დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2546 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 18/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.002.125 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აწარმოონ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი, განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია და დალუქვა, აკონტროლონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XII1 თავი:
„თავი XII1. მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება
მუხლი 971. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება
1. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებით.
2. საკონტროლო-სალარო აპარატები უნდა იყოს ქართულენოვანი, ფისკალური მეხსიერების მქონე, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი, ტექნიკურად გამართული, საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, მათი ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებს, სახელმწიფო რეესტრის წარმოების, საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის და საკონტროლო-სალარო აპარატების (მათ შორის, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების) დალუქვის წესებს, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოებისა და რეგისტრაციის წესებს, აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:
ა) პირები მომხმარებლებთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი;
ბ) ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენენ პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას – საქმიანობის ამ ნაწილში;
გ) მეწარმე ფიზიკური პირები – ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში;
დ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები, რომლებსაც ამ კოდექსით არ აქვთ საგადასახადო ორგანოში მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის ვალდებულება;
ე) პირები, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით;
ვ) პირები, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით – საქმიანობის ამ ნაწილში;
ზ) მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარების ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდებიდან/მაგიდებიდან – საქმიანობის ამ ნაწილში.
5. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა უნდა უზრუნველყონ:
ა) საქართველოს კანონმდებლობით საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესების დაცვა;
ბ) საქონლის/მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებელზე საკონტროლო-სალარო აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის გაცემა (იმ შემთხვევის გარდა, როცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიცემა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს.
6. ამ თავისა და ამ კოდექსის 139-ე მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით (სრულად ან ნაწილობრივ) ანაზღაურებს მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახდელ თანხას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანხა ანაზღაურდება მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული საქონლის/მომსახურების ღირებულების დასაფარავად.
მუხლი 972. მომხმარებელთა უფლებების დაცვა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისას
საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გასაყიდი საქონლის/მომსახურების ფასი გამოცხადდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ფასის მაჩვენებლები (პრეისკურანტები) გამოიკვრება მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1101 მუხლი:
„მუხლი 1101. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი
საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.“.
4. 119-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას (გარდა საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა) და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ინსპექციაში ან სამართალდარღვევის აღმოჩენის ადგილზე საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს სახელმწიფო ენაზე.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ოქმს ხელს აწერენ საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი (მათი ადგილზე ყოფნის შემთხვევაში), აგრეთვე მოწვეული სპეციალისტი ან სხვა პირი, თუ ისინი მონაწილეობენ საგადასახადო კონტროლის პროცედურებში. გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის ან მათი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.“.
5. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 127. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელთან/სხვა ვალდებულ პირთან ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას (გარდა საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა) ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
3. ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის დასახელება;
ბ) მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი;
გ) მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო;
დ) ოქმის შემდგენი პირისა და იმ პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი, რომლებმაც გამოავლინეს სამართალდარღვევა;
ე) მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მისამართი;
ვ) მოქმედების შინაარსი და მისი ჩატარების თანამიმდევრობა;
ზ) მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი, საქმესთან დაკავშირებული არსებითი ფაქტები და გარემოებები.
4. ოქმი გასაცნობად წარედგინება მოქმედების მონაწილე ყველა პირს. მათ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები. ისინი აისახება ოქმში.
5. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პირი და სამართალდარღვევის ჩამდენი გადასახადის გადამხდელი/სხვა ვალდებული პირი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო თუ არიან მოწმეები, ოქმს შეიძლება მათაც მოაწერონ ხელი.
6. თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
7. ოქმის ერთი პირი გადაეცემა სამართალდარღვევის ჩამდენს.
8. საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი სამართალდარღვევები ფიქსირდება საგადასახადო შემოწმების აქტში (ამ შემთხვევაში არ დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი), რომელშიც აისახება ყველა საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი.
9. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;
ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;
გ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები.
10. საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ვალდებულია დაადგინოს:
ა) ჩადენილი იყო თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევა;
ბ) ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში;
გ) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
11. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 დღისა საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანება უნდა შეიცავდეს:
ა) ბრძანების გამომცემი საგადასახადო ინსპექციის დასახელებას;
ბ) საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს და ხელმოწერას;
გ) ბრძანების გამოცემის თარიღსა და ადგილს;
დ) საგადასახადო ინსპექციის სარეგისტრაციო ნომერს;
ე) თუ სანქცია გამოიყენება – საგადასახადო კანონმდებლობის ნორმას, რომლის საფუძველზედაც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ოქმში არასწორად არის მითითებული ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიყენება სანქცია, ბრძანებაში უნდა აისახოს შესაბამისი ნორმები და მათ საფუძველზე გაანგარიშებული თანხები (თუ აუცილებელია თანხის კორექტირება);
ვ) საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას;
ზ) თუ სანქცია გამოიყენება – გამოსაყენებელი სანქციის ოდენობას;
თ) მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს;
ი) თუ სანქცია არ გამოიყენება – სანქციის გამოუყენებლობის დასაბუთებას.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული ვადის დარღვევით გამოცემული ბრძანება ჩაითვლება იურიდიული ძალის არმქონედ.
13. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახადო სანქცია, რომელიც წარმოადგენს ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომას.
14. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ ბრძანებას ხელს აწერს საქმის განმხილველი საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე.
15. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე საგადასახადო ინსპექცია აქტის შედგენიდან 30 დღის ვადაში იღებს ერთიან გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით.
16. გადასახადის გადამხდელს/სხვა ვალდებულ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, წერილობით ეცნობება ამ გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო საგადასახადო სანქციის გამოყენების შემთხვევაში წარედგინება „საგადასახადო მოთხოვნა“ ამ კოდექსის მე-80 მუხლით დადგენილი წესით.“.
