დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2619 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 18/01/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.002.155 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ქონების ჩამორთმევა.“.
2. 41-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. ქონების ჩამორთმევა
1. ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
2. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ეჭვმიტანილისთვის, ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
3. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.“.
4. 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ის, ვინც სასჯელს იხდის გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის, ტუსაღობის ან თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“.
5. 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“.
6. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. სასჯელისაგან გათავისუფლების ამ მუხლით დადგენილი საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე.“.
7. 194-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, ფლობა, სარგებლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ჯგუფურად;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო შემოსავლად არ ჩაითვლება საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულით მიღებული შემოსავალი, აგრეთვე შემოსავალი ხუთი ათას ლარამდე.
2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.“.
8. 214-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 344-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. 377-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 377. აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება
1. აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, ანდა დაყადაღებული ფულადი საშუალებით (ანაბრით, ანგარიშით) საბანკო ოპერაციის განხორციელება საკრედიტო ორგანიზაციის მოსამსახურის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან ტუსაღობით ვადით სამიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
2. ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა ან განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2619–რს
დოკუმენტის კომენტარები