საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2589-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016113
2589-რს
30/07/2014
ვებგვერდი, 11/08/2014
010250000.04.001.016113
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით. ხელშეკრულებას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის:                                           

ა) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;“;

ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;“.

3. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა 100000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე.“.

4. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. გამგეობა/მერია

გამგეობა/მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის/მერის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას/მერიას ხელმძღვანელობს გამგებელი/მერი. გამგეობა/მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას. გამგეობის/მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.“.

5. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის/მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;

ბ) „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

6. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) გამგეობის/მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას, გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.“.

7. 59-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო  უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხები რეგულირდება მხოლოდ ამ კანონით და ამ კანონის საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით.“.

8. 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის მთავრობის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;“.

9. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „მ“−„ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპურ დებულებებს, აგრეთვე თბილისის მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხებს;

ნ) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს; თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს; თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის სხვა მოსამსახურეებს, გარდა ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ო) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს;“.

10. 77-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფები განისაზღვრება შესაბამისად თბილისის მერიის დებულებით და სტრუქტურული ერთეულის დებულებით და შესაბამისი საშტატო ნუსხით.“.

11. 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად;“.

12. 149-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში.“.

13. 163-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტის პროექტს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ამზადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უზრუნველყონ საკრებულოების თავმჯდომარეთა მოადგილეების რაოდენობის ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ივლისი 2014 წ.

N2589-რს