დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3642 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 27/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.190.000.05.001.002.415 |
საქართველოს კანონი
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებები და მოვალეობები საწარმოო უსაფრთხოების სფეროში
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებებსა და მოვალეობებს საწარმოო უსაფრთხოების სფეროში განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) საწარმოო ობიექტის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით;
დ) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ წაყენებული მოთხოვნების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ე) მოსახლეობის ინფორმირება ობიექტებზე ავარიებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებში მოქმედებათა გეგმის შესახებ;
ვ) ობიექტზე ავარიის შემთხვევაში მისი ლოკალიზაციისა და აღმოფხვრისათვის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების გადარჩენისათვის, წესრიგის დაცვისა და საწარმოს საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ზ) ობიექტების განთავსების შესახებ საჯარო განხილვების უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთ ტერიტორიებზე განლაგებული ობიექტებისათვის;“.
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ახლად აშენებული ან რეკონსტრუირებული ობიექტი საექსპლუატაციოდ მიიღება დამკვეთის, შემსრულებელი ორგანიზაციის, ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული უფლებამოსილი ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.“.
4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) უფლებამოსილ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია მომხდარი ავარიების შესახებ;“.
5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საწარმოო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 10 ნოემბერი.
№3642–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები