დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3542 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/07/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 04/08/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.002.403 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2271 და 2272 მუხლები:
„მუხლი 2271. წყლის ხომალდის ნაოსნობისათვის საშიშროების შექმნა
1. წყლის ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება ექმნება წყლის ხომალდის ნაოსნობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. წყლის ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას წყლის ხომალდის ნაოსნობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.
3. საზღვაო-სანავიგაციო დანადგარების დაზიანება ან მათი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება წყლის ხომალდის ნაოსნობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.
4. წყლის ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც საშიშროებას უქმნის წყლის ხომალდის უსაფრთხო ნაოსნობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
5. წყლის ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას უსაფრთხო ნაოსნობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.
მუხლი 2272. სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება
1. სტაციონარული პლატფორმის (ხელოვნური კუნძული, დანადგარი ან ნაგებობა, რომელიც დამაგრებულია ზღვის ფსკერზე რესურსების დაზვერვის ან ათვისების, ან სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის) მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სტაციონარულ პლატფორმაზე მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რომელიც საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
2. სტაციონარულ პლატფორმაზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი განადგურება ან დაზიანება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
3. სტაციონარული პლატფორმის განადგურება ან დაზიანება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2311 მუხლი:
„მუხლი 2311. ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მუქარა
ძალადობის გამოყენებით ან ძალადობის მუქარით ბირთვული ნივთიერების მოთხოვნა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
3. 324-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 324. ტექნოლოგიური ტერორიზმი
1. ტექნოლოგიური ტერორიზმი, ესე იგი ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენება ან მისი ხელში ჩაგდების ან/და გამოყენების მუქარა, მათ შორის, ბირთვული, ქიმიური ან ძლიერი ტექნოლოგიური ანდა ეკოლოგიური საშიშროების შემცველი ობიექტის ხელში ჩაგდება, რაც ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ხელისუფლების ორგანოზე, სახელმწიფოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე ზემოქმედების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 ივლისი.
№3542–რს
დოკუმენტის კომენტარები