საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3979
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.472
  • Word
3979
14/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
200.000.000.05.001.002.472
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები;“.

2. 41-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებული არიან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით გაიარონ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ადგილმდებარეობის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში;“;

ბ) მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავისი („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გარდა) საქმიანობის ადგილის, მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის ადგილის შეცვლის შესახებ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

3. 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) უზრუნველყონ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოების (მათი ფილიალების), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მათი ფილიალებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოება, ამ კოდექსის შესაბამისად გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაცია (რეესტრის წარმოება) და მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება.“.

4. მე-100 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმო (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსი) ან ორგანიზაცია (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა) ვალდებულია, სახელმწიფო რეგისტრაციიდან ან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს თავისი საქმიანობის ადგილის მიხედვით.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.“.

5. 101-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმო (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსი და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა) ან ორგანიზაცია (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს განცხადებას საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ და სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის, სადამფუძნებლო და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სავალდებულო სხვა დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების თითო ეგზემპლარს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) – განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადასახადის გადამხდელს (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა, რომელთა საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და ვადები დადგენილია ამავე კანონებით) განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამავე ვადაში გადასცეს მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გადასახადის გადამხდელის მოწმობა.“.

6. 122-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა (სამეწარმეო რეესტრით) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრით) გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციისა.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3979–რს