დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3766 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 09/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.190.000.05.001.002.431 |
საქართველოს კანონი
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საწარმოო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია), რომელიც დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, ამ კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სახელმწიფო საზედამხედველო (ნორმატიული რეგულირების, პროფილაქტიკური, საკონტროლო და სანებართვო) ფუნქციები და ამ კანონის საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებები;
ბ) სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მათი თანამდებობის პირების, მუშაკების, აგრეთვე მოქალაქეების მიერ ამ კანონით დადგენილ და სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების მოთხოვნათა შესრულებაზე.“.
2. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვებს გასცემს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, ხოლო ნავთობისა და გაზის სექტორში „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვას გასცემს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დასკვნის საფუძველზე.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 პუნქტები:
„4. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, ნებართვის მაძიებელი საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას დამატებით წარუდგენს სამუშაოთა წარმოების პროექტს (სამთო საწარმოსათვის – საბადოს დამუშავების პროექტსა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმას).
5. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვა გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (საექსპლუატაციოდ ახლად გადასაცემი საშიში საწარმოო ობიექტისათვის) საფუძველზე, რომელსაც „ერთი სარკმლის“ პრინციპის საფუძველზე მოიპოვებს ნებართვის გამცემი, რაც ნებართვის მაძიებელს არ ართმევს უფლებას, თვითონ მოიპოვოს აღნიშნული დასკვნა.
6. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვები გაიცემა უვადოდ, ხოლო თუ საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვა გაიცემა სამთომომპოვებელი საწარმოს ექსპლუატაციისათვის, ნებართვის მოქმედების ვადაა 2 წელი.“.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 სექტემბრის №171 დადგენილება „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის შესახებ“.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 24 ნოემბერი.
№3766–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები