„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3877
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.110.030.05.001.002.445
  • Word
3877
08/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
010.110.030.05.001.002.445
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №42, 29.07.2005 წ., მუხ. 303) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლიანი ფორმით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადაცემა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სპეციალური აუქციონი – აუქციონის ფორმა, რომლის მონაწილეთა მიერ ქონების შესასყიდი ფასის შეთავაზება ხდება ერთჯერადად, წერილობითი სახით. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საპრივატიზებო გეგმა – საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის, ხარისხობრივი (კარგი/მწირი) მონაცემების, მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საწყისი ფასისა და ბეს შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საკომლო წიგნი – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში პირთა ცხოვრებისა და კომლში წევრად ყოფნის ფაქტს.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების მიზნით სპეციალური აუქციონის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. მიწის ნაკვეთების აგეგმვა და ნატურაში გადატანა

იჯარით გაუცემელი საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების აგეგმვას, ნატურაში გადატანასა და საკადასტრო რუკების მომზადებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურებში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.“.

5. მე-14 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იჯარით გაუცემელი მიწების პრივატიზებისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ვალდებულებებია:

ა) საპრივატიზებო მიწის ფართობების შერჩევა და მათი ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად (არანაკლებ 3-ჰექტრიანი ნაკვეთი) დაყოფა (აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე მცირეა);

ბ) საპრივატიზებო გეგმის პროექტის შედგენა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გადაგზავნა დასამტკიცებლად;

გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.“;

გ) მე-2 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო გეგმის პროექტის განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმება და დამტკიცება;“;

გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სპეციალური აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა და აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემა;“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151. სპეციალურ და ღია აუქციონებში მონაწილეობის პირობა

1. სპეციალურ და ღია აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ბე მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასის 30%-ის ოდენობით.

2. ბეს გადახდა სპეციალური და ღია აუქციონების შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე.

3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე არ უბრუნდება.

4. აუქციონში დამარცხებულ და არშემდგარი აუქციონის მონაწილეებს ბე უბრუნდებათ ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დავალების საფუძველზე. საბანკო დაწესებულება პირებს ბეს უბრუნებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დავალების საფუძველზე 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვებული პირი გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში იხდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საფასურს ან საფასურის სულ მცირე 20%-ს და წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდისას. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შესაძლებელია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში – მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრებისა და იპოთეკის უფლებების რეგისტრაციისათვის. თუ გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აუქციონის შედეგები ბათილად ცხადდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.“.

8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. საკუთრებისა და იპოთეკის უფლებების რეგისტრაცია

ამ კანონის საფუძველზე პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრებისა და იპოთეკის უფლებები საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, ერთიანად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების (აღიარების) თაობაზე საგადასახადო ორგანოს ცნობის გარეშე. საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება ასევე იპოთეკის უფლებაში ნებისმიერი ცვლილება ან იპოთეკის უფლების შეწყვეტა.“.

9. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის საფუძველზე განხორციელებულ სანივთო ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 289-ე მუხლებით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობისათვის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის არსებობის აუცილებლობა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი

№3877–IIს