საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 02/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.002.382
  • Word
3512
25/07/2006
სსმ, 34, 02/08/2006
010.190.030.06.001.002.382
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი, მე-2–მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. დაუშვებელია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.“.

2. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.“.

3. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებამდე პარლამენტის სხდომას (სხდომებს) ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

4. 158-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.“.

5. 161-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXVI3თავი:

„თავი XXVI3

საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე კანონის პროექტის განხილვა და მიღება

    მუხლი 1765

საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

7. 195-ე მუხლის:

ა) მე-8–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დასმის შესახებ მოტივირებული წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

9. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) და დაუყოვნებლივ უგზავნის პრემიერ-მინისტრის მოტივირებულ წინადადებას განსახილველად წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას.

10. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა ბიუროს მიერ საკითხის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა განიხილავენ პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ მთავრობისადმი ნდობის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს).“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11–მე-17 პუნქტები:

„11. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების), სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარმოდგენილი დასკვნების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მთავრობისადმი ნდობის საკითხის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხზე მომხსენებლად გამოდის პრემიერ-მინისტრი.

13. მთავრობისადმი ნდობის საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენისათვის დადგენილი წესით.

14. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით კენჭისყრაზე დგება დადგენილება მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების თაობაზე. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში. ამ ვადაში კენჭისყრის ჩაუტარებლობა ნიშნავს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას.

15. პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისას შესაბამისი კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.

16. თუ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დასმა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან სხდომა.

17. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.“.

8. 198-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას, პასუხი გასცეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წერილობით წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-7 პუნქტები:

„3. მთავრობის წევრს მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი, კომიტეტი ან კომისია.

4. მთავრობის წევრი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არა უგვიანეს 3 დღისა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას აქვს პარლამენტისადმი მიმართვის სურვილი. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს მთავრობის წევრის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის დაუყოვნებლივ დაგზავნას ფრაქციებისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის.

5. მთავრობის წევრის მიმართვა პლენარულ სხდომაზე არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.

6. მთავრობის წევრის მიმართვის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს შეუძლიათ მთავრობის წევრს დაუსვან შეკითხვები მხოლოდ მის მიერ წინასწარ წარდგენილ საკითხებზე. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ მთავრობის წევრი პარლამენტის წევრთა შეკითხვებს ერთობლივად პასუხობს.

7. შეკითხვებზე პასუხის გაცემის დასრულების შემდეგ ამ რეგლამენტის 138-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება გაიმართოს პოლიტიკური დებატები.“.

9. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIII1 თავი:

„თავი XXXIII1

პარლამენტის მიერ სხვა დამოუკიდებელ ორგანოთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა

    მუხლი 2191

1. პარლამენტისათვის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარდგენილ ანგარიშს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

2. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს.

3. ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას.

4. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს ანგარიშთან დაკავშირებით.

5. წამყვანი კომიტეტი (კომიტეტები) ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას, წარმოდგენილ ანგარიშთან ერთად განიხილავს კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის შენიშვნებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს განსახილველად.

6. პარლამენტისათვის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ორგანოს დაკომპლექტებაში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა.

7. თუ კანონით გათვალისწინებული არ არის დამოუკიდებელი ორგანოს დაკომპლექტებაში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა, დამოუკიდებელი ორგანოს მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების) ან ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.

8. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების) დასკვნაში.

9. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.

10. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების) მიერ დანიშნული მომხსენებელი.

11. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.“.

10. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2621 მუხლი:

    ,,მუხლი 2621

1. სავალდებულოა პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა.

2. პარლამენტის აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა, ასევე პარლამენტთან არსებული დაწესებულებების მოსამსახურეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებზე გადაწყვეტილებას, ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით, იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

 მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3512–რს