„საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 480040040.22.030.016112
01-174
11/09/2014
ვებგვერდი, 11/09/2014
480040040.22.030.016112
„საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-174

2014 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 (სსმ, №24, 05/03/2010, სარეგისტრაციო კოდი: 480040040.22.030.014278) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,თ) საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული პროგრამა.“;

ბ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11

1. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს  როგორც  პირადად,  ასევე  საფოსტო  გზავნილის  მეშვეობით.  საკონსულო ლეგალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფოსტო გზავნილის მეშვეობით განმცხადებლისათვის მიწოდების შემთხვევაში საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და განაცხადი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ელექტრონული ფორმით განთავსდება საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემაში (შემდგომში - სსმეს პროგრამა).

3. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ აქვს წვდომა სსმეს პროგრამაზე, დაინტერესებული პირი ავსებს სალეგალიზაციო განცხადებას (დანართი №1).

4. დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტის საფოსტო გზავნილის მეშვეობით წარდგენისას  ივსება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სალეგალიზაციო განცხადება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტის პირადად წარდგენისას, არ არის სავალდებულო შეივსოს  ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სალეგალიზაციო განცხადება.

6. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, მათი თარგმნა განხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.

7. საკონსულო ლეგალიზაცია განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლოა განხორციელდეს ასევე სალეგალიზაციო დოკუმენტის თარგმანზეც. მხოლოდ დოკუმენტის თარგმანის საკონსულო ლეგალიზაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სალეგალიზაციო დოკუმენტის დედანი ლეგალიზებულია/აპოსტილით  დამოწმებულია, ან არ საჭიროებს ლეგალიზაციას.

8. უფლებამოსილი პირი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს, არკვევს, ამ წესის შესაბამისად, ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი საკონსულო ლეგალიზაციას, ადარებს ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და აქტზე დასმულ ხელმოწერასა და ბეჭდებს, მათ შორის, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილებას.

9. იმ შემთვევაში, თუ:

ა) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები ან აქტები, ამ წესის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას, უფლებამოსილი პირი აბრუნებს მათ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის სრულყოფილი, უფლებამოსილი პირი ხარვეზის მითითებით აბრუნებს მათ, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ან განუსაზღვრავს განმცხადებელს გონივრულ ვადას ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის;

გ) ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებში არ მოიპოვება სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან ბეჭედი, უფლებამოსილი პირი მოიპოვებს ასეთ ნიმუშებს ან შესაბამის ინფორმაციას კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან;

დ) წარმოდგენილ დოკუმენტსა ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან/და ბეჭედი არ ედრება ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, უფლებამოსილი პირი აბრუნებს წარმოდგენილ დოკუმენტებს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე, ან თუ აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს რეესტრში დაცული მონაცემების სიძველით, გამოითხოვს კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან ხელმოწერებისა და ბეჭდების ახალ ნიმუშებს.

10. საკონსულო ლეგალიზაცია სრულდება ლეგალიზაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაკავშირებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნიმუშების დამატებით გამოთხოვასთან, შესაბამისი ნიმუშების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) მე-13 მუხლის პირველი პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უფლებამოსილი პირის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტის რეგისტრაცია ხორციელდება სსმეს პროგრამის მეშვეობით და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი ავტომატურად. საზღვარგარეთ საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სსმეს პროგრამაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3, დანართი №4) და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე