განჩინება შპს „დიღმის კომუნალური სამსახური“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „დიღმის კომუნალური სამსახური“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15025-2014
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 03/11/2014
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/15025-2014
03/11/2014
ვებგვერდი, 18/11/2014
განჩინება შპს „დიღმის კომუნალური სამსახური“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/15025-2014

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით, საწარმო დაფუძნებულია სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით და არის შპს ,,ფოთი-2000”-ის, შპს ,,ჭიათურის სასტუმროს“, შპს ,,საფეხბურთო კლუბი დილას“, შპს ,,გვირილას“, შპს ,,ახალციხეს“, შპს ,,ალვანკომგაერთიანებას“, შპს ,,მცხეთის მევენახეობის მეურნეობას“ და შპს ,,რველი XXI”- ს სამართალმემკვიდრე. საწარმო არ ფუნქციონირებს, არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ აქვს. მოვალის სახელზე ირიცხება: 1) ავტომანქანა ,,ზილ-მმზ 4502” სახ. ნომრით ,,QQQ-294”, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია; 2) სატუმბი სადგური; 3) ელ.ძრავი და ტუმბო; 4) წყლის რეზერვუარი; 5) ძალოვანი ტრანსფორმატორი; 6) წყალსატუმბი ხაზები; 7) ორი ტრაქტორი; 8) ავტომანქანა ,,მაზ-5549”; 9) ავტომანქანა ,,კავზ-685”; 10) ავტომანქანა ,,გაზ-538”; 11) ავტომანქანა ,,გაზ-52”; 12) ავტომანქანა ,,გაზ-24”; 13) მობილური ტელეფონი ,,ერიკსონი”. მოვალეს არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორი არის შემოსავლების სამსახური.

  მეურვის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციის მიხედვით, შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“ ქონების დაყადაღება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 10 იანვრის №14/04-4808 ბრძანების საფუძველზე. საქმე გადაცემული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის. აღმასრულებლის მიერ აღნიშნული ქონებიდან მოძიებული იქნა მხოლოდ ელ. ძრავი, ტუმბო, ძალოვანი ტრანსფორმატორი და მობილური ტელეფონი ,,ერიკსონი” და რეალიზებული იქნა აუქციონზე 2011 წელს.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“ კრედიტორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, მაგრამ მოვალის ქონება მოძიებული ვერ იქნა.

  სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორის განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

 მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახური” თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“ (ს/ნ 236045310) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მომართონ სასამართლოს შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“  მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. 6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                                                                     ლაშა ქოჩიაშვილი