დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კოლხა 2012“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 მარტის #07/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „კოლხა 2012“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1314 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017655 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1314
2014 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კოლხა 2012“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 მარტის №07/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „კოლხა 2012“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კოლხა 2012“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 მარტის №07/03/07 განკარგულების (შემდგომში – განკარგულება) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე საზოგადოებრივი კვების ობიექტის მოწყობა 2014 წლის 15 ივლისამდე;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;
გ) შპს „კოლხა 2012“ (ს/კ №404924882) ვალდებულია, არ დაუშვას ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საზოგადოებრივი კვების ობიექტის პროფილის შეცვლა 2019 წლის 15 ივლისამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „კოლხა 2012“ (ს/კ №404924882) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „კოლხა 2012“-ს შორის 2012 წლის 14 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ამ – განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან, იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამავე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრივატიზებო პირობებს.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები