დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.030.000.05.001.002.111 |
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. პოლიციელის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიციელის სოციალურ დაცვას.
2. პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
3. პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
4. პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგოებისაგან.
5. პოლიციელს ხელფასის გარდა მიეცემა ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია, რომელთა გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
6. პოლიციელი შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
7. სამსახურიდან დათხოვნილ პოლიციელს ეძლევა ერთდროული დახმარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. პოლიციელის წლიური შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.
9. ზიანი, რომელიც მიადგა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 ათასი ლარისა. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
11. პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 ათასი ლარისა.
12. პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, საწვავით უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
13. პოლიციელთა საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. პოლიციელის და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2493-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები