დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 519 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.018139 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში (სსმ, №163, 2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:“. 2. 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 12, 13, 14, 15, 16 და 17 პუნქტები: „12. განსაკუთრებულ შემთხვევაში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 13. სპეციალური ნებართვის მიღებას ექვემდებარებიან აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ახორციელებენ მცურავი საშუალებების გამოყენებით. 14. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის საფუძვლის არსებობისას, როდესაც ეს საქმიანობა ხორციელდება ოკუპირებულ საზღვაო ზონებში მცურავი საშუალებების გამოყენებით, საქმიანობის განმახორციელებელმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ: ა) მცურავმა საშუალებებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლამდე და ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ გაიარონ კონტროლი ბათუმის ან ფოთის ნავსადგურში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მცურავი საშუალებები აღჭურვილი იყოს გამართულად ფუნქციონირებადი ავტომატური იდენტიფიცირების სისტემით (AIS). საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა საზღვაო წყლებში ყოფნის დროს, გემებზე ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (AIS) უნდა იყოს მოყვანილი სამუშაო მდგომარეობაში; გ) მცურავმა საშუალებებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში არ განახორციელონ: გ.ა) მცურავი საშუალების ეკიპაჟის შეცვლა; გ.ბ) მცურავ საშუალებაზე ტვირთის (საქონელი) მიღება, თუ ეს არ არის დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე დადგენილი წესით შეთანხმებულ საქმიანობასთან; გ.გ) მგზავრების აყვანა. 15. 14 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის დროს, ასევე ხორციელდება მცურავი საშუალების შემოწმება (დეტალური ინფორმაცია და მცურავი საშუალების მახასიათებლები, მარშრუტი, საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და ა.შ.) და მასზე მყოფი პირების შემოწმება (მათი ვინაობისა და სპეციალური ნებართვის არსებობის ფაქტის დადგენა). 16. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით გათვალისწინებული კონტროლის გარეშე ან დადგენილი პირობების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის აკრძალვისა და ამავე საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული თანხმობის გაუქმების საფუძველს. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი ატყობინებს საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი თანხმობის გამცემ სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას. 17. 15 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების დროს, თუ გემზე აღმოჩნდება პირი, რომელსაც არ ექნება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს სპეციალური ნებართვის გამცემ ორგანოს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები