მუშაობისას მომსახურების საფასურს იხდიან, როგორც სასამსახურო და სამეცნიერო-კვლევითი მცურავი საშუალებანი.
მუხლი 11. მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის დაფინანსების წყაროები
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის დაფინანსება ხორციელდება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;
ბ) პროგრამული დაფინანსების სახსრებით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
მუხლი 12. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობა სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში იწვევს უარყოფითი ეფექტის მქონე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებს, ვალდებული არიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.
6. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სანდის“ („საქნაპირდაცვის“) შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 აგვისტოს №386 ბრძანებულება.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის სსც „საქნაპირდაცვის“ შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 9 იანვრის №1 ბრძანება.
3. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „საქნაპირდაცვა“, შევიდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის სტრუქტურაში და მის ბალანსზე არსებული ქონება გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს.
4. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „საქნაპირდაცვის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
5. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრმა შეიმუშაოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების პროექტი „სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ და წარუდგინოს მინისტრს დასამტკიცებლად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4131–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები