ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2656-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.017511
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

კარი I.  ზოგადი ნაწილი

თავი I.  ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის მიზნები

ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და მისი მდგრადი გამოყენებისათვის უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად;

ბ) გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს დაცვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის უარყოფითი გავლენისაგან;

გ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციით, მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმითა“ და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

დ) ხელი შეუწყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას;

ე) შექმნას სამართლებრივი საფუძველი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მეცნიერული კვლევისათვის.

საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფერო).

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ეს კანონი აწესრიგებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის:

ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას;

ბ) გარემოში ინტროდუქციას;

გ) საბაზრო ქსელში განთავსებას;

დ) ტრანსპორტირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას.

3. ამ კანონის მოქმედების სფერო არ მოიცავს:

ა) გენმოდიფიცირებული პროდუქტის საბაზრო ქსელში განთავსების საკითხებს;

ბ) იმ სამკურნალო საშუალებებთან (ფარმაცევტულ პროდუქტებთან) დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც შეიძლება იყოს ან/და შეიცავდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ან მათ ინგრედიენტებს.

 

მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და  შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ცოცხალი ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

გ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;

1) თავისუფალ ზონად გამოცხადება – საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტის აკრძალვა;

დ) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება – სამეცნიერო-კვლევითი ან ექსპერიმენტული მიზნით დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ფიზიკური სტრუქტურის ფარგლებში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე განხორციელებული ან გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ოპერაცია/მანიპულაცია (მისი მიღების, შენახვისა და ნარჩენის სახით განთავსების ჩათვლით), რომელიც მოითხოვს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოსთან კონტაქტის ეფექტიანი შეზღუდვის და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფის სპეციალური პირობების დაცვას;

ე) გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შეტანა;

ვ) საბაზრო ქსელში განთავსება – ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს მესამე პირისათვის (მათ შორის, საბოლოო მომხმარებლისათვის) ხელმისაწვდომს ხდის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმი გამიზნულია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის;

ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს;

თ) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება – ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი გადაადგილება ერთი სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებული რაიონიდან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ რაიონში ან მისი გავლით, ან იმ რაიონში ან იმ რაიონის გავლით, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ პირობით, რომ ამ რაიონში ასეთი გადაადგილება შედის არანაკლებ ორი სახელმწიფოს ინტერესებში;

ი) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვისა და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;

კ) ბიომრავალფეროვნების კონვენცია – რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით;

ლ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი – მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი“, რომელსაც საქართველო შეუერთდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბრის №305–IIს დადგენილებით;

მ) ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმი – ბიომრავალფეროვნების კონვენციითა და ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული ბიოუსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფის საშუამავლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ მეცნიერული, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი ინფორმაციისა და გამოცდილების სახელმწიფოთა შორის გაცვლას;

ნ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ო) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „გარემო“ და „მდგრადი განვითარება“ აქვს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1696   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპები

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპებია:

ა) ზიანის პრევენციის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენება ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე დონისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსალოდნელი არ არის მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი, დაუყოვნებელი ან გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;

ბ) სახელმწიფოს მიერ ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი  – სახელმწიფო ორგანოებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი რეგულირების, საფინანსო პოლიტიკის, განათლების, ინფორმაციით უზრუნველყოფისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმების მეშვეობით, დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის კონტროლი;

გ) ბიოეთიკის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინტერესთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის, გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა;

დ) (ამოღებულია - 02.03.2016, №4799);

ე) უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებისას სრული მეცნიერული კვლევების არარსებობა არ უნდა გახდეს გარემოს დეგრადაციის აღსაკვეთად ეფექტიანი ეკონომიკური ზომების მიღების გადადების მიზეზი;

ვ) პასუხისმგებლობის პრინციპი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დამრღვევის პასუხისმგებლობას დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით;

ზ) საჯაროობისა და საზოგადოების მონაწილეობის პრინციპი – საზოგადოებას უფლება აქვს, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ და დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ დებულებებით.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

ბ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ერთიანი სისტემის ორგანიზება; 

გ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;

დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა და საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2.  (ამოღებულია - 02.03.2016, №4799) .

3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

კარი II.  ძირითადი ნაწილი

თავი II.  გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირება

 

მუხლი 7. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელება

1. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაცია და საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაციასა და საერთო ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამინისტრო.

2. საქართველოს მთავრობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი ჩაკეტილ სისტემაში მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს.

3.  (ამოღებულია - 02.03.2016, №4799) .

4.  (ამოღებულია - 02.03.2016, №4799) .

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

თავი III.  გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება

 

მუხლი 9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება

გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპისა და ზიანის პრევენციის პრინციპის გათვალისწინებით.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 10. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამის ლიცენზიას საჭიროებს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი (შემდგომ – განაცხადი) სამინისტროში შეტანილი უნდა იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადს უნდა ერთოდეს:

ა) ჩაკეტილი სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია;

ბ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) პროექტის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა;

დ) ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები;

ე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება;

ვ) საქმიანობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება;

ზ) მონიტორინგის პროგრამა და ინფორმაცია კონტროლის მეთოდების შესახებ;

თ) გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად;

ი) მაკონტროლებელი ორგანოებისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენის სქემა (შემდგომ – ანგარიშგების სქემა).

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს;

ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან/და სხვა, უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს;

გ) პროექტის ხელმძღვანელსა და ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომელიც აუცილებელია მათი ვალდებულებების შესასრულებლად;

დ) მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას;

ე) დაცულია ყველა სამართლებრივი ნორმა, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 11. ადმინისტრაციული წარმოება

1. სამინისტრო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სამინისტრო ამოწმებს განაცხადის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3.  (ამოღებულია - 02.03.2016, №4799) .

4.  (ამოღებულია - 02.03.2016, №4799) .

5.  (ამოღებულია - 02.03.2016, №4799) .

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 12. გადაწყვეტილების მიღება

1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია პირს ანიჭებს უფლებას, ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განახორციელოს განსაზღვრულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ლიცენზიით დადგენილი პირობების დაცვით.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მიღებისათვის ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

6. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ლიცენზიას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი, უნდა დაერთოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი თავდაპირველი ან ლიცენზიის გამცემის მიერ შესწორებული მონიტორინგის პროგრამა და ინფორმაცია კონტროლის მეთოდების შესახებ, გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმა და ანგარიშგების სქემა.

7. დაუშვებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

9. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება კონტროლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 14. უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ჩაკეტილ სისტემაში გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებით.

2. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალურ მოთხოვნებს. შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება:

ა) უსაფრთხოების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას;

ბ) მოთხოვნები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 15. საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) განსაზღვროს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები და იზრუნოს მათ განხორციელებაზე;

ბ) უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირისა და პროექტის ხელმძღვანელისაგან და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებისათვის მიმართოს სამინისტროს. 

2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირისა და პროექტის ხელმძღვანელის დანიშვნა არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან, შეასრულოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები.

 

მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში სათანადო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) განახორციელოს ზედამხედველობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების უსაფრთხოებაზე და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქმიანობის განმახორციელებელსა და პროექტის ხელმძღვანელს;

ბ) უზრუნველყოს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმის შემუშავება და მისი შესრულების მექანიზმების შექმნა.

3. ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილებები განისაზღვრება საწარმოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საქმიანობის განმახორციელებელი.

 

მუხლი 17. პროექტის ხელმძღვანელი

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას დანიშნოს პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2. პროექტის ხელმძღვანელი ახორციელებს სამუშაოების დაგეგმვას, წარმართვას და მათზე ზედამხედველობას. იგი ვალდებულია:

ა) სამუშაოების შესრულებაში მონაწილე პირებს მიაწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებებისა და რისკების შესახებ და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებების თაობაზე;

ბ) იზრუნოს უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაზე.

3. პროექტის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები განისაზღვრება საწარმოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საქმიანობის განმახორციელებელი.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

თავი IV. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

თავი V.  გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების  რეგულირება

 

მუხლი 21. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების რეგულირების მექანიზმი

ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება რეგულირდება ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული წინასწარი დასაბუთებული შეთანხმების პროცედურით, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 22. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება

1. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი მისი საქართველოს ტერიტორიაზე გარემოში ინტროდუქციისათვის.

11. აკრძალულია ერთ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით საქმიანობის განმახორციელებლის ან იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში 5 კილოგრამზე მეტი ერთი და იმავე სახეობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის განხორციელება.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე მიიღოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია.

3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით პირველ განზრახულ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებამდე იმპორტიორი სამინისტროს წერილობით ატყობინებს ასეთი განზრახვის შესახებ.

4. სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში ამოწმებს ამ შეტყობინების ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას და წერილობით აცნობებს შეტყობინების შემომტანს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესახებ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია პირველადი თანხმობის მისაღებად და შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემდგომი იმპორტისათვის.

5. სამინისტრო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე გასცემს თანხმობას, რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას.

6. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე თანხმობა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება შესაბამისი ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე.

7.აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისათვის/ რეექსპორტისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა)/რეექსპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.

9. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ლიცენზიას არ საჭიროებს და სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ხორციელდება.

10. წინასწარ შეტყობინებას სამინისტროს წარუდგენს ტრანზიტის განმახორციელებელი პირი. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ექსპორტი ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ხდება მისი ექსპორტირება, და დაცულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

11. სამინისტრო ამოწმებს, დაცულია თუ არა გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, და შესაბამისი განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

მუხლი 24. ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმთან ურთიერთობისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო

1. ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებულ ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმთან ურთიერთობისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოა სამინისტრო.

2. სამინისტრო ვალდებულია ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმს მიაწოდოს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) აღნიშნული ოქმის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად – ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აწესრიგებს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის გამოყენების საკითხებს;

ბ) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-17 მუხლით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შესახებ შეტყობინების მიღებისათვის პასუხისმგებელი უწყების საკონტაქტო მონაცემები;

გ) ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დადებული ნებისმიერი ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით;

დ) ინფორმაცია საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განხორციელებული, ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-17 და 25-ე მუხლებით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი და უკანონო ტრანსსასაზღვრო გადაადგილებების შესახებ;

ე) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-15 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – ინფორმაცია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას, ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-11 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში;

ვ) სამინისტროს მიერ განხორციელებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმისაგან მოსალოდნელი საფრთხის შეფასების და ეკოლოგიური მოკვლევების რეზიუმე;

ზ) ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის მე-12 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ.

3. სამინისტრო ახორციელებს ბიოუსაფრთხოების საშუამავლო მექანიზმისგან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და მას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ხდის.

 

თავი VI.  გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირება

 

მუხლი 25. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ზომები

1. საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.

2. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).

3. ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში  მითითებული უნდა იყოს:

ა) რომ იგი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით;

ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე იმ პირის სახელი და მისამართი, რომელსაც ეგზავნება ტვირთი.

4. (ამოღებულია - 02.03.2016, №4799).

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

თავი VII.  გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობა

 

მუხლი 26. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის ღია და ხელმისაწვდომია.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით გათვალისწინებული მოთხოვნები და ამ კანონის დებულებები.

 

მუხლი 27. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი

1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს, რომელშიც აღირიცხება ამ კანონით ნებადართული, ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია. ამ რეესტრის დოკუმენტურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც სპეციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდება.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ნებისმიერი ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს:

ა) იმ პირთა სახელები (იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა) და მისამართები, რომლებმაც სამინისტროში შეიტანეს განაცხადი;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები;

გ) ინფორმაცია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წარმოების ადგილის და მის წარმოებაში მონაწილე პირების შესახებ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის აღწერილობა და ზოგადი მახასიათებლები;

დ) ცნობები შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლების, ადგილმდებარეობის და საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ – მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი საჯარო დოკუმენტია. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, შეუფერხებლად გაეცნოს მას უმოკლეს ვადაში, აგრეთვე მიიღოს მთელი რეესტრის ან მისი გარკვეული ნაწილის ასლი ასლის გადაღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანხის გადახდის შემთხვევაში.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში არ შეიტანება ის ინფორმაცია, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონფიდენციალურ ინფორმაციად არის მიჩნეული.

5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2016 წლის 2  მარტის კანონი  №4799   - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

 

თავი VIII.  გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

 

მუხლი 28. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა  

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებია:

ა) სამინისტრო, რომელიც:

ა.ა) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის შესაბამისად ასრულებს სახელმწიფო საკოორდინაციო ცენტრისა და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებს;

ა.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მართვასა და კონტროლს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში;

ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას;

ა.დ) აწარმოებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს;

ბ)   (ამოღებულია - 07.12.2017, №1696) ;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც:

გ.ა) ახორციელებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს;

გ.ბ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.  

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა მოიცავს:

ა) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

ბ) გარემოსდაცვითი მოთხოვნების, გარემოს დაცვის ნორმების, სახელმწიფო სტანდარტების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და ვეტერინარული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

გ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ანგარიშგების ობიექტურობის/სისწორის კონტროლს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების კონტროლს.

3. თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობით შეიქმნა ან შეიძლება შეიქმნას პოტენციური საშიშროება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება ამ საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1696   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 29. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

           

თავი IX.  ზიანის ანაზღაურება

 

მუხლი 30. ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირება

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების  შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს. მას პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საფრთხის შემცველი მახასიათებლების ზეგავლენით.

3. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.        

5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მესამე პირის წინაშე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააზღვიოს კერძო სადაზღვევო კომპანიაში.

6. საქმიანობის განმახორციელებელს არ დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ ეს ზიანი გამოწვეულია სამოქალაქო არეულობით, საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი მოვლენით ან სხვა ექსტრემალური შემთხვევით, რომლის თავიდან აცილება საქმიანობის განმახორციელებელს არ შეეძლო.

 

მუხლი 31. სახელმწიფოს სუბსიდიური პასუხისმგებლობის პრინციპი

სახელმწიფო უზრუნველყოფს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრას/შემცირებას, თუ ზიანის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება ან მოცემულ სიტუაციაში  უარყოფითი შედეგების სხვაგვარად აღმოფხვრა/შემცირება შეუძლებელია.

 

კარი III.  გარდამავალი და დასკვნითი ნაწილები

თავი X.  გარდამავალი დებულებანი

 

მუხლი 32. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები 

1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების უსაფრთხოების კლასის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“;

ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“;

გ) „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“;

დ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“;

ე)  „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ“;

ვ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზის მეთოდიკისა და საექსპერტო დასკვნის ფორმისა და შედგენის წესის შესახებ“;

ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის შესახებ“.

2. სამინისტრომ 2015 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი და ექსპერტებისათვის დაწესებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიის რეგლამენტი და შემადგენლობა;

გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის ფორმა;

დ) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულება“;

ე) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა;

ვ) 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესი და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობები.

         

მუხლი 33. 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებულ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

1. 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმები 2015 წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში შეტანილი უნდა იქნეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში.

2. ამ კანონის მიზნებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანა არ მიიჩნევა ამავე კანონით გათვალისწინებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემად.

 

თავი XI.  დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 34. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–31-ე და 33-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–31-ე და 33-ე მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 სექტემბერი 2014 წ.

N2656-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.