დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2014 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1524 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017627 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1524
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
2014 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ქვეპროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ (პროგრამული კოდი: 37 01 07) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ანგარიშზე 2014 წლის ვაშლის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
2. სააგენტომ, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 2014 წლის 20 ნოემბრამდე 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს შეისყიდან არანაკლებ 0.10 ლარად, გასცეს სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე - 0.08 ლარის ოდენობით.
3. სააგენტომ, 2014 წლის არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, სააგენტოს წარუდგინონ კანდიდატურები.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას, უზრუნველყოს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.
6. სააგენტომ კომპანიებზე სუბსიდიის თანხა გასცეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩამბარებელი პირი და კომპანია) მიერ არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის სააგენტოსთვის წარდგენიდან არა უგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის „ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 16) დამატება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები