„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 17/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.05.001.002.394
  • Word
3532
25/07/2006
სსმ, 37, 07/08/2006
070.030.000.05.001.002.394
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 4.07.2001, მუხ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახური

ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი (შემდგომში – პრობაციის დეპარტამენტი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები (შემდგომში – პრობაციის ბიუროები).“.

3. 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. პრობაციის დეპარტამენტი

1. პრობაციის დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. პრობაციის დეპარტამენტის უფლებამოსილებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. პრობაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

4. 22 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. პრობაციის ბიუროები

1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროებს. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – პრობაციის ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

5. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მსჯავრდებული პირის მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი);“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული პირის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.“.

6. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარდგინება სასამართლოში შეიტანება მსჯავრდებული პირის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1 

იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი

    მუხლი 211. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

1. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს შესაბამისი იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის თაობაზე აღნიშვნის მიზნით.

2. თუ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ეხება იურიდიული პირის სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის აკრძალვას, პრობაციის ოფიცერი აცნობებს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებიდან 3 დღის ვადაში.

3. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს იურიდიული პირის მიერ საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას.

4. თუ იურიდიული პირი თავს არიდებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას და აგრძელებს აკრძალულ საქმიანობას, პრობაციის ბიუროს უფროსი, ამ კანონით დადგენილი წესით, მიმართავს სასამართლოს წარდგინებით იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

5. იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი აღსრულების შესაბამისი დებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმის შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელია მათი გამოყენება იურიდიული პირის მიმართ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3532–რს