6. 133-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
7. 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 139. მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევა
1. მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობა, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსით, –
იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10 000 ლარის ოდენობით.
4. მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოუყენებლობა, –
იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემდეგ, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 500 ლარის ოდენობით.
7. საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის განზრახ მოხსნა ან საკონტროლო-სალარო აპარატის იმგვარი გამოყენება, რომ შესაძლებელი გახდა მის ფისკალურ მეხსიერებაში შეღწევა ან ამ მეხსიერებაზე სხვაგვარი ზემოქმედება, –
იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
8. ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე მუშაობა, –
იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
9. ამ მუხლის მე-7 ან მე-8 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით.
10. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება, –
იწვევს დაჯარიმებას ფაქტობრივად გადახდილ თანხასა და ჩეკში აღნიშნულ თანხას შორის დაფიქსირებული სხვაობის 100-მაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.
11. ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, თუ მათ საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე შეტყობინება გაუგზავნეს საგადასახადო ორგანოს დაზიანების დაფიქსირებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
12. პირი ვალდებულია საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.
13. ამ მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ღონისძიებები.“.
8. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 143. დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება (გადაზიდვა) და აღურიცხაობა
1. ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილი ან მიწოდებული საქონლის (გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციისა) სასაქონლო ზედნადების (მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში გამარტივებული ზედნადების) გარეშე ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას), ხოლო სხვა ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას – საქონლის საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) გადასახადის გადამხდელს ჯარიმის სახით გადახდება შესაბამისად სასაქონლო ზედნადების ან შემოტანილი საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით დღგ-ის გარეშე (ხოლო აქციზის გადამხდელს – აქციზისა და დღგ-ის გარეშე). ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოებს უფლება აქვთ ჯარიმის თანხის გადახდევინებამდე ან დაუჯარიმებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე განახორციელონ ასეთი წესით ტრანსპორტირებულ (გადაზიდულ) საქონელზე ყადაღის დადება და შესაბამისი პირისათვის შესანახად გადაცემა. დაყადაღების, დაჯარიმების და შენახვის პროცედურები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება (გადაზიდვა) მოიცავს სასაქონლო ზედნადების არასრულად შევსების შემთხვევასაც, კერძოდ, როდესაც სასაქონლო ზედნადებში (გარდა შესაბამის შემთხვევაში გამარტივებული ზედნადებისა, რომელიც სრულად შევსებული უნდა იყოს) არ არის ასახული ქვემოთ ჩამოთვლილი რეკვიზიტებიდან ერთ-ერთი:
ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;
ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (არაგადამხდელი ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);
გ) ინფორმაცია ტვირთის გადამზიდველის შესახებ (სატრანსპორტო საშუალების სახე, მარკა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი);
დ) ინფორმაცია საქონლის შესახებ (საქონლის დასახელება და რაოდენობა);
ე) ტრანსპორტირების (გადაზიდვის) დაწყებისა და დამთავრების ადგილები, მისამართების ჩვენებით;
ვ) ტვირთის გამყიდველის ან/და ტვირთის გამგზავნის ხელმოწერა ტვირთის გადამზიდველისათვის ჩაბარების შესახებ;
ზ) ტვირთის გადამზიდველის ხელმოწერა ტვირთის მიღების შესახებ.
3. სამეურნეო ოპერაციის დამთავრებიდან (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მიღების, შენახვის ან მიწოდების ყველა ეტაპზე) არა უგვიანეს 45 დღისა, საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ან/და სასაქონლო ზედნადების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გამოვლენის შემთხვევაში, ხოლო სხვა ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას – საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გამოვლენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს/სხვა ვალდებულ პირს გადახდება შესაბამისად საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი ან/და სასაქონლო ზედნადების გარეშე ან საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება საბაზრო ფასებით დღგ-ის გარეშე (ხოლო აქციზის გადამხდელს/სხვა ვალდებულ პირს – აქციზისა და დღგ-ის გარეშე). აღნიშნული სანქცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაზე არსებობს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადახდება იმ გადასახადის გადამხდელს/სხვა ვალდებულ პირს, რომლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც აღმოჩნდება სხვა პირის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, რომელზედაც არ არსებობს ამ ტერიტორიაზე განთავსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გამოვლენად ჩაითვლება საქონლის როგორც ფიზიკური, ისე დოკუმენტების (მათ შორის, საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი სხვა სათანადო ინფორმაციის) მიხედვით გამოვლენა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღურიცხავად არ ჩაითვლება და გადასახადის გადამხდელზე/ სხვა ვალდებულ პირზე სანქცია არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მისი რეალიზაციის, გადაცემის ან სხვა სახით გამოყენების შესახებ სათანადო ინფორმაცია ჩართულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციაში.
6. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში ნაღდი ანგარიშსწორებით საბაზრო ფასებით (აქციზისა და დღგ-ის გარეშე) განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.
9. 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.
10. 281-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. 2005 წლის 1 მარტიდან „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის ამოქმედების დღემდე არსებულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია არ დაეკისრებათ, ხოლო იმ გადამხდელებს, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ ჰქონდათ საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალი ან საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალში აღურიცხავი ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, რის გამოც საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მათ მიმართ გამოყენებულია სანქცია, სანქცია მოეხსნათ იმ საქონლის ნაწილში, რომელზედაც არსებობს საბაჟო დეკლარაცია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან რომელიც ასახულია პირველად დოკუმენტებში, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი სანქციის თანხა გადამხდელს უბრუნდება ამ კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-7 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 27 დეკემბერი.
№2546–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები