„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.018178
544
11/09/2014
ვებგვერდი, 22/09/2014
380050000.10.003.018178
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №544

2014 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას არ საჭიროებს:

ა) პირის მიერ (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) ფიზიკური პირის მიერ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვით) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე და 24-ე პუნქტები:

„23. დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა (გარდა, მდინარე რიონის ძირითადი კალაპოტის და მისი შენაკადებისა) ჭალა-კალპოტებიდან და ჭალისზედა პირველი ტერასებიდან, შავი ზღვის შესართავიდან 20 კილომეტრის მანძილზე პირდაპირი ხაზით. მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია, მხოლოდ, იმ შემთხვევებში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების (პლაჟების) აღდგენის მიზნით.

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ამავე დებულების 74 მუხლით გათვალისწინებულ ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაზე.“.

3. 74 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და/ან მდინარეთა რეგულირების, აგრეთვე, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მშენებლობის მიზნით, მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიაზე მოიპოვებს საშენ მასალებს.“.

4. 74 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 და 14 პუნქტები:

„13. ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება დაიშვება, მხოლოდ, 200 000 (ორასი ათასი) მ3-მდე მოცულობის ფარგლებში.

14. ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები (ინფორმაცია):

ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შუამდგომლობა, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ ინფორმაციას:

ა.ა) განსახორციელებელი პროექტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის შესახებ;

ა.ბ) განმცხადებლის ლიცენზიისგან გათავისუფლების აუცილებლობისა და ლიცენზიისაგან გათავისუფლების ფინანსური და ეკონომიკური ეფექტიანობის შესახებ;

ბ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის რუკა - X და Y კოორდინატების მითითებით;

გ) ინფორმაცია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობისა და სახეობის შესახებ;

დ) ინფორმაცია განცხადებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ, ან/და ტერიტორიის, ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მესაკუთრის თანხმობა, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

ე) ამ დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის მე-2 წინადადებით განსაზღვრული განსხვავებული გადასახდელი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის  განსხვავებული გადასახდელი თანხის დადგენის ეკონომიკური და ფინანსური ეფექტიანობის შესახებ.“.

5. 74 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ღვარცოფული წყალსადინარების (ხევები, მდინარეები) მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობისას, რაც განპირობებულია მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, პირი, გარკვეული ვადით, გაათავისუფლოს ლიცენზიისაგან, მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით.“.

6. 74 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 - მე-7 პუნქტები:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, ინფორმაციას, მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ავრცელებს საჯაროდ გამოცხადების და/ან ინფორმაციის სხვა ფორმით გავრცელების საშუალებით. ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტი განიხილავს შესულ განაცხადებს, შეარჩევს დაინტერესებულ პირს და შესაბამისი დასაბუთებული წინადადებით მიმართავს სამინისტროს, საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით, მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღებით დაინტერესებული პირის, გარკვეული ვადით, ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, პირის მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების 74 მუხლის 21 პუნქტით დადგენილი ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის თანხის გადახდის ვალდებულება და დაინტერესებული პირი იხდის, მხოლოდ, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოსაკრებელს.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტზე არ ვრცელდება ამ დებულების 74 მუხლის 13 და 14 პუნქტების მოქმედება.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი