დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს ,,SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1542 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017669 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1542
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს ,,SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს ,,SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს ,,SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირადად ან/და მესამე პირების საშუალებით, ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება 2017 წლის 1 იანვრამდე, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) 2011 წლის 26 დეკემბრიდან – 2015 წლის 1 იანვრამდე – 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი;
გ.ბ) 2011 წლის 26 დეკემბრიდან – 2017 წლის 1 იანვრამდე – 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „SAYALI“-მ, კანონით დადგენილი წესით, წარადგინოს 2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი არანაკლებ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.“.
2. 2014 წლის 31 დეკემბრამდე, შპს „SAYALI“-მ უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც ასახავს მესამე პირების - The Overseas Private Investment Corporation „OPIC“-ის (უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაცია) და LLC „American Hospital Management Company“-ის (ამერიკული საავადმყოფოების მენეჯმენტის კომპანია) მხრიდან „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს ,,SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959განკარგულების პირველი პუნქტით დადგენილი საპრივატიზებო პირობების შესრულების პროცესში თანამონაწილეობასა და აღნიშნული მიზნით, შპს „SAYALI“-სთან თანამშრომლობას.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „SAYALI“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „SAYALI“-ს შორის 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ მის მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე შესრულდება ამავე ხელშეკრულებით (ცვლილების ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი პირობებით) ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
5. ეს განკარგულება, გარდა მე-2 პუნქტისა და ამ პუნქტისა, ძალაშია მას შემდეგ, რაც შპს „SAYALI“-ს მიერ შესრულდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა.
6. ამ განკარგულების მე-2 და მე-5 პუნქტები ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